Thumbnail

ბრაზილიის ნაკრებში ასწლიანი ტრადიცია დაირღვა - ტიტემ ანდრეას პერეირა გამოიძახა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბელგიაში დაბადებულმა 22 წლის ფეხბურთელმა არჩევანი ბრაზილიაზე შეაჩერა
  • ტიტემ მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველს სექტემბრის მატჩებისთვის უხმო
  • ბრაზილიელთა 24-კაციან სიაში მარსელო, ედერსონი, ფერნანდინიო და ჟეზუში არ არიან

მანჩესტერ იუნაიტედის 22 წლის ნახევარმცველი ანდრეას პერეირა ისტორიაში მეოთხე, ხოლო ბოლო ასი წლის განმავლობაში პირველი მოთამაშე გახდა, ვინც ბრაზილიის საზღვრებს გარეთ დაიბადა და ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს.

მანამდე ასეთი ფეხბურთელი ბრაზილიაში სულ სამი იყო: ნახევარმცველი სიდნეი პალენი, რომელიც ინგლისში დაიბადა და "სელესეაოში" 1916/17 წლებში 3 მატჩში გამოჩნდა, პორტუგალიელი მეკარე კაზემირო დო ამარალი, რომელმაც იმავე პერიოდში გუნდის 6 შეხვედრაში ითამაშა და იტალიელი ჰავბეკი ფრანჩესკო პოლისი, რომელმაც 1918 წელს ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ანდრეას პერეირია იმ 24 ფეხბურთელს შორის დაასახელა, რომლებიც აშშ-ისა (8 სექტემბერს) და სალვადორის (12 სექტემბერს) ნაკრებებთან ამხანაგური მატჩისთვის ეროვნულ გუნდში არიან მიწვეულნი. 

ანდრეას პერიერია ბელგიისა და ბრაზილიის მოქალაქეა. ის ბელგიის ქალაქ დიუფელში დაიბადა და თამაშის უფლება ორივე ნაკრებში ჰქონდა. თავიდან ფეხბურთელი ბელგიის ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა, თუმცა მოგვანებით ბრაზილიის 20-წლამდელთა და ახალგაზრდული ნაკრებიდან მიიღო წინადადება, რის შემდეგაც საბოლოო არჩევანი სამხრეთამერიკული გუნდის სასარგებლოდა გააკეთა.

ანდრეას პერეირა 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში სერბეთთან (1:2) გოლს ზეიმობს

როგორც UOL იუწყება, მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდა ფეხბურთელის მიწვევით ბელგიის ნაკრების თავკაცი რობერტო მარტინესიც ინტერესდებოდა.

მანჩესტერ იუნაიტედმა ანდრეას პერეირა 2011 წელს, პსვ ეინდჰოვენის აკადემიიდან შეიძინა. მაშინ ფეხბურთელი 15 წლის იყო. 

2016/17 და 2017/18 წლების სეზონები ნახევარმცველმა იჯარით, შესაბამისად, ესპანურ გრანადასა და ვალენსიაში გაატარა.

ამ სეზონის წინ ჟოზე მოურინიო აცხადებდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს მანჩესტერ იუნაიტედში შანსს მისცემდა და მართლაც, პრემიერლიგის პირველ ტურში ლესტერთან (2:1) პირველი წუთებიდან ათამაშა.

ტიტემდე 22 წლის ნახევარმცველს ნდობა ჟოზე მოურინიომ გამოუცხადა

ტიტემ არც მარსელო მიიწვია და არც გაბრიელ ჟეზუში

ტიტეს განაცხადში არ აღმოჩნდა ადგილი მადრიდის რეალის მცველისთვის მარსელოსთვის. მის გარდა, ნაკრებში არ არიან მიწვეულნი მანჩესტერ სიტის წევრები: მეკარე ედერსონი, ჰავბეკი ფერნანდინიო და ფორვარდი გაბრიელ ჟეზუში.

ბრაზილიის ნაკრები

მეკარეები: ალისონი (ლივერპული), იაგო (ფლამენგო), ნეტო (ვალენსია).

მცველები: ალექს სანდრო (იუვენტუსი), დედე (კრუზეირო), ფაბინიო (ლივერპილი), ფაგნერი (კორინთიანსი), ფელიპე (პორტო), ფილიპე ლუისი (ატლეტოკო), ტიაგო სილვა, მარკინიოსი (ორივე პსჟ).

ნახევარმცველები: კაზემირო (რეალი), ფრედი, ანდრეას პერეირა (ორივე მანჩესტერ იუნაიტედი), ლუკას პაკეტა (ფლამენგო), რენატო აუგუსტუ (ბეიცზინ გოანი), არტური, კოუტინიო (ორივე ბარსელონა).

თავდამსხმელები: დუგლას კოშტა (იუვენტუსი), ვილიანი (ჩელსი), რობერტო ფირმინო (ლივერპული), ევერტონი (გრემიო), ნეიმარი (პსჟ), პედრო (ფლუმინენსე).

პერეირას მიწვევით ტიტემ ბრაზილიის ნაკრებში საუკუნოვანი ტრადიცია დაარღვია

შეგახსენებთ, რომ ტიტეს ხელმძღვანელობით ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა ¼-ფინალში, ბელგიასთან 1:2 მარცხის შემდეგ დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები