Thumbnail

ანდორადან გიპუსკოაში - ბექა ბურჯანაძე ისევ ესპანეთის ACB ლიგაში ითამაშებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნაკრების ფორვარდმა სან სებასტიანის კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • 24 წლის კალათბურთელი წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ მოედანს უბრუნდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ კლუბი შეიცვალა - 24 წლის ფორვარდმა, რომელიც აქამდე მორაბანკ ანდორას ღირსებას იცავდა, კარიერას ესპანეთის უმაღლესი ლიგის სხვა კლუბში - გიპუზკოა ბასკეტში გააგრძელებს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი gipuzkoabasket.com იუწყება.

ბურჯანაძე ანდორაში 2016 წლიდან გამოდიოდა, თუმცა ბექას 2017 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მუხლის ტრავმა აწუხებდა, შარშან სექტემბერში კი ოპერაციაც გაიკეთა. კალათბურთელს საკლუბო სეზონის გარდა, ევრობასკეტი 2017 გაუცდა და საქართველოს ნაკრებს ვერც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დაეხმარა. 

ბექა ბურჯანაძე ანდორას ღირსებას ერთი ხანობა გიორგი შერმადინთან ერთად იცავდა

როგორც ჩანს, ბექა ბურჯანაძემ ტრავმა საბოლოოდ მოირჩინა და ახალმა კლუბმაც მას ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. გიპუზკოა ბასკეტი ესპანეთის ქალაქ სან სებასტიანის გუნდია და გასულ სეზონში ესპანურ ლიგაში მე-13 ადგილზე გავიდა.

ბექა ბურჯანაძითვის გიპუზკოა მეოთხე ესპანური კლუბია, ანდორა მორაბანკამდე მას უთამაშია სევილიასა (2011-2014) და ლა კორუნიაში (2014-16).

"1994 წელს დაბადებული, 2,01 მ სიმაღლის კალათბურთელი დაგვემატა, რომელმაც მორაბანკ ანდორაში ბოლო ორი სეზონი გაატარა. პირველ სეზონში ის საშუალოდ მატჩში 10.3 ქულას (56%-იანი სიზუსტე ორქულიანებში, 42% - სამქულიანებში, 82% - საჯარიმო ტყორცნებში) და 4,2 მოხსნას ითვლიდა.

ქართველი კალათბურთელი ესპანეთში, CB Sevilla-ში 16 წლისა მოვიდა. ამ გუნდში მან ჯამში 4 სეზონი გაატარა, 2012/13 და 2013/14 წლების სეზონებში კი ლიგა Endesa-შიც ითამაშა. ამის შემდეგ ის კორუნიაში გადაბარგდა, სადაც 2014/15 და 2015/16 წლებში ის ლიგა LEB Oro-ში (რანგით მეორე ლიგა ესპანეთში) გამოდიოდა. აქ მისი სტატისტიკა საშუალოდ 16,4 ქულა და 7 მოხსნა იყო - ერთ-ერთი საუკეთესო LEB Oro-ს სეზონში", - წერს სან სებასტიანის კლუბის ოფიციალური საიტი.

ბექა ბურჯანაძე ესპანეთში 16 წლიდან თამაშობს

 

კომენტარები

ბოლო ამბები