Thumbnail
  • მადრიდის რეალი ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის შეძენის იდეას მიუბრუნდა
  • პერესს თავდასხმის ხაზის გაძლიერება ატლეტიკოსთან მარცხმა გადააწყვეტინა
  • "სამეფო კლუბი" ნეიმარის ტრანსფერისთვის 300 მილიონ ევროს იმეტებს!
  • პლუს, მადრიდელებს ცენტრფორვარდის პოზიციაზე ტიმო ვერნერი სურთ 

პარი სენ-ჟერმენისა და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარის მადრიდის რეალში გადაბარგება ჯერ ისევ მოსალოდნელია. როგორც Sport.es იუწყება, "სამეფო კლუბი" 26 წლის ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად ბრძოლას განაახლებს.

წყაროს ცნობით, მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, უეფას სუპერთასის მატჩში ატლეტიკოსთან მარცხის (2:4) შემდეგ, გუნდიდან ამ ზაფხულს წასული ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს შემცვლელის სასწრაფოდ მოძიება გადაწყვიტა. 

პორტუგალიელის გამოთავისუფლებულ ადგილზე მთავარ კანდიდატად კი პერესს სწორედ ნეიმარი ესახება და მზადაა, ბრაზილიელში 300 მილიონი ევრო გადაიხადოს. 

ნეიმარს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. კლუბმა ბრაზილიელი შარშან ბარსელონადან გადაიბირა და მის სანაცვლოდ სარეკორდო, 222 მილიონი ევრო გადაიხადა.

ცნობილია, რომ პარი სენ-ჟერმენი ბრაზილიელ ფეხბურთელთან გამომშვიდობებას არაფრით აპირებს, თუმცა ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებული პრობლემებისა და უეფასგან წნეხის პირობებში, გამორიცხული არაა, პარიზულმა კლუბმა საკითხისადმი დამოკიდებულება შეიცვალოს. 

ცოტა ხნის წინ თავად ნეიმარმაც განაცხადა, რომ გავრცელებული ხმების მიუხედავად, ამ სეზონში პსჟ-იდან წასვლას არ აპირებს.

რეალში გერმანიის ნაკრების ფორვარდზეც ფიქრობენ!

კრიშტიანო რონალდოს წასვლის შემდეგ, მადრიდის რეალის წინა ხაზი რომ ძალიან დასუსტდა, ამას იმ დღესვე ყველა მიხვდა, როცა პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კარიერის იუვენტუსში გაგრძელება დაადასტურა. მას მერე, "სამეფო კლუბის" ახალი მთავარი მწვრთნელი ხულიენ ლოპეტეგი ახალ ცენტრფორვარდს ეძებს, რადგან ხვდება, რომ რეალი მხოლოდ ქარიმ ბენზემას იმედად ვერ იქნება. 

ესანური AS-ის ინფორმაციით, მადრიდელთა სასურველი ცენტრფორვარდების სიაში მოწინავე პოზიციებზე სამი ფეხბურთელის გვარი წერია. ესენი არიან: როდრიგო (ვალენსია), მაურო იკარდი (ინტერი) და ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

გერმანული და ესპანური წყაროები იტყობინებიან, რომ ფავორიტი გერმანელი ფორვარდია

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჟურნალისტები ვერნერს რეალში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ - მადრიდელებს 22 წლის გერმანელი დიდი ხანია აინტერესებთ. თუმცა, რეალს ლაიპციგისთვის კონკრეტული წინადადებით ჯერ არ მიუმართავს - ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არცერთი გამოცემა არ წერს.

ვერნერს ლაიპციგთან კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს გაფორმებული. მართალია, მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ლაიპციგში რჩება, მაგრამ თუ რეალის დაინტერესება კონკრეტულ შეთავაზებაში გადაიზრდება, გერმანელი აზრს ალბათ მაშინვე შეიცვლის. 

რეალს 31 აგვისტომდე ჯერ კიდევ აქვს დრო...

კომენტარები

ბოლო ამბები