Thumbnail

‘იოზილს ტვინი სისულელეებით გამოუჭედეს!’ - ტონი კროოსმა მესუთი გააკრიტიკა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ტონი კროოსმა მესუთ იოზილის სკანდალზე ისაუბრა
  • რეალის ნახევარმცველმა ყოფილი თანაგუნდელი გააკრიტიკა

გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ტონი კროოსმა მესუთ იოზილი გააკრიტიკა. მისი თქმით, სასურველი იყო, რომ იოზილი ბუნდესგუნდიდან გაცილებით კარგად წასულიყო და არა ასე სკანდალურად.

“მესუთ იოზილთან ერთად წლების მანძილზე ვითამაშე და ვიცი, რომ ძალიან კარგი ბიჭია. ჩემი აზრით, ის გერმანიის ნაკრებიდან უკეთეს წასვლას იმსახურებდა, ახლა კი ისე გამოვიდა, რომ ძალიან ცუდად წავიდა. ჩემი აზრით, მას სხვადასხვა ადამიანებმა სისულელეებით გამოუჭედეს ტვინი,” - განაცხადა კროოსმა ბილდისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ივლისის ბოლოს, იოზილმა გერმანიის საფეხბურთო კავშირი და მისი პრეზიდენტი რაინჰარდ გრინდელი რასიზმში დაადანაშაულა და გერმანიის ნაკრებიდან უდიდესი სკანდალით წავიდა.

“ვფიქრობ, იოზილმა თვითონაც კარგად იცის, რომ გერმანიის ნაკრებში და საფეხბურთო კავშირში რასიზმი არ არის. ყოველ შემთხვევაში, მე მჯერა, რომ ეს იცის. პირიქით, ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდით იმისათვის, რომ იმ მოთამაშეებს, რომლებსაც ფესვები სხვა ქვეყნებიდან აქვთ, ნაკრებში თავი იდეალურად ეგრძნოთ. ვფიქრობ, სწორედ მესუთია ამის საუკეთესო მაგალითი,” - აცხადებს კროოსი.

28 წლის ნახევარმცველს მიაჩნია, რომ თურქეთის პრემიერმინისტრ ერდოღანთან ფოტოების გადაღებით იოზილმა შეცდომა დაუშვა. “მიუხედავად ამისა, ჩვენ მისთვის ერთი წამითაც არ გვიგრძნობინებია, რომ ეს შეცდომა იყო. პირიქით, ნაკრების ყველა წევრი მხარში ედგა. თუმცა მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ იოზილის ერდოღანთან გადაღებილი ფოტო და შემდგომი დისკუსიები მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების კრახის მიზეზია. ჩემი აზრით სირცხვილია, რომ ბუნდესგუნდის წარუმატებლობა ამ დისკუსიებს დავაბრალოთ,” - აღნიშნა კროოსმა.

კომენტარები

ბოლო ამბები