Thumbnail
  • რეალი 2:4 ატლეტიკო (დ.დ.)
  • 0:1 დიეგო კოშტა (1’), 1:1 ბენზემა (27’), 2:1 რამოსი (პენ. 63'), 2:2 დიეგო კოშტა (79'), 2:3 საული (98'), 2:4 კოკე (104')

ესტონეთის დედაქალაქმა ტალინმა ისტორიაში 43-ე უეფას სუპერთასის მატჩს უმასპინძლა, რომელშიც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის რეალი ევროპალიგის ტრიუმფატორს, თანაქალაქელ ატლეტიკოს დაუპირისპირდა და ოვერტაიმში გადასულ უხვგოლიან მატჩში დამარცხდა. 

ატლეტიკომ დამსახურებულად გაიმარჯვა, რაშიც ლომის წილი დიეგო კოშტას მიუძღვის. რეალს კი თავი იმით შეუძლია იმართლოს, რომ სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ახალი მწვრთნელით - ხულიენ ლოპეტეგითა და ბოლო წლების მთავარი ვარსკვლავის - კრიშტიანო რონალდოს გარეშე, ცოტა არეული შეხვდა. დანარჩენს კი სეზონი გვიჩვენებს...

სერხიო რამოსმა უეფას სუპერთასის მეოთხედ აღმართვის შანსი ხელიდან გაუშვა

► მადრიდის ატლეტიკომ უეფას სუპერთასი ისტორიაში მესამედ მოიპოვა. მანამდე კლუბმა ტიტული 2010 და 2012 წლებში დაისაკუთრა.

► წელს პირველად მოხდა, რომ უეფას სუპერთასისთვის მატჩში ერთმანეთს ერთი ქალაქის გუნდები დაუპირისპირდნენ.

► დიეგო კოშტამ გოლი 49-ე წამზე გაიტანა და ისტორიაში შევიდა, როგორც უეფას სუპერთასის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი.

► ხულიენ ლოპეტეგი გახდა რეალის პირველი მთავარი მწვრთნელი მაიკლ კიპინგის შემდეგ (წვრთნიდა 1948-1950 წლებში), რომლის ხელშიც გუნდმა პირველ ოფიციალურ მატჩში 4 და მეტი გოლი გაუშვა.

► სერხიო რამოსი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც უეფას სუპერთასის ორი მატჩში შეძლო გატანა. პირველად რეალის მცველმა ეს  2016-ში სევილიასთან მოახერხა.

"ლილეკიულაზე" გუნდებს მისალმება არ ჰქონდათ დასრულებული, როდესაც ატლეტიკოს კაპიტანმა დიეგო გოდინმა თავისი ნახევრიდან მეტოქის საჯარიმოსკენ ჩაკიდა. რეალის საჯარიმოს სიახლოვეს საჰაერო ორთაბრძოლა დიეგო კოშტამ ჯერ სერხიო რამოსს მოუგო, შემდეგ კი რაფაელ ვარანსაც გაცდა და ძალზე მახვილი კუთხიდან კარში ისე ძლიერად და ზუსტად დაარტყა, დაჩოქილმა კეილორ ნავასმა ვერაფერი გააწყო.

0:1 დიეგო კოშტა (1’)

სტარტზე მიღებული შოკიდან გამოსვლის შემდეგ, ხულიენ ლოპეტეგის გუნდმა ბურთის გაკონტროლება და მეტოქის წნეხში მოქცევა სცადა. იან ობლაკის კარი კი უკვე მე-17 წუთზე, მარკო ასენსიოს მიერ ქუსლით შესრულებული ძალიან სახიფათო დარტყმის შემდეგ გადარჩა. ატლეტიკოს მეკარემ ბურთს ხელი წაჰკრა, ქარიმ ბენზემამ კი რეაქცია დააგვიანა.

ათიოდე წუთში ფრანგმა მეორე შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. შეტევის მარჯვენა ფრთაზე გარეთ ბეილმა გაინავარდა და საჯარიმოში ჩაკიდა. ბენზემამ ბურთს თავი ზუსტად შეაგება და გაათანაბრა.

1:1 ბენზემა (27’) 

სიმეონეს გუნდი თითქოს მოიშალა. ორიოდ წუთში უკვე ასენსიომ მარცხენა ფლანგზე გაისეირნა და კარისკენაც დაარტყა. რატომღაც ამ ეპიზოდში ატლეტიკოს ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი სტატისტის როლით კმაყოფილდებოდა, ბურთი კი მცირე მანძილით აცდა კარს.

დისკვალიფიკაციის გამო, თამაშს ტრიბუნიდან ნერვიულად ადევნებდა თვალს ატლეტიკოს მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე, ტექნიკურ ზონაში კი ამ დროს ბოლთას მისი ასისტენტი ხერმან ბურგოსი სცემდა.

შესვენებამდე თამაშის სურათი არ შეცვლილა, რეალი ფლობდა უპირატესობას, სიმეონეს გუნდი კი მეორე ნომრად თამაშობდა. ერთ ეპიზოდში დასამახსოვრებელი მომენტი ისევ ბენზემამ შექმნა, რომელმაც ფლანგზე ხუანფრანი შეარცხვინა. 

მეორე ტაიმის სასტარტო წუთებში უპირატესობას კვლავ ატლეტიკო დაეუფლა, თუმცა კეილორ ნავასის კართან რეალურ მომენტამდე საქმე არ მისულა. სამაგიეროდ, იან ობლაკის კართან ჯერ ხიფათი და შემდეგ გოლი, მე-60 წუთზე, ტონი კროოსის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს მოყვა. 

ხუანფრანი მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში ბენზემას ეჭიდავებოდა, რა დროსაც ხელით ითამაშა. პოლონელმა არბიტრმა შიმონ მარცინიაკმა 11-მეტრიანისკენ თამამად მიანიშნა, ამის გამო გაცხარებულ დიეგო კოშტას კი ყვითელი ბარათი უშვენა.  

პენალტის ნიშნულიდან დარტყმის შესრულება მადრიდელთა კაპიტანმა სერხიო რამოსმა ითავა და თავისი გუნდი ანგარიშში წინ გაიყვანა.

2:1 რამოსი (პენ, 63')

ატლეტიკომ ბრძოლა გააგრძელა, რეალი კი არ იყო უნაკლო. მეტიც, დიეგო კოშტას დუბლში თავისი წვლილი მარსელომაც შეიტანა, რომელმაც უწყინარ სიტუაციაში ხუანფრანს კონტრიერიშის განხორციელების საშუალება მისცა. რეალის მცველები გაშეშდნენ, მეკარის საჯარიმოში მყოფ დიეგო კოშტას კი საგოლე პასი ანხელ კორეამ გაუკეთა.

2:2 დიეგო კოშტა (79')

90 წუთის ამოწურვამდე ანგარიში აღარ შეცვლილა, ზედ მსაჯის სასტვენის წინ კი ეფექტურად გატანას მარსელო ამაოდ ცდილობდა. ბრაზილიელ მცველს დარტყმა არ გამოუვიდა, შეხვედრა კი ოვერტაიმში გაგრძელდა.

და სულ მალე რეალი კიდევ ერთხელ დააღალატეს რამოსმა და ვარანმა. 98-ე წუთზე მათ დაუდევარ მოქმედებას ამ უკანასკნელის შეცდომა მოყვა, ტომას პარტეის ჩაწოდების შემდეგ კი ბურთი ერთი შეხებით საულმა კარისკენ გაუშვა და ულამაზესი გოლი გაიტანა.

2:3 საული (98')

ხულიენ ლოპეტეგის გუნდი განწირული ჯერ კიდევ არ იყო, მაგრამ რამდენიმე წუთში მარჯვენა ფრთიდან ატლეტიკოს მორიგ იერიშს ნავასის კარში მეოთხე გოლიც მოჰყვა. საგოლე გადაცემა ვიტოლომ შეასრულა, გოლი კი კოკემ მიითვალა.

2:4 კოკე (104')

დრო კიდევ იყო, მაგრამ რეალი ამ მატჩის შემომტრიალებელი უკვე აღარ ჩანდა. ასეც მოხდა. თუკი "სამეფო კლუბი" 90 წუთის განმავლობაში რაღაცას ახერხებდა, დამატებით დროში ღირებული არაფერი შეუქმნია, სიმეონეს შეგირდებმა კი მატჩი გამარჯვებამდე დამსახურებულად მიიყვანეს და სეზონი ტიტულით დაიწყეს.

გოლები ორივემ გაიტანეს, მაგრამ მატჩის გმირი დიეგო კოშტა გახდა 

რეალი 2:4 ატლეტიკო (დ.დ.)

გოლები: 0:1 დიეგო კოშტა (1’), 1:1 ბენზემა (27’), 2:1 რამოსი (63'), 2:2 დიეგო კოშტა (79'), 2:3 საული (98'), 2:4 კოკე (104')

რეალი (4-3-3): ნავასი, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო, კაზემირო (სებალიოსი, 76), კროოსი (მაიორალი, 102), ბეილი, ისკო (ვასკესი, 83), ასენსიო (მოდრიჩი, 57) ბენზემა.

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ლუკასი, ლემარი (პარტი, 90), როდრი (ვიტოლო, 71), საული, კოკე,  დიეგო კოშტა (ხიმენესი, 109), გრიზმანი (კორეა, 57).

კომენტარები

ბოლო ამბები