Thumbnail
  • შაბათს იტალიის ჩემპიონატიც იწყება
  • სერია A-ში რონალდოს გარდა ბევრი რამ არის საინტერესო
  • ანჩელოტის ნაპოლი, იგუაინი მილანში, ახალი ინტერი, რომა და რომანტიკა სახელწოდებით პარმა
  • ყველაზე დამაინტრიგებელი ამბები ახალი სეზონის წინ

იყო დრო, როცა სერია A თავისი მნიშვნელობითა და სანახაობრიობით თვით ჩემპიონთა ლიგასაც კი ბევრით არ ჩამორჩებოდა. 90-იან წლებში იტალიის ჩემპიონატი გრანდიოზული სანახაობა იყო, რომლის ფაქტობრივად ყოველი ტურის ცენტრალური მატჩი საფეხბურთო ზეიმი გამოდიოდა. მაშინ სერია A ევროპაში იყო საუკეთესო.

რობერტო ბაჯო და ზინედინ ზიდანი

ფეხბურთის სტაჟიან მოყვარულებს ეხსომებათ, რამდენი სუპერვარსკვლავი თამაშობდა მაშინ იუვენტუსის (ზიდანი, დელ პიერო, დავიდსი, ინძაგი...), მილანის (ბობანი, ალბერტინი, მალდინი, ბარეზი…), ინტერის (რონალდო, სამორანო, ჯორკაეფი, რეკობა…), რომას (მონტელა, ტოტი, დელვეკიო, კაფუ…), ფიორენტინას (ბატისტუტა, რუი კოშტა, ტოლდო…), ლაციოს (ნედვედი, კლაუდიო ლოპესი, ნესტა…) და თვით პარმას (ტიურამი, კანავარო, კრესპო, ვერონი) ან ბოლონიას (რ. ბაჯო, სინიორი) ფორმით.

მას მერე ბევრი დრო გავიდა. იტალიური საკლუბო ფეხბურთი ნელ-ნელა დასუსტდა. უკვე რამდენიმე წელია, სერია A ძველი დიდების თუნდაც სანახევროდ დაბრუნებას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. მართალია, იყო წარმატებებიც - ჩემპიონთა ლიგა მოიგო მილანმა (ორჯერ) და ინტერმაც, მაგრამ საერთო ჯამში, იტალიურ საკლუბ ფეხბურთში უკვე დიდი ხანია, კრიზისია.

გასულ წლებში იუვენტუსმა შექმნილი ვითარების გამოსწორებისკენ სერიოზული ნაბიჯები გადადგა - ტურინული გრანდი 2015 და 2017 წლებში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, თუმცა ევროპის ელიტარული საკლუბო ლიგის მოგება მაინც ვერ შეძლო. წელს უკვე რომამაც გამოიჩინა თავი და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გააღწია. მაგრამ ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც იტალიური კლუბები 90-იანებში ახერხებდნენ - მაშინ ისინი ყველა ევროტურნირზე ფავორიტები იყვნენ.

ალესანდრო დელ პიერო და რონალდო

კრიშტიანო რონალდოს რეალიდან იუვენტუსში ტრანსფერის შემდეგ, იტალიელებს გაუჩნდათ იმედი, რომ პორტუგალიელის ჩასვლა სერია A-ს ძველი დიდების დაბრუნებისკენ დიდ ნაბიჯს გადაადგმევინებს. თუმცა იტალიის ჩემპიონატი მხოლოდ იუვენტუსი და მით უმეტეს რონალდო არ არის. შაბათს სერია A-ს ახალი, 2018/2019 წლების სეზონი იწყება. 10 მთავარი ამბავი:

1. კრიშტიანო რონალდო

ფაქტია, კრიშტიანო რონალდო სერია A-ს ახალი სეზონის მთავარი ფიგურა იქნება. ფაქტია ისიც, რომ იტალიის მოქმედი და სერიული ჩემპიონი (ზედიზედ 7 სკუდეტო, ზედიზედ 4 დუბლი) იუვენტუსი კიდევ უფრო გაძლიერდა. შესაბამისად, საკითხავია, შეძლებს თუ არა რომელიმე კლუბი, რომ “ბებერ ქალბატონს” კონკურენცია გაუწიოს. რონალდოს ტრანსფერი არა მარტო იუვესთვის, არამედ მთლიანად სერია A-სთვის და ზოგადად იტალიური ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის წყალობით, იტალიის ჩემპიონატისადმი ყურადღება მინიმუმ ორმაგდება.

2. კარლო ანჩელოტი

ბოლო წლებში იუვენტუსთან მეტ-ნაკლებ კონკურენციას ნაპოლი ახერხებდა. სამხრეთიტალიური კლუბი ყველაზე დიდხანს ინარჩუნებდა ჩემპიონობის შანსს იუვეს შემდეგ. ახალი სეზონიდან ნეაპოლში ახალი ეპოქა იწყება, რადგან გუნდის მთავარი მწვრთნელი შეიცვალა - მაურიციო სარი ჩელსიში წავიდა, ნაპოლი კი, თვით კარლო ანჩელოტიმ ჩაიბარა. ეს უკანასკნელი არა მარტო იტალიის, არამედ მსოფლიო ფეხბურთის მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი სპეციალისტია - მან მილანს ორჯერ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა (2003 და 2007 წლებში). 

ნეაპოლელთა მიზანი უცვლელია: ჩამოაგდონ საჩემპიონო ტახტიდან იუვენტუსი და აისრულონ ძალიან დიდი ხნის ოცნება. კლუბი ამ მიზნის მიღწევას ახლა ანჩელოტისთან ერთად შეეცდება და ძალიან საინტერესოა, როგორი იქნება კარლეტოს ფორმაციის ნაპოლი.

3. დიდი ცვლილებები რომაში

ხავიერ პასტორე რომას იმედია

რომას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა - “ჯალოროსიმ”, ყველასათვის მოულოდნელად, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გააღწია და გზად ისეთი სუპერგრანდი დაამარცხა, როგორიც ბარსელონაა. ამ ფაქტმა რომაელებს თავდაჯერება შემატა, თუმცა ჯალოროსიში ბევრი რამ შეიცვალა. მოჰამედ სალაჰის შემდეგ, რომელმაც 2017 წელს ლივერპულს მიაშურა, რომა ტოპ-მეკარე ალისონმაც დატოვა (ისიც ლივერპულში წავიდა). 

გარდა ამისა, რომაში აღარ ითამაშებს ნახევარდაცვის ლიდერი რაჯა ნაინგოლანი, რომელიც გუნდში ნამდვილად ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა იყო - ბელგიელი მილანის ინტერის ფეხბურთელი გახდა. სამაგიეროდ, რომამ ისეთი საინტერესო ფეხბურთელები გადაიბირა, როგორებიც ჯასტინ კლუივერტი, ხავიერ პასტორე და სტივენ ნ’ზონზი არიან. გამოდის, რომ ფაქტობრივად ახალ რომასთან გვაქვს საქმე. საინტერესოა, როგორ ითამაშებს ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი ახალ სეზონში - იქნებ, “ჯალოროსიმაც” შეძლოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა.

4. ახალი ინტერი?

გასული სეზონის 38-ე, ანუ, ბოლო ტურში, ინტერმა რომის ლაციო 3:2 დაამარცხა და მხოლოდ ამ მატჩით გაინაღდა ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება. შესაბამისად, “ნერაძურის” ხელმძღვანელებმა თამამად გადაწყვიტეს გუნდის გაძლიერება - არგენტინელი ბომბარდირის, მაურო იკარდის გარშემო აწყობილ გუნდს ისეთი ახალი სახეები ჰყავს, როგორებიც რაჯა ნაინგოლანი ან სტეფან დე ვრეი არიან. ზოგადად, ინტერი, შემადგენლობის ხარისხით, გასულ სეზონშიც მხოლოდ იუვენტუსს თუ ჩამოუვარდებოდა და ახლა კიდევ უფრო ძლიერი ჩანს. შესაბამისად, ლუჩანო სპალეტის გუნდის მიმართ კიდევ უფრო დიდი მოლოდინებია.

5. ლაციო და იმობილე

29 გოლი 33 მატჩში - ჩირო იმობილე (ინტერის კაპიტან მაურო იკარდისთან ერთად) სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, ანუ, “კაპოკანონიერე” გახდა. აშკარაა, რომ იმობილემ საბოლოოდ თავისი კლუბი იპოვა - ლაციოს ფორმით მას 69 შეხვედრაში 52 გოლი აქვს გატანილი. ჩირო ლაციალეს მთავარი იმედია - საინტერესოა, რამდენად მოახერხებს ის კრიშტიანო რონალდოსთვის კონკურენციის გაწევას.

6. გამოცდილება და ტალანტი მილანში

გონსალო იგუაინს ბევრი აკრიტიკებს და უფრო მეტი დასცინის, მაგრამ არგენტინელ ფორვარდს 367 მატჩში 218 გოლი აქვს გატანილი და, თანაც, ისეთი კლუბების შემადგენლობაში, როგორებიცაა მადრიდის რეალი, ნაპოლი და იუვენტუსი (40 გოლი 71 შეხვედრაში). ამიერიდან, “პიპიტა” მილანის თავდამსხმელია და გოლების გატანას “როსონერისთვის” შეეცდება.

ჯენარო გატუზო

იგუაინი მილანის ქომაგებისთვის იმის იმედია, რომ გუნდი, რომელიც ევროტურნირებზე ყველაზე წარმატებულია იტალიიდან, ძველი დიდების დაბრუნებისკენ მინიმუმ სერიოზულ ნაბიჯს გადადგამს. მასთან ერთად, იმედისმომცემია ახალგაზრდა მცველი მატია კალდარაც, რომელიც “როსონერიმ” იუვენტუსიდან გადაიბირა და რომელმაც დაცვის ცენტრში ალესიო რომანიოლისთან ერთად ისეთი ტანდემი უნდა შექმნას, რომლითაც ხვალ-ზეგ იტალიის ნაკრების დაცვის ცენტრი ისე დაკომპლექტდება, როგორც თავის დროზე ნესტა-კანავაროს წყვილი იყო.

7. სასუოლო და ბოატენგი

იტალიის ჩემპიონატი ტოპ-კლუბების მიღმაც საინტერესოა. მაგალითად, კვლავ საინტერესო იქნება სასუოლოს მატჩები - თუნდაც იმიტომ, რომ ამ მოკრძალებული ამბიციების მქონე, მაგრამ საკმაოდ საინტერესო ფეხბურთის მიმდევად გუნდში კევინ-პრინს ბოატენგი ითამაშებს. KPB-ს უბრალოდ მილანთან ახლოს ყოფნა სურდა და “ნეროვერდის” ტიფოზებისთვის დიდი იმედია. ბოატენგი ყველანაირად საინტერესო ფიგურაა - მაგალითად, პრეზენტაციის დროს მან თქვა, რომ სასუოლოს კრიშტიანო რონალდოა...

8. პარმა და რომანტიკა

სერია A-ს წელს ერთი განსაკუთრებული ახალწვეული ჰყავს - ეს არის კლუბი, რომლის სრული სახელია “პარმა კალჩო 1913”. ჰო, ეს ის პარმა აღარ არის, მაგრამ რაღაცნაირად მაინც პარმაა, რომელმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყო და ელიტაში დაბრუნდა. მართალია, პარმას აღარ ჰყავს ლეგენდად ქცეული კაპიტანი ალესანდრო ლუკარელი, რომლის 6-ნომრიან მაისურას ამ კლუბში არავის არასდროს გადასცემენ, მაგრამ პარმა მაინც რომანტიკაა, რომელსაც შეცვლილი სახელი ვერაფერს აკლებს. მიზანი? ელიტაში ადგილის შენარჩუნება.

9. იტალიური კლუბები ევროსარბიელზე

იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვა - იტალიამ ეს ტრაგედია როგორღაც გადაიტანა. ფაქტია, რომ იტალიურ ფეხბურთს საერთაშორისო ასპარეზზე სასწრაფოდ რეაბილიტაცია სჭირდება. ჩემპიონთა ლიგაში იტალიას ახალ სეზონში იუვენტუსი, ნაპოლი, რომა და ინტერი წარადგენენ, ლაციო, ატალანტა და მილანი კი ევროპალიგაზე არიან. მილანს ფინანსური ფეარ-პლეის გამო პრობლემები ჰქონდა, მაგრამ “როსონერი” საბოლოოდ მაინც დაუშვეს. იუვენტუსს ახლა უკვე კრიშტიანო რონალდო ჰყავს, რაც ტურინული გრანდის შანსებს, ბოლოს და ბოლოს მოიგოს ჩემპიონთა ლიგა მესამედ, მნიშვნელოვნად ზრდის. რას იზამენ სხვები - საკითხავი და საინტერესო, სწორედ ეს არის.

10 - გოლები, გოლები, გოლები

პაულო დიბალა, ჩირო იმობილე, მაურო იკარდი და კრიშტიანო რონალდო - სერია A-ში წესით, წელს უფრო მეტი გოლი უნდა გავიდეს

იტალია დაცვითი ფეხბურთის მიმდევარ ქვეყნად მიიჩნევა. იყო დრო, როცა ყველაზე მეტი 0:0 სწორედ სერია A-ში ფიქსირდებოდა, მაგრამ გასულმა სეზონმა აჩვენა, რომ ეს დრო წარსულს ჩაბარდა. 2017/2018 წლების სეზონში სერია A-ში 1017 გოლი გავიდა. შედარებისთვის: ინგლისის პრემიერლიგაში მხოლოდ 1 გოლით მეტი გაიტანეს (1018), ესპანეთის ლა ლიგაში 1024, ხოლო გერმანიაში კი - 855 (ბუნდესლიგაში 34 ტურია).

კომენტარები

ბოლო ამბები