Thumbnail

‘ეს ჩემთვის უდიდესი პატივი იყო!’ - მარიო მანჯუკიჩი ხორვატიის ნაკრებიდან წავიდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მარიო მანჯუკიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
  • ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ იუვეს ფორვარდის სანაკრებო კარიერის დასრულება დაადასტურა

ტურინის იუვენტუსის ფორვარდმა მარიო მანჯუკიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა - 32 წლის ფეხბურთელი ხორვატიის ეროვნულ გუნდში აღარ ითამაშებს. მანჯუკიჩმა სოციალურ ქსელებში ხორვატი გულშემატკივრებისადმი მიძღვნილი წერილი გამოაქვეყნა, სადაც გადაწყვეტილება ემოციური სიტყვებით ახსნა.

'მიმძიმს, რადგან მატჩების წინ ჩვენი ქვეყნის ჰიმნის მოსმენა ყველაზე ემოციური მომენტები იყო ჩემს ცხოვრებაში!'

“ამ სიტყვების დაწერა ჩემთვის ნებისმიერ ორთაბრძოლაზე, ან 120-ე წუთზე მაქსიმალური სისწრაფით სირბილზე რთულია. მიმძიმს ამაზე ლაპარაკი, რადგან ყველაფერი ხორვატიის ნაკრებმა მომცა. მიმძიმს, რადგან მატჩების წინ ჩვენი ქვეყნის ჰიმნის მოსმენა ყველაზე ემოციური მომენტები იყო ჩემს ცხოვრებაში. მიმძიმს, რადგან ვიცი, რაოდენ დიდი პატივია, გეცვას ხორვატიის ნაკრების ფორმა და იყო შენი ქვეყნის წარმომადგენელი უდიდეს საფეხბურთო სცენაზე. მაგრამ ისიც ვიცი, რომ მოვიდა დრო, რომ ეს სიტყვები ვთქვა: ხორვატიის ნაკრებიდან მივდივარ!” - განმარტა მანჯუკიჩმა.

მანჯუკიჩის დებიუტი ხორვატიის ნაკრებში 2007 წელს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, მაკედონიასთან შედგა. მას მერე მარიომ ეროვნულ გუნდში 89 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა. მისი სანაკრებო კარიერის საუკეთესო მიღწევა მსოფლიოს გასული ჩემპიონატის ფინალია, რომელიც ხორვატიამ საფრანგეთთან 2:4 წააგო. ფინალში მანჯუკიჩმა ჯერ ავტოგოლი გაიტანა, შემდეგ კი მეტოქის კარიც დალაშქრა.

მუნდიალის შემდეგ მას დორტმუნდის ბორუსია ეპატიჟებოდა, მაგრამ მანჯუკიჩმა იუვენტუსში დარჩენა გადაწყვიტა - ტურინულ კლუბთან მას კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს აკავშირებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?

  • კრიშტიანო რონალდო
  • მაურო იკარდი
  • ჩირო იმობილე
  • ედინ ჯეკო
  • დრის მერტენსი
  • ანდრეა ბელოტი
  • პაულო დიბალა
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები