Thumbnail
  • დიეგო გოდინმა ატლეტიკოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
  • ურუგვაელი მადრიდული კლუბის კაპიტნად დანიშნეს

გაბის წასვლის შემდეგ ატლეტიკოში ახალი კაპიტანი რომ უნდა აერჩიათ, ეს დიდი ხნის წინ იყო ცნობილი. ახალი ის არის, რომ მადრიდული გრანდის ახალი კაპიტანი დიეგო გოდინი იქნება - გუნდის დაცვის ურუგვაელი ბურჯი, რომელსაც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ. გოდინმა მადრიდელებთან ახალი კონტრაქტიც გააფორმა და ოთხშაბათს, ტალინში დაგეგმილი სუპერთასის მატჩისთვის ემზადება, რომელშიც ატლეტიკო რეალს დაუპირისპირდება.

“მარკას” ინფორმაციით, ურუგვაელმა მცველმა ატლეტიკოსთან კონტრაქტი 2021 წლამდე გააგრძელა. გოდინი როხიბლანკოში 8 წელია თამაშობს და, ფაქტობრივად, ამ კლუბის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა. სწორედ გოდინია დიეგო სიმეონეს გუნდის ბრძოლისუნარიანობისა და დაცვის სიძლიერის სიმბოლო.

ურუგვაელი ატლეტიკოში 2010 წელს, ვილიარეალიდან გადავიდა და მას მერე მადრიდული კლუბის ფორმით 350 ოფიციალური მატჩი გამართა. ატლეტიკოს მაისურით ამდენი შეხვედრა სხვა არცერთ არაესპანელ ფეხბურთელს არ ჩაუტარებია. 32 წლის მცველის აქტივში 7 ტიტულია, რომელთაგან 6 სიმეონეს ხელმძღვანელობით მოიპოვა. 

რაც შეეხება ვიცე-კაპიტნებს: გოდინს სამი მარჯვენა ხელი ეყოლება: ანტუან გრიზმანი, კოკე და ხუანფრანი. შეგახსენებთ, რომ ატლეტიკოსთან მსოფლიოს ჩემპიონმა გრიზმანმაც ახალი კონტრაქტი გააფორმა და მიუხედავად ბარსელონას დაინტერესებისა, მადრიდულ კლუბს თავისი ბედი 2023 წლამდე დაუკავშირა. ვიცე-კაპიტნობა იმას ნიშნავს, რომ გუნდში 27 წლის გრიზმანიც დიდხანს დარჩება. ფრანგი ატლეტიკოში 2014 წელს, რეალ სოსიედადიდან გადავიდა და 209 მატჩში 112 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები