Thumbnail
  • დორტმუნდი ცენტრფორვარდს ეძებს
  • ბაჩუაის წასვლამ ბორუსია წინა ხაზში სიცარიელე გააჩინა
  • მანჯუკიჩის უარის შემდეგ, გერმანელებმა იუვეს ახალგაზრდა ფორვარდს დაადგეს თვალი

დორტმუნდის ბორუსიას სერიოზული საკადრო პრობლემა აქვს - გერმანულ კლუბს ახალი სეზონისთვის სასწრაფოდ კარგი თავდამსხმელი სჭირდება. წინა ხაზში სიცარიელე მიში ბაჩუაის გუნდიდან წასვლამ გააჩინა და მას მერე ბორუსიას შეფები ახალ ცენტრფორვარდს ეძებენ.

დორტმუნდელებს იუვენტუსისა და ხორვატიის ნაკრების ფორვარდის, მარიო მანჯუკიჩის გადაბირება სურდათ, მაგრამ ამ უკანასკნელმა BVB-ს უარი შეუთვალა. ერთ კვირაში ბორუსიას სეზონის პირველი მატჩი აქვს (გერმანიის თასზე, ფიურტთან) და გუნდს ჯერაც არ ჰყავს ნომინალური ცენტრფორვარდი. გერმანულ და იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ბორუსია ისევ იუვენტუსის, ოღონდ მანჯუკიჩზე გაცილებით ახალგაზრდა თავდამსხმელს ეპატიჟება.

საქმე ეხება მოიზე კინს, რომელიც მხოლოდ 18 წლისაა და რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. “გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, დორტმუნდელებმა ტურინელებს უკვე შესთავაზეს 20 მილიონი ევრო. თუმცა, გერმანული “ბილდის” ინფორმაციით, ბორუსიას შეფები მოიზე კინში უფრო მომავლის ფორვარდს მოიაზრებენ და მის გარდა, გამოცდილი თავდამსხმელის შეძენაზეც ფიქრობენ. აღსანიშნავია, რომ 18 წლის კინის აგენტი ცნობილი მინო რაიოლაა, რომელთანაც დორტმუნდის შეფებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.

კომენტარები

ბოლო ამბები