Thumbnail

ჯეკომ პენალტიდან ვერ შეაგდო, რომა იტალიის თასს გამოეთიშა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 20 დეკემბერს იტალიის თასის 1/8-ფინალის დარჩენილი სამი მატჩი ჩატარდა. 
  • რომამ ოლიმპიკოზე ტორინოსთან წააგო - 1:2.
  • ამავე ანგარიშით ატალანტამ სასუოლოს სძლია.
  • იუვენტუსმა შინ ჯენოას ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

რომა იტალიის თასის გათამაშებას გამოეთიშა. დედაქალაქური გუნდი 1/8-ფინალში საკუთარ მოედანზე ტორინოსთან დამარცხდა - 1:2.

ოლიმპიკოზე გამართული შეხვედრის პირველი ტაიმის მიწურულს სტუმრები ლორენცო დე სილვესტრის (39) გოლით დაწინაურდნენ, შესვენების შემდეგ კი უპირატესობა ორბურთიანი სიმონე ედერამ (72) გახადა.

აქედან ხუთ წუთში ედინ ჯეკოს სხვაობის შემცირება შეეძლო, მაგრამ პენალტიდან ვერ გაიტანა. მოგვიანებით რომაელებმა ერთი ბურთი მაინც გაქვითეს - საბოლოო ანგარიში პატრიკ შიკმა (85) დააფიქსირა.

რომა ტურნირს დაემშვიდობა, ტორინო კი 1/4-ფინალში გავიდა, სადაც დაპირისპირება 3 იანვარს, თასის მფლობელ იუვენტუსთან მოუწევს. ბებერმა ქალბატონმა პაულო დიბალასა და გონსალო იგუაინის გოლებით, გზიდან ჯენოა ჩამოიცილა.

ოლიმპიკოზე გამართული შეხვედრის შემდეგ ნირწამხდარი იყო რომაელთა ფორვარდი სტეფან ელ-შაარავი. 

“უცნაურია, მაგრამ ბურთს არაფრით სურდა კარში წასვლა. უამრავი მომენტი შევქმენით, მაგრამ ორი გოლი აქეთ მივიღეთ. სტაბილურობა გვაკლია.დასანანია, რაც მოხდა, რადგან იტალიის თასი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანა იყო. ამ ტურნირში წარმატებით გამოსვლაზე ვფიქრობდით და კარგადაც ვემზადებოდით, მაგრამ გარკვეულ სიტუაციებში კონცენტრაცია დაგვაკლდა. ახლა კი წარუმატებლობა სწრაფად უნდა დავივიწყოთ და სერია A-ში იუვენტუსთან მომავალ დაპირისპირებაზე ვიფიქროთ”, - თქვა ელ-შაარავიმ Roma TV-ის ეთერში.

თამაშის შემდეგ დი ფრანჩესკომ სინიშა მიხაილოვიჩს წარმატება გულითადად მიულოცა

მარცხის მიუხედავად, თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა რომას მთავარი მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო.

“ძალიან სამწუხაროა, რადგან ბრწყინვალედ ვითამაშეთ. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი მომენტი შექმნა გუნდმა და როგორ საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, თამაში პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს და მე კმაყოფილი ვარ. შეცდომები დავუშვით, ვერ გამოვიყენეთ მომენტები. შეიძლებოდა უფრო თავდაჯერებულად გვემოქმედა მეტოქის კართან. იმედგაცრუებული ვართ იმის გამო, რომ ტურნირს გამოვეთიშეთ, მაგრამ კიდევ უფრო გულნატკენი ვიქნებოდი, ჩვენი თამაშიც რომ საძაგელი ყოფილიყო”, - თქვა მწვრთნელმა Rai Sport-ის ეთერში. 

რაც შეეხება იტალიის თასის 1/4-ფინალის დანარჩენ წყვილებს, ამ ეტაპზე ატალანტა ნაპოლის დაუპირისპირდება, ლაციო - ფიორენტინას, მილანი - ინტერს

კომენტარები

ბოლო ამბები