Thumbnail
  • ელ კლასიკოს უდიდესი ისტორია აქვს და არის ისეთი ამბები, რის შესახებაც ბევრმა არაფერი იცის.
დი სტეფანოს მოტაცება

1952 წელს მადრიდის რეალს 50 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მადრიდში მთელი მსოფლიოდან გუნდები მიიწვიეს და ტურნირი მოაწყვეს, მათშორის იყო კოლუმბიური ბოგოტას მილონარიოსი, რომელმაც პირველი მატჩი შვედური ნორკოპინგის წინააღმდეგ გამართა.

შვედებთან მატჩში თავი გამოიჩინა ყველასთვის უცნობმა არგენტინელმა ახალგაზრდამ - ალფრედო დი სტეფანომ, რომელმაც ნორკოპინგს დუბლი გაუტანა. ტრიბუნაზე მყოფი რეალის და ბარსელონას სკაუტები არგენტინელით დაინტერესდნენ.

ალფრედო დი სტეფანო
მადრიდის რეალი (1953-64)

მაგრამ ვისგან უნდა შეეძინათ დი სტეფანო ესპანურ კლუბებს? მილონარიოსი ქაოტურ კოლუმბიურ ლიგაში თამაშობდა, რომლის მთავარი სტარი ბოგოტას ინდეპენდიენტე სანტა ფეს ინგლისელი ვარსკლვავი "ბოგოტას ბანდიტი" ჩარლი მიტენი გახლდათ. ამ ჩემპიონატს ფიფა არ აღიარებდა. შედეგად ესპანელები, დი სტეფანოს აღმზრდელ კლუბთან - რივერ პლეიტთან გადაამისამართეს. რივერთან ბარსა მოგვარდა და დი სტეფანო კატალონიაში გაემგზავრა. 

ბარსელონაში ჩატარებული რამდენიმე ამხანაგური მატჩის შემდეგ, საქმეში რეალი ჩაერთო. რეალმა 1.5 მილიონიანი წინადადება დააყენა. საპასუხოდ, ბარსამ თანხა 4 მილიონ პესომდე გაზარდა. სიტუაცია აირია.

საქმეში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ჩაერთო და ქვეყანაში ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ზოგადად უცხოელების დამატება აკრძალა, ცოტახანში ეს წესი გააუქმეს და კლუბებს მორიგებისკენ მოუწოდეს. ფედერაციამ რეკომენდაცია გასცა, რომ დი სტეფანოს კლუბებში მონაცვლეობით ეთამაშა (სეზონების მიხედვით). სანამ სიტუაციის დარეგულირებას მოგონილი წესებით ცდილობდნენ, მადრიდის მთავრობამ ყველაფერი მოაგვარა, ბარსა დი სტეფანოსთვის ბრძოლას გამოეთიშა და ის 4 მილიონი პესო რივერს მადრიდის რეალმა გადაუხადა.

ბარსას ფორმით: ლასლო კუბალა და ალფრედო დი სტეფანო

"1953-54 წლების სეზონში ჯამში დი სტეფანომ 29 გოლი გაიტანა და რეალს 21 წლიანი შესვენების შემდეგ ლა ლიგა პირველად მოაგებინა."

რეალში გადასვლიდან რამოდენიმე კვირაში არგენტინელმა პირველი კლასიკო ითამაშა და ბერნაბეუზე 5:0 მოგებულ მატჩში ბარსას 4 გოლი გაუტანა. 1953-54 წლების სეზონში ჯამში დი სტეფანომ 29 გოლი გაიტანა და რეალს 21 წლიანი შესვენების შემდეგ ლა ლიგა პირველად მოაგებინა.

მომდევნო სეზონში მადრიდელებმა ბარსელონას სახლში ისევ 5:0 მოუგეს, ზედიზედ მეორე ტიტული იზეიმეს და ახლად შექმნილ ევროპის ჩემპიონთა თასის (შემდეგ ჩემპიონთა ლიგა) გათამაშებაში ჩაერთვნენ. მერე რაც მოხდა ყველამ კარგად იცის (რეალმა დი სტეფანოს დახმარებით ეს ტურნირი ზედიზედ 5-ჯერ მოიგო), განსაკუთრებით ბარსელონაში.

კრუიფის შურისძიება

აიაქსიდან კრუიფის გადაბირებას რეალიც ცდილობდა, სამეფო გუნდმა კრუიფისადმი ინტერესი 1 მილიონიანი ჩეკის დემონსტრირებით გამოხატა. ბარსამ აიაქსს ცოტა ნაკლები შესთავაზა და საბოლოოდ 14 ნომრიანმა მადრიდს, ლა რაბლაზე ცხოვრება ამჯობინა.

იოჰან კრუიფი
ბარსელონა (1973-78)

კრუიფის პირველი ვიზიტი ბერნაბეუზე დი სტეფნოს ამბავის ვენდეტას დაემსგავსა. ეს მატჩი ბარსას ისტორიაში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე დიდი ღამეა, კრუიფმა თამაში წაიყვანა - 3 გოლი შეაგდო და კატალონიელებს გასვლაზე 0:5 მოაგებინა. კრუიფის დახმარებით სეზონი ბარსამ პირველ ადგილზე დაასრულა და ლა ლიგა 14 წლის შემდეგ პირველად მოიგო.

კრუიფის ბარსას ევრო ტურნირებზე შედეგი არ ჰქონდა. ჰოლანდიელმა მომდევნო წლებში ლა ლიგა ვეღარ მოიგო და ბარსელონა 1978 წლეს დატოვა. მაგრამ ეს ფილმის მხოლოდ პირველი ნაწილია, მეორე მაშინ დაიწყო, როდესაც ამსტერდამელი ბარსას 1988 წელს, როგორც მთავარი მწვრთნელი ისე დაუბრუნდა. თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა.

დაუფასებელი დანიელი

1989 წელს მიქაელ ლაუდრუპის თვითმფრინავი ელ პრატში დაჯდა. კრუიფმა თავისი მსგავსი დანიელი, იუვენტუსიდან გადმოიყვანა, რომელიც სერია ა-ში არიგო საკის მილანის მარწუხებში იყო მოქცეული. ლაუდრუპი ესპანეთში ბოლომდე გაიხსნა,  გუნდთან ერთად 9 ტიტული მოიგო, მათშორის პირველი ევროპის ჩემპიონთა თასი ბარსას ისტორიაში (1992) და 1990-94 წლებში კატალონიელბის დომინირების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ლაუდრუპის შესანიშნავი თამაში გახლდათ. 

ფაბიო კაპელო: "ყველაზე მეტად ფინალში ლაუდრუპის მეშინოდა. მაგრამ კრუიფმა 18 კაცში არ შეიყვანა."

იოჰან კრუიფი: "ლაუდრუპი რომ რიოს გეტოებში გაზრდილიყო, ეგეთი ფეხბურთელი მსოფლიოს ნანახი არ ეყოლებოდა. სწორედ ეს აკლდა, გეტოს ინსტიქტი და ჟინი, რითიც ლაუდრუპი თავის ნიჭს ყველა მატჩში 100% გამოავლენდა."

ინიესტა: "ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი? უდავოდ, ლაუდრუპი!"

მიშელ პლატინი: "ლაუდრუპი ალბათ სრულყოფილი ფეხბურთელი იქნებოდა, ცოტა უფრო ეგოისტი რომ ყოფილიყო."

ჟოზე მოურინიო: "ფენომენი! ბედნიერი ვიქნებოდი ლაუდრუპის კლასის მოთამაშე გუნდში რომ მყოლოდა."

პეპ გვარდიოლა: "ჩემი საყვარელი ფეხბურთელი. მიკვირს რომ ლაუდრუპს ოქროს ბურთი არ ააქვს."

რომარიო: "საუკეთესო ფეხბურთელი ვისთან ერთადაც მითამაშია!"

მაგრამ ყველაფერი მალე შეიცვალა. კურიფმა მოუხშირა ლაუდრუპის სასტარტოს გარეთ დატოვებას. ჰოლანდიელმა დანიელი ფლეიმეიქერი 1994 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ ათამაშა. ფინალში ბარსა კაპელოს მილანთან 4:0 განადგურდა. მალევე, კურიფთან უთანხმოების შემდეგ ლაუდრუპი მადრიდის რეალში გადავიდა.

მიქაელ ლაუდრუპი
ბარსელონა (1988-94)
მადრიდის რეალი (1994-96)

მიქაელ ლაუდრუპი: ხალხი ამბობს, რომ რეალში შურისძიების გამო გადავედი. რომელი შურისძიების? კამპ ნოუზე შესანიშნავი 5 წელი გავატარე. რეალი მაშინ მოწყურებული იყო დიდ გამაჯრვებებს, გუნდს 4 წელი არ ჰქონდა ჩემპიონატი მოგებული. ახალი გუნდი, ახალი მწვრთნელი, ახალი გარემო, ეს მინდოდა და სწორედ ეს იყო მადრიდში გადასვლის ძირითადი მიზეზი."

ლაუდრუპის რეალში გადაბარგებით დი სტეფანოს ისტორია კიდევ ერთხელ განმეორდა. პირველივე სეზონში კრუიფის ბარსას 5:0 მოუგო, მერე სეზონის მანძილზე ივან სამორანოს ბევრი გოლი გაატანინა და გუნდს ჩემპიონის ტიტული დაუბრუნა. რეალის შემდეგ ლაუდრუპი იაპონიაში წავიდა, ხოლო კარიერა 1998 წელს აიაქსში დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები