Thumbnail

მოდრიჩს უბრალოდ ხელფასის მომატება სურდა? ხორვატი რეალისკენ შეტრიალდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლუკა მოდრიჩი რეალ მადრიდში რჩება
  • მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა პერესს უკეთესი ხელფასი დაანიშნინა
  • ესპანური პრესის ინფორმაციით, ხორვატი ინტერში არ გადავა

ესპანური სპორტული პრესის ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩისა და ფლორენტინო პერესის შეხვედრამ ხორვატი ნახევარმცველის მილანის ინტერში შესაძლო ტრანსფერის საკითხი მადრიდის რეალის სასარგებლოდ გადაწყვიტა. გავრცელებული ცნობების თანახმად, მოდრიჩი მადრიდის რეალში რჩება!

გამოცემა AS წერს, რომ პერესთან შეხვედრის შემდეგ, ხორვატმა მილანის ინტერს უარი შეუთვალა. სანდო წყაროზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობის თანახმად, მოდრიჩი მადრიდულ გრანდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და, რა თქმა უნდა, უკეთეს ხელფასს მიიღებს. კონკრეტულად: მოდრიჩის ანაზღაურება წელიწადში 11 მილიონი ევრო იქნება - დაახლოებით იმდენი, რამდენსაც კაპიტანი სერხიო რამოსი იღებს.

ლუკა მოდრიჩი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

იტალიური ინტერი ხორვატ ნახევარმცველს 6-წლიან კონტრაქტს და წელიწადში 10 მილიონს სთავაზობდა. რეალის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ 32 წლის მოდრიჩისთვის ინტერზე უკეთესი პირობები შეეთავაზებინათ. AS-ის ინფორმაციით, ლუკა რეალში აქამდე 6,5 მილიონს იღებდა.

ლუკა მოდრიჩი და მისი მეუღლე, რომელიც ამავდროულად მისი მრჩეველია

შესაბამისად, არ დააყოვნა სპეკულაციებმა იმის შესახებ, რომ მოდრიჩს უბრალოდ ხელფასის მომატება სურდა და ინტერის ვარიანტი მას მიზნის მიღწევაში დაეხმარა. გარდა ესპანურ და იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობებისა, ბოლოს “ნერაძურის” ხორვატი ფეხბურთელებიც აქტიურად წერდნენ სოციალურ ქსელებში, რომ ლუკა მოდრიჩს მილანში ელოდებოდნენ...

კომენტარები

ბოლო ამბები