Thumbnail
  • 30 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშეებს დაასახელებენ
  • ევროპალიგაზე საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის მხოლოდ ფინალისტები იბრძვიან

30 აგვისტოს, მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება, სადაც გასული სეზონი საუკეთესო მეკარეს, მცველს, ნახევარმცველსა და თავდამსხმელს დააჯილდოვებენ.

უეფას ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა ნომინანტების სია. ოთხივე პოზიციის სამი საუკეთესო ფეხბურთელი, მედიის 55 წარმომადგენელთან ერთად, ჯგუფურ ეტაპზე გასული 32 გუნდის მწვრთნელმა შეარჩია.

მეკარეები: ალისონ ბეკერი, ჯანლუიჯი ბუფონი, კეილორ ნავასი.

ალისონ ბეკერმა ჩემპიონთა ლიგაზე 12 შეხვედრა ჩაატარა და 5 მატჩში გოლი არ გაუშვა. ახალი სეზონიდან ალისონი კარიერას ლივერპულში გააგრძელებს.

ჯანლუიჯი ბუფონმა 9 შეხვედრა ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე და მხოლოდ ორჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა. იტალიელმა ჩემპიონთა ლიგაზე 12 გოლი გაუშვა. ჯიჯი მომავალი სეზონიდან კარიერას პარი სენ ჟერმენში გააგრძელებს.

კეილორ ნავასმა 11 შეხვედრაში 13 გოლი გაუშვა. ორ მატჩში კი კარი მშრალად შეინახა.

მცველები: მარსელო, სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი

საუკეთესო მცველის ტიტულისთვის მადრიდის რეალის მცველები იბრძვიან. მარსელოს რამოსთან და ვარანთან შედარებით მცირე უპირატესობა აქვს. გარდა დაცვითი ფუნქციებისა, ის შეტევაშიც კარგად თამაშობდა. ბრაზილიელის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი, ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი

დიდი ალბათობით, საუკეთესო ნახევარმცველის ტიტულსაც მადრიდული გუნდის მოთამაშე მოიპოვებს. კევინ დე ბრუინის მანჩესტერ სიტი მეოთხედფინალში გამოეთიშა ასპარეზობას. ლუკა მოდრიჩმა და ტონი კროოსმა კი ზედიზედ მესამედ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის მოგება.

თავდამსხმელი: კრიშტიანო რონალდო, მოჰამედ სალაჰი, ლიონელ მესი

პორტუგალიელმა წინა სეზონში 15 გოლის გატანა მოახერხა. კიდევ ერთხელ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ასე დაემშვიდობა რეალის გულშემატკივრებს. ექსპერტთა აზრით, ამ ნომინაციის გამარჯვებული რონალდო გახდება. კრიშტიანო პრიზს უკვე იუვენტუსის ფეხბურთელის რანგში მიიღებს.

შარშან სამ ნომინაციაში რეალის ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს, საუკეთესო მეკარის პრიზი ბუფონს ხვდა წილად.

შარშანდელი სეზონის გამარჯვებულები
მეკარე
- ჯანლუიჯი ბუფონი
მცველი - სერხიო რამოსი
ნახევარმცველი - ლუკა მოდრიჩი
თავდამსხმელი - კრიშტიანო რონალდო


ევროპალიგა

ცნობილია იმ სამი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც ევროპალიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძოლებენ.

სამივე ფეხბურთელმა ევროპალიგის ფინალში ითამაშა. დიმიტრი პაიე მარსელის ღირსებას იცავდა, ხოლო დიეგო გოდინი და ანტუან გრიზმანი მადრიდის ატლეტიკოს რიგებში თამაშობდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები