Thumbnail

ბარსელონამ იერი მინა და ანდრე გომეშიც გაუშვა - სამი ახალწვეული ევერტონში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლივერპულის კლუბმა პრემიერლიგის სტარტის წინ სამი ახალი ფეხბურთელი დაიმატა
  • მინამ და ბერნარდმა სრულფასოვანი კონტრაქტები გააფორმეს, გომეში იჯარით ითამაშებს
  • წელს ევერტონისთვის ერთბაშად ბარსელონას სამი ყოფილი ფეხბურთელი გაირჯება 

ბარსელონამ ინგლისურ ევერტონში იერი მინა და ანდრე გომეშიც გაუშვა. შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში კატალონიური კლუბიდან ევერტონში ფრანგი მარცხენა მცველი ლუკა დინი გადაბარგდა.

ლივერპულელებმა ზედ პრემიერლიგის ახალი სეზონის დაწყების წინ, მათთან ერთად, ბრაზილიელი ბერნარდიც დაიმატეს.  

მინასა და გომეშს ევერტონში მეტი სათამაშო დრო ექნებათ

24 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი ანდრე გომეში ევერტონში იჯარის წესით, 2018/19 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს. გარიგება ევერტონს 2,25 მლნ ევრო დაუჯდება, ამასთან, ინგლისური კლუბი თავად გადაიხდის ფეხბურთელის ხელფასს.

გომეში ბარსელონაში 2016 წელს, ვალენსიიდან გადავიდა. კატალონიელებმა მასში 35 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ფეხბურთელმა ბარსელონაში თავის სადებიუტო სეზომში ვერ შეძლო ძირითადში დამკვიდრება - სასტარტო შემადგენლობაში პრიმერას 17 მატჩში იყო. პორტუგალიელისთვის მომდევნო სეზონი კიდევ უფრო წარუმატებელი გამოდგა - სასტარტოში ადგილი მხოლოდ 6-ჯერ ანდეს.

23 წლის კოლუმბიელი მცველი იერი მინა ევერტონში 30,25 მილიონ ევროდ გაიყიდა. კიდევ 1,5 მილიონს კატალონიური კლუბი ბონუსების სახით მიიღებს. მინას კონტრაქტი ახალ კლუბთან 5-წლიანია.

ცნობილია, რომ იერის ტრანსფერით ასევე ინტერესდებოდნენ მანჩესტერ იუნაიტედი, ლიონი და კიდევ რამდენიმე ცნობილი ევროპული კლუბი. მცველი ყველაზე ახლოს მანჩესტერულ კლუბთან იყო, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა.

იერი მინა ბარსელონაში 2018 წლის იანვარში გადავიდა. პრიმერას გასულ სეზონში ფეხბურთელმა ხუთ მატჩში ერთი საგოლე პასი მიითვალა.

ლივერპულელებმა, ანდრე გომეშისა და იერი მინას გარდა, დონეცკის შახტარის ყოფილი ნახევარმცველი ბერნარდიც დაიმატეს. ბრაზილიელმა, რომელიც კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ევერტონთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები