Thumbnail

დასისხლიანებული ლაინსმენი - შტურმის ფანმა მსაჯს თავში შუშის ბოკალი მოარტყა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ინციდენტის გამო 40 წუთით შეწყდა
  • გრაცის შტურმის ფანატმა ლაინსმენს ტრიბუნიდან შუშის ბოკალი თავში გაარტყა 
  • დამნაშავე ოპერატიულად დააკავეს, ოთარ კიტეიშვილის გუნდმა კი 0:2 წააგო   

ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი, რომელშიც ავსტრიულმა შტურმმა კვიპროსულ აეკ-ს უმასპინძლა, ინციდენტის გამო, 40 წუთით შეწყდა. შეხვედრის 78-ე წუთზე გვერდით მსაჯ ფრედერიკ კლუივერს ტრიბუნიდან ნასროლი შუშის ბოკალი თავში მოხვდა. 

დაზარალებულს, რომელსაც თავი გაუტყდა და ჭრილობიდან სისხლი სდიოდა, აუცილებელი სამედიცინო დახმარება იქვე გაუწიეს. საბოლოოდ შვედმა ლაისმენმა მოედანი თავისი ფეხით დატოვა, მისი ადგილი კი მეოთხე მსაჯმა დაიკავა.

ინციდენტის გამო გუნდები მოედნიდან გავიდნენ, უეფას წარმამადგენლებმა კი თათბირის შემდეგ შეხვედრის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. 

ფანატი, რომელმაც ლაინსმენს ბოთლი ესროლა, მიმალვას ცდილობდა, თუმცა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლებმა, ვიდეოჩანაწერის მეშვეობით, სწრაფად შეძლეს მისი გამოვლენა და დააკავეს.

"ჩვენთვის მიუღებელია, რაც გულშემატკივარმა მოიმოქმედა. ეს ზიანს აყენებს როგორც ჩვენ კლუბს, ისე მთლიანად ფეხბურთს. ფეხბურთი ზეიმი უნდა იყოს, რომლის მთავარი მიზანი შთამბეჭდავი და ლამაზი თამაშია. ვწუხვართ, რომ ქომაგებს იმედები გავუცრუეთ. ის ვინც, არბიტრს ბოკალი ესროლა, დაკავებულია. განიხილება დამნაშავის დასჯის ვარიანტები. კლუბი მსაჯს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს", - ნათქვამია ავსტრიული კლუბის განცხადებაში.

შეხვედრა აეკ-ის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. საპასუხო მატჩს გუნდები 16 აგვისტოს ჩაატარებენ.

ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია შტურმის ახალწვეულ ოთარ კიტეიშვილს, რომელსაც უეფას წესდებით, ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება არ აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები