Thumbnail

ლიგა 1 | პირველი ტურის წინ - მორიგი ისტორია ველოდრომზე იწყება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 10-12 აგვისტოს ლიგა 1-ის პირველი ტური გაიმართება
  • სეზონი ველოდრომზე გაიხსნება
  • ჩემპიონი ტურს კაენთან მატჩით ასრულებს

10 აგვისტოს TOP-5 საფეხბურთო ლიგებიდან ერთ-ერთი საფრანგეთის ჩემპიონატი - ლიგა 1 კონფორამა - იწყება. პირველი მატჩი "ორანჟ ველოდრომზე" გაიმართება, სადაც მარსელი ტულუზს მასპინძლობს. ლიგა 1-ის ეს გათამაშება რიგით 81-ე სეზონია. წლეულს, ლიგა 2-დან ორი კლუბი აღზევდა, ჩემპიონი რეიმსი და ნიმი. 

მსოფლიოს 8 ჩემპიონის საპატივცემულოდ

ჯერ თვეც არ გასულა, რაც ფრანგებმა მუნდიალის მოგება იზეიმეს

მუნდიალის მომგები 23 ფეხბურთელიდან 8 ლიგა 1-ში თამაშობს, პირველ ტურში გულშემატკივრები მათთან ერთად კიდევ ერთხელ იზეიმებენ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს, რომელსაც პირველად სწორედ "ველოდრომზე" ვნახავთ - მარსელს სამი ჩემპიონი ჰყავს: სტივ მანდანდა, ადილ რამი და ფლორიან ტოვენი. 12-ში მუნდიალის თასი უკვე ლიონში იქნება, სადაც ნაბილ ფეკირი სიამაყით გამოიტანს სხვებთან ერთად მის მიერ მოგებულ მთავარ ჯილდოს. შემდეგ მუნდიალის თასი პარიზში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე საათში პსჟ ნორმანდიულ კაენს უმასპინძლებს. პსჟ-ს მსოფლიოს სამი ჩემპიონი ჰყავს - ალფონს არეოლა, პრესნელ კიმპემბე და, რა თქმა უნდა, კილიან მბაპე. რაც შეეხება მე-8 ჩემპიონს, ჯიბრილ სიდიბეს, მას მე-4 ტურამდე მოცდა მოუწევს, როცა მონაკო მარსელს უმასპინძლებს. 

მარსელი-ტულუზი

გუსტავო და სარი ჩემპიონატს შესანიშნავ განწყობაზე ხვდებიან

მარსელს ჩემპიონატის გახსნის მატჩის მოგება ეიმედება, მით უფრო, რომ სტატისტიკურად სამხრეთელები თითქმის ყოველთვის კარგად იწყებენ სეზონს. იგივე ითქმის მათ მწვრთნელ რუდი გარსიაზე, რომელსაც უკვე 7 სეზონია, რაც მწვრთნელის რანგში პირველ ტურში მარცხი არ უგემია. მანდანდა, რამი და ტოვენი ცერემონიალს კი დაესწრებიან, მაგრამ ეს სამეული ვერ ითამაშებს, რადგან ჯერ ახლახან დაუბრუნდნენ ვარჯიშებს. ვერ ითამაშებს აგრეთვე მარსელელთა ხორვატი ახალწვეული დუიე ჩალეტა-ცარი (იმავე მიზეზით). სტუმარ ტულუზს ტრავმირებული ჰყავს სტივ იაგო. 

რუდი გარსია ექსპერიმენტებს აპირებს ტაქტიკურ განლაგებაში - მარსელი 3-5-2-ით ითამაშებს. მარსელს ტულუზთან ბოლო 15 დაპირისპირებაა, რაც არ წაუგია. 

მარსელის სავარაუდო შემადგენლობა

პელე - საკაი, გუსტავო, კამარა - სარი, კაბელია, პაიე, სანსონი, ამავი - მიტროღლუ, ჟერმენი

ნანტი-მონაკო

მონაკოს სამზადისი

ნანტს ახალი თავკაცი ჰყავს პორტუგალიელი მიგელ კარდოსო. კლაუდიო რანიერის შემცვლელმა უცნაურად დაიწყო - ახლახან ვარჯიშზე გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს, ნიკოლა პალოას ეჩხუბა და არა გვგონია, ის ექსჩემპიონთან მატჩში დააყენოს. პორტუგალიელი უპირატესობას შემტევ 4-3-3-ს ანიჭებს. 

მონაკოს არ ეყოლება ვარსკვლავური შენაძენი ალექსანდრ გოლოვინი, რუსს კოჭის ტრავმა აწუხებს, ამიტომაც კიდევ უფრო მეტი იქნება დამოკიდებული იური ტილემანსზე. ახალგაზრდა ბელგიელს ამ სეზონში მონაკოში ლიდერის როლის აღება მოუწევს. ჯიბრილ სიდიბე და დანიელ სუბაშიჩი არ იქნებიან (მიზეზი აქაც მუნდიალია). ალმამი ტურეს არყოფნაში მარჯვენა ფლანგზე ანდრეა რაჯის უნდა ველოდოთ. ამ გუნდების ბოლო 10 დაპირისპირებიდან 8 მონაკომ მოიგო.

მონაკოს სავარაუდო შემადგენლობა

ბენალიო - რაჯი, გლიკი, ჟემერსონი, ბარეკა - აოლუ, პელე, ტილემანსი - კეიტა, ფალკაო, ლოპეში

ლიონი-ამიენი

ლიონი ჩემპიონატისთვის მზად არის

გასულ სეზონში მარსელთან მატჩში ცუდად მოქცევისთვის დასჯილი ანტონი ლოპეში დისკვალიფიცირებულია. ნაბილ ფეკირმა შესაძლოა, იმავე მიზეზით არ ითამაშოს, რა მიზეზითაც პირველ ტურს მუნდიალის მონაწილე ფეხბურთელები ტოვებენ. ასე რომ, მეტი როლი მემფის დეპაის დაეკისრება. ლიონმა ბოლოს ზედიზედ სამი დაპირისპირება მოუგო ამიენს და ახლაც ფავორიტია.

ლიონის სავარაუდო შემადგენლობა

გორჟელენი - დუბოა, მარსელო, მორელი, მენდი - ნდომბელე, ტუსარი, აუარი - დეპაი - ტრაორე, ტერიე

პსჟ-კაენი

პსჟ ჩემპიონატისთვის ემზადება

თომას ტუხელმა ერთი ტიტული უკვე მოიგო პსჟ-სთან ერთად და ახლა ლიგა 1-შიც ექნება დებიუტი. მას ამ ტურნირში არც არავინ უსახავს მიზანს, ისედაც ცხადია, რომ პარი სენ-ჟერმენისგან მხოლოდ მოგებას ითხოვენ. საეჭვოა გასული სეზონის ბომბარდირის ედინსონ კავანის თამაში. ასევე საეჭვოა ითამაშებენ თუ არა მუნდიალის გმირები მბაპე და კიმპემბე. სამაგიეროდ, ითამაშებს ბელგიელი თომას მონიე, რომელმაც სუპერთასის შეხვედრა გამოტოვა. თუ კავანი ვერ ითამაშებს, მაშინ მის ადგილზე ჟორჟ ვეას ვაჟს, ტიმოტის ვიხილავთ. პსჟ-ს კაენთან უკვე 15 თამაშია არ წაუგია. 

პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა

ბუფონი - მონიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა - ვერატი, დიარა, რაბიო - დი მარია, ვეა, ნეიმარი

საინტერესო ფაქტები ლიგა 1-ზე

► პირველი ჩემპიონატი 1932 წელს ჩატარდა და მაშინ მას ნასიონალი ერქვა, ერთი წლის შემდეგ ტურნირს პირველი დივიზიონი ეწოდა და ეს სახელი 2002 წლამდე შერჩა, ამის მერე კი ტურნირი ლიგა 1-დ იწოდება.

► სენტ ეტიენი საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია - 10-ჯერ მოიგო ჩემპიონატი. შემდეგ მოდის მარსელი - 9 და მონაკო და ნანტი - 8-8. 

► ლიონმა 7 ტიტული მოიგო და ყველაზე ერთმანეთის მიყოლებით 2002-2008 წლებში.

► ამ ტურნირის გამარჯვებულ პსჟ-ს ჩემპიონობა 7-ჯერ აქვს მოგებული. 

► ლიგა 1-ში ყველაზე მეტი თამაში ჩაატარა გოლკიპერმა მიშელ ლანდრომ - 618.

► ყველაზე მეტი გოლი კი არგენტინელმა დელიო ონისმა გაიტანა - 299.

► მარსელი ელიტაში 69-ე სეზონს იწყებს და ეს ფრანგული რეკორდია.

► პსჟ-სთვის ეს მხოლოდ 46-ე სეზონია ელიტაში. 

I ტური

10 აგვისტო. პარასკევი

22:45 მარსელი-ტულუზი

11 აგვისტო. შაბათი

19:00 ნანტი-მონაკო

22:00 ანჟერი-ნიმი

22:00 ლილი-რენი

22:00 მონპელიე-დიჟონი

22:00 ნიცა-რეიმსი

22:00 სენტ ეტიენი-გენგამი

12 აგვისტო. კვირა

17:00 ლიონი-ამიენი

19:00 ბორდო-სტრასბური

23:00 პსჟ-კაენი

გამოკითხვა

ვინ გახდება საფრანგეთის ჩემპიონატის ბობმარდირი?

  • ედინსონ კავანი
  • ნეიმარი
  • კილიან მბაპე
  • მარიანო დიაზი
  • ფალკაო
  • მემფის დეპაი
  • ნაბილ ფეკირი
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები