Thumbnail
  • ტორპედოს უხვგოლიანი გამარჯვება ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე
  • ქუთაისელებმა ალბანური კუკესი 5:2 დაამარცხეს და პლეი ოფამდე 1 ნაბიჯიში აშორებთ

ქუთაისის ტორპედომ ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ალბანური კუკესი 5:2 დაამარცხა და პლეი ოფს მიუახლოვდა. თუ ქართული კლუბი საპასუხო შეხვედრას 3-ბურთიანი სხვაობით არ წააგებს, ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი დარჩება!

ტორპედო 5:2 კუკესი

გოლები: 1:0 კუხიანიძე (3), 2:0 კუხიანიძე (15), 2:1 ჰარბა (22), 3:1 მარინი (28), 4:1 ქიმაძე (31), 5:1 კაპანაძე (81), 5:2 პლაკუ (88-პენ)

ტორპედო (4-1-4-1): კვასხვაძე - გეგეჭკორი, კობახიძე (79. ხურცილავა), აზაცკი, მარინი - ცინცაძე - დოლიძე (72. დაფე), კუხიანიძე, ჰლინკა, ქიმაძე - ლაჩნი (67. კაპანაძე).

კუკესი (4-2-3-1): ფრაშერი - ჰოჯა, შამეტი, ჩაჩი, რუმბულაკუ - მუსოლი, ძარია (63. შკოდრა) - ჩიბრია (63. პლაკუ), რეჯინალდო, ვილიამი (74. ზგურო) - ჰარბა.

ქუთაისელთა ძირითად შემადგენლობაში 4 ლეგიონერი იყო გამწსებული - მცველები აზაცკი და მარინი, ნახევარმცველი ჰლინკა და ცენტრფორვარდი ლაჩნი. კუკესის სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ ალბანური კლუბის ქართველი ლეგიონერი ირაკლი ძარია.

1:0 კუხიანიძე (3. მარინის პასით)

ტორპედომ თამაში აქტიურად დაიწყო და მალევე დაწინაურდა: მე-3 წუთზე ქიმაძემ მარცხენა ფლანგზე დროულად გაატანა ბურთი ლაზარ მარინს, რომელმაც საჯარიმოში გიორგი კუხიანიძე მოძებნა. ალბანური კლუბის მცველებს ქუთაისელთა მე-10 ნომერი უყურადღებოდ ჰყავდათ დატოვებული და მანაც მეკარე ფრაშერის აუღებელი დაურტყა.

2:0 კუხიანიძე (15. ქიმაძის პასით)

სწრაფი გოლის მიუხედავად, ქუთაისელებმა აქტიური პრესინგი გააგრძელეს, ალბანელები კი დაბნეულები ჩანდნენ. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკური გახლდათ ის, რომ ტორპედომ მალე მეორე ბურთიც გაიტანა, რომელიც ისევ კუხიანიძის ანგარიშზეა. ტორპედოს ათიანი ამჯერად ქიმაძის ჩაწოდებულს დახვდა ადგილზე - კუკესის ცენტრალურმა მცველმა მას ხელი ვერ შეუშალა. აღსანიშნავია, რომ მეორე გოლამდე 1 წუთით ადრე გატანა გეგეჭკორსაც შეეძლო.

2:1 ჰარბა (22)

ტორპედო მეტოქეს აშკარად ყველა კომპონენტში სჯობდა, მაგრამ 22-ე წუთზე ალბანურმა კლუბმა სხვაობის შემცირება მოახერხა. ჰარბას მართალია, ალოგიკური, მაგრამ მართლაც ეფექტური გოლი გამოუვიდა. გოლმა კუკესის ფეხბურთელებს თითქოს თავდაჯერება შემატა - მათ აქტიურად შეუტიეს და 25-ე წუთზე რეჯინალდოს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ კვასხვაძის კარს ბურთი მცირე მანძილით ააცილა.

3:1 მარინი (28. კუხიანიძის პასით)

მალევე დადასტურდა, რომ ალბანელთა გოლი მართლაც კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი. 28-ე წუთზე, კუხიანიძის ბრწყინვალე პასის შემდეგ, ლაზარ მარინი კუკესის მარჯვენა მცველ ჰოჯას იოლად გაუმკლავდა და ფრაშერის აუღებელი დაურტყა.

4:1 ქიმაძე (31. დოლიძის პასით)

...და 3 წუთში ტორპედომ მე-4 გოლი გაიტანა! დოლიძის კუთხურის შემდეგ, ალბანელებმა ბურთი უხეიროდ მოიგერიეს, ქიმაძელ კი, საჯარიმოს მისადგომებიდან, უძლიერესი და ულამაზესი დარტყმით მეკარეს მოგერიების შანსი არ დაუტოვა.

პირველი ტაიმისთვის 5 გოლი საკმარისზე მეტი იყო. მეორე ნახევარი ალბანურმა კლუბმა გაცილებით მეტი კონცენტრაციით დაიწყო. ქუთაისელები პრესინგსაც განაგრძობდნენ და კვლავ ზომიერად აგრესიულად ცდილობდნენ შეტევას, მაგრამ ალბანელები დაცვაში დალაგდნენ და მათ კართან რეალური საგოლე მომენტების შექმნა ადვილი აღარ იყო. მეორე ტაიმის პირველი 20 წუთიდან აღსანიშნავი მხოლოდ ლაჩნის მომენტია, რომელმაც ახლო მანძილიდან ბურთი ხარიხას მოარტყა.

5:1 კაპანაძე (86)

მატჩის მიწურულს, შეცვლაზე შესული კაპანაძე კუკესის მცველებს ეფექტურად დაუძვრა და ანგარიში 5:1 გახადა.

5:2 პლაკუ (88-პენ)

სამწუხაროდ, ტორპედომ 4-ბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. 88-ე წუთზე, ქუთაისელთა კარში დანიშნული პენალტი პლაკუმ ზუსტად შეასრულა და კუკესის მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაუტოვა. 91-ე წუთზე ალბანელებს კიდევ ერთი ბურთის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ტორპედო კვასხვაძემ გადაარჩინა.

ქუთაისელ გულშემატკივრებს აგვისტოს ომში დაღუპული გმირები არ დაავიწყდათ

5:2 ძალიან კომფორტული ანგარიშია, მაგრამ საპასუხო მატჩში ქუთაისელებს ყურადღებით თამაში მართებთ - საკუთარ მოედანზე ალბანელებს დასაკარგი არაფერი ექნებათ. თუ კახა ჩხეტიანის გუნდი კუკესის ბარიერს გადალახავს (რაშიც, წესით, ეჭვი აღარ უნდა გვეპარებოდეს), პლეი ოფში ბულგარული ლუდოგორეცისა და ბოსნიური ზრინსკის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრაში ლუდოგორეცმა 1:0 გაიმარჯვა.

კომენტარები (1)

მადლობა და წარმატება "ტორპედოს" და ასევე დიდი მადლობა ქუთაისელ გულშემატკივრებს "დიდება გმირებს 08.08.08" ყოჩაღ გაიხარეთ და სულ გამარჯვებები გეზეიმოთ, როგორც საკუთარი გუნდის ასევე საკუთარი ქვეყნის, კარგები ხართ.

ბოლო ამბები