Thumbnail

‘მგონია, რომ გავვარდით!’ - მოურინიო ლესტერთან მატჩის წინ ყველაფრით უკმაყოფილოა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პარასკევს ინგლისის ჩემპიონატი იწყება
  • პირველ მატჩში მანჩესტერ იუნაიტედი ლესტერს დაუპირისპირდება
  • ჟოზე მოურინიომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები გააკეთა

ინგლისის პრემიერლიგა პარასკევს, მანჩესტერ იუნაიტედისა და ლესტერის მატჩით (23:00) იწყება. სეზონის პირველი მნიშვნელოვანი მატჩის წინ, მანჩესტერული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა და საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები გააკეთა.

55 წლის პორტუგალიელი ყველაფრით უკმაყოფილოა - არც კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა მოსწონს, არც შეკრება და გუნდის მოსამზადებელი პროცესი მოეწონა და, ცხადია, იმაზეც იწუწუნა, რომ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს.

აი, რა საკითხები წამოჭრა ჟოზემ ჟურნალისტებთან საუბრისას: 

ტრავმირებულები: “რომერო, ვალენსია, მარკოს როხო, დალოტი, ანდერ ერერა, მატიჩი - მსოფლიოს ჩემპიონატის დროს და მის შემდეგ ყველას ტრავმა აწუხებდა. ორშაბათის შემდეგ ყველა ჩვენთანაა, მაგრამ ვერცერთი ვერ ასწრებს გამოჯანმრთელებას ან ფორმაში შესვლას.”

ტრანსფერები: “ძალიან მანერვიულებს ჩვენი სატრანსფერო პოლიტიკა და ის ფაქტი, რომ გუნდის ნორმალურად გაძლიერება ვერ შევძელით. სატრანსფერო ფანჯარა იხურება და კმაყოფილების საფუძველი არ მაქვს. იძულებული ვარ, სეზონი იმ ფეხბურთელებით დავიწყო, რომლებიც მყავს.”

'ჩემთვის ძალიან რთულია იმის დაჯერება, რომ მართლაც ვიცე-ჩემპიონები გავხდით...'

მოსამზადებელი პერიოდი: “ამ თემაზე რამდენიმე კვირის წინაც ვისაუბრე, მაგრამ ახლაც გავიმეორებ: გუნდის სეზონისთის მომზადება რთულია, როცა არ გყავს ის ფეხბურთელები, რომლებთან ერთადაც მუშაობა შეგიძლია. ეს ძალიან მარტივია.”

► პრემიერლიგის დიდი გუნდები - ყველაფერი, რაც სეზონის სტარტზე უნდა იცოდე

მანჩესტერ იუნაიტედის მიზნები: “ჩემთვის ძალიან რთულია იმის დაჯერება, რომ მართლაც ვიცე-ჩემპიონები გავხდით. როდესაც ჩვენს შესახებ გაკეთებულ შეფასებებს ვკითხულობ, ან ზოგადად ჩვენ გარშემო შექმნილ სიტუაციას ვაკვირდები, ასე მგონია, რომ პრემიერლიგიდან გავვარდით. სხვა გუნდები ჩვენზე ქვემოთ იყვნენ ცხრილში, მაგრამ მათზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს სერიულ-ჩემპიონებთან გვქონდეს საქმე. ჩემპიონატები ჯამში 8-ჯერ მოვიგე - აქედან, სამჯერ პრემიერლიგა. მიუხედავად ამისა, ისეთი განცდა მაქვს, რომ წინა სეზონში დაკავებული მეორე ადგილი ჩემი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა იყო.”

ერთი სიტყვით, ლესტერთან მატჩის წინ მანჩესტერ იუნაიტედში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. ჟოზე მოურინიოს ადრე ამაზე უარესებიც უთქვამს, მაგრამ ამჯერად სიტუაცია მართლაც რთულია, რადგან მას ბოლო დროს ზედმეტად ხშირად აკრიტიკებენ. თუ იუნაიტედი პირველ ტურში ლესტერს ვერ დაამარცხებს, პორტუგალიელის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. პრემიერლიგის კლუბების მწვრთნელებს შორის მას ისედაც გათავისუფლების ერთ-ერთ უპირველეს კანდიდატად მოიაზრებენ...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • მან. იუნაიტედი
  • ლესტერი

კომენტარები

ბოლო ამბები