Thumbnail

‘ჟოზეს ფეხბურთი მეც არ მესიამოვნებოდა!’ - პოლ სქოულზმა მოურინიო გააკრიტიკა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა ჟოზე მოურინიოს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა
  • პოლ სქოულზს მიაჩნია, რომ პორტუგალიელი მწვრთნელი იუნაიტედს არ უხდება

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა პოლ სქოულზი ფიქრობს, რომ მის ექს-კლუბს ცუდი სეზონი ექნება. 43 წლის ყოფილი ნახევარმცველის აზრით, იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო რთულ მდგომარეობაშია.

“ჩემი დაკვირვებით, ფეხბურთელებს არ სიამოვნებთ იმ ფეხბურთის თამაში, რომელსაც ჟოზე მოურინიო ქადაგებს. ეს ოდნავადაც არ მიკვირს, რადგან მეც არ მესიამოვნებოდა,” - განაცხადა სქოულზმა AFP-სთან ინტერვიუში.

'თუ ასე გაგრძელდება და გუნდი შედეგსაც ვერ მიაღწევს, მოურინიოს წასვლა მოუწევს'

პოლ სქოულზი

ვეტერანის აზრით, გუნდის მწვრთნელის მოვალეობა ისიცაა, რომ ფანებმა საყვარელი გუნდის თამაშისგან სიამოვნება მიიღონ: “მწვრთნელის პასუხისმგებელია იმაზე, რომ გულშემატკივრებმა ისიამოვნონ. სამწუხაროდ, ეს ბოლო დროს სულ უფრო და უფრო იშვიათად ხდება. თუ ასე გაგრძელდება და გუნდი შედეგსაც ვერ მიაღწევს, მოურინიოს წასვლა მოუწევს. თუმცა ჟოზეს დიდი გამოცდილება აქვს და იმედია, გამოსავალს იპოვნის,” - დასძინა სქოულზმა.

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მანჩესტერში მოურინიოს მკაცრად აკრიტიკებენ. იუნაიტედი პორტუგალიელის ხელმძღვანელობით მესამე სეზონს იწყებს და ისევე, როგორც შარშან, კლუბის ხელმძღვანელების სატრანსფერო პოლიტიკა ახლაც გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ კვირის დასაწყისში ჟერომ ბოატენგის ტრანსფერი ჩაიშალა - ინგლისური და გერმანული მედიის ინფორმაციით, ბაიერნის მცველმა პირადად ჟოზეს უთხრა უარი.

აღსანიშნავია, რომ სქოულზი და მოურინიო ერთმანეთს დიდი ხანია ვერ იტანენ. კლუბის ლეგენდა პორტუგალიელ მწვრთნელს შარშანაც დაუპირისპირდა, რაზეც ჟოზესგან ასეთი პასუხი მიიღო: “თუკი პოლი ოდესმე მწვრთნელი გახდება, ვუსურვებ, რომ ჩემი მიღწევების 25 პროცენტი მაინც გაიმეოროს!”

კომენტარები

ბოლო ამბები