Thumbnail
  • ლიგა 1-ის დაწყებამდე 5 ამბავი საფრანგეთიდან
  • აქ ყველაფერი პსჟ-ს ირგვლივ ტრიალებს
ჯიჯი ბუფონი და სხვები - ლიგა 1-ის TOP-5 ტრანსფერი

მას მერე, რაც საფრანგეთის ნაკრებმა 20 წლის შემდეგ გაიმეორა საფეხბურთო გმირობა და მოიგო მუნდიალი, მთელი ქვეყანა ფეხბურთით ცხოვრობს. თუმცა საკლუბო ფეხბურთში სულ სხვა რეალობაა, აქ ფრანგული ფეხბურთი გრანდების არიერგარდშია და ამას ვერც მუნდიალის მოგებამ უშველა. მეტიც, სხვა ჩემპიონატებმა ტალანტების ახალი პარტია მიიღო ლიგა 1-დან და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონატი კიდევ უფრო დასუსტდა. მაგრამ საფრანგეთს აქვს ერთი არგუმენტი, რომლის წყალობითაც საკლუბო ფეხბურთის ყურადღების ცენტრიდან არ გამოდის - მას პარი სენ-ჟერმენი ჰქვია. სუპერკლუბი ფულით, შემადგენლობითა და ამბიციებით, რომელიც კიდევ ერთხელ შეეცდება იმის დამტკიცებას, რომ ის მოედანზეც სუპერკლუბია. მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელი მცდელობა ჩავარდა...

1. იყო ემერი, ახლა ტუხელის დროა

თომას ტუხელი პსჟ-ში თბილად მიიღეს

პარიზულ სუპერშემადგენლობას გასულ სეზონში კარგი ტაქტიკოსი, მაგრამ ნაკლებად ვარსკვლავური მწვრთნელი, ბასკი უნაი ემერი წვრთნიდა, რომელიც ახლა დიდ საქმეებს შეეჭიდა ლონდონში. პარიზელთა ხელმძღვანელობა ირწმუნებოდა, რომ ემერი უბრალოდ მორიგი მწვრთნელი არ იყო, ის დიდი პროტექტის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იყო, პროექტს კი პსჟ სუპერკლუბად უნდა ექცია. რეალობა, როგორც ჩანს, გაცილებით პროზაული აღმოჩნდა, ვერ ივარგა ემერის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩებში და არავინ აპატია ესპანელ სპეციალისტს წარუმატებლობა, მით უმეტეს, როცა სეზონის წინ პსჟ-მ ნამდვილი ბომბი გაისროლა - 222 მილიონ ევროდ ნეიმარი შეიძინა. 

რა ხდება ახლა გუნდში? გუნდში, რომლის ფეხბურთელების საერთო ღირებულება 800 მილიონ ევროს აჭარბებს. ემერი აღარ არის, სამაგიეროდ, მოვიდა გერმანელი თომას ტუხელი, ხელმძღვანელობა კვლავ ალაპარაკდა გრძელვადიან პროექტზე. დაივიწყეთ, ასეთ კლუბებში წარმატება მაშინვე და დიდია საჭირო. ასე რომ, არც ტუხელს აქვს დიდი დრო მიცემული. პსჟ კი მართლა მომწიფდა ისეთ გუნდად, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე თამამი განაცხადის გაკეთება შეუძლია.

ემერისთან ერთად პსჟ-ში აღარ არიან ხავიერ პასტორე, გჟეგოჟ კრიხოვიაკი (რომელიც ისედაც იჯარით იყო ინგლისში), იური ბერჩიჩე, ჰატემ ბენ არფა, ტიაგო მოტა და კიდევ ერთი-ორი შედარებით უცნობი ფეხბურთელი. სამაგიეროდ, ვინ დაიმატა კლუბმა? თითქმის არავინ - B გუნდიდან რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი გადმოიყვანეს (მაგალითაც მარცხენა მცველი ნ'სოკი) და დაიმატეს 40 წლის ჯიჯი ბუფონი. თუმცა ბუფონი უკვე ცალკე თემაა...

2. ჯიჯი, როგორც ნეიმარი

ჯიჯის დამატებით პსჟ-მ საფეხბურთო წონა მოიმატა

გახსოვთ შარშანდელი ზაფხული? ნეიმარის პარიზში გადასვლის გამო გამოწვეული აჟიოტაჟი, ბრაზილიელს შანს ელიზეზე სუპერდახვედრა მოუწყვეს, ყველა პსჟ-ზე ლაპარაკობდა ევროპაშიც და მსოფლიოშიც. წლეულს თითქმის ასეთივე ეფექტი პსჟ-ს ბოსებმა 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ უფასოდ მოახდინეს - იუევესა და იტალიური ფეხბურთის ლეგენდის, ჯიჯი ბუფონის ტრანსფერით.

ბუფონის გადასვლა ერთი ჩვეულებრივი ტრანსფერი არ არის, ეს მოვლენაა ფრანგულ საკლუბო ფეხბურთში.

3. მეორეხარისხოვანი ქვეყანა?

მალკომი ამიერიდან ბარსასთვის გაიტანს

ფრანგულ ფეხბურთს ტალანტების მხრივ რომ სულაც არ უჭირს, ეს მუნდიალმაც დაგვანახა. თუმცა ლიგა 1 იქცა "მეორეხარისხოვან" ჩემპიონატად, რომელიც გრანდებს ტალანტებით ამარაგებს. საკმარისია ითქვას, რომ ლიგა 1-ის კლუბებმა ყველაზე მეტი ფული ალექსანდრ გოლოვინის ტრანსფერში გადაიხადეს და ესეც ალბათ არ მოხდებოდა, რომ არა მონაკოს რუსი მფლობელი. ლიგა 1-ს უკვე ვერ განასხვავებთ პორტუგალიის პრიმეირასგან, რომლის მთავარი "მოწოდება", სწორედ ტოპლიგების ფეხბურთელებით მომარაგება და ამის ხარჯზე ცხოვრებაა. 

ფრანგული კლუბებიდან ძირითადად ინგლისში (ფაბინიო, სერი, დიოპი, კონგოლო, ბისუმა, ღეზალი), ესპანეთში (ლემარი, მალკომი, ბერჩიჩე, ეკამბი, დიაქაბი) წავიდნენ, თუმცა ერთი-ორი ვარსკვლავი იტალიამ (პასტორე) და გერმანიამაც (პლეა) შეიფარა. 

4. ტრიო - წინასწარ წაგებული თამაში?

პსჟ-მ ერთი ტიტული უკვე მოიგო, თანაც, ძალიან იოლად

ვინ გააჩერებს პსჟ-ს, რომელსაც რეკორდული ტრანსფერი არ განუხორციელებია, მაგრამ მაინც აშკარა ფავორიტია - მონაკო? ლიონი? მარსელი? პსჟ-მ გასულ სეზონში 108 გოლი გაიტანა და მხოლოდ 29 გაუშვა. სამივე პრეტენდენტმა ბევრი იშრომა სატრანსფერო ბაზარზე, ვარსკვლავები არ შეუძენიათ, თუმცა საჭირო გადაადგილებები გააკეთეს, მაგრამ არ არსებობს თუნდაც ერთი მიზეზი მაინც, რომ ეს სეზონი ინტრიგის თვალსაზრისით, რამით განსხვავებული იქნება წინაზე. ამის კარგი ინდიკატორი იყო საფრანგეთის სუპერთასი...

ჯიჯიმ და ტუხელმა თავიანთი პირველი ტიტული უკვე მოიპოვეს და ეს ისე იოლად გააკეთეს... ჩემპიონთა ტროფეი პსჟ-მ სანახევროდ ექსპერიმენტული შემადგენლობით მოიგო, როცა მონაკო 4:0 დაამარცხა. მატჩი პარიზიდან 10 000 კილომეტრზე, ჰონკონგთან მდებარე ქალაქ შენჟენში ჩატარდა. ანხელ დი მარიას დუბლს, ჟორჟ ვეას შვილის - ტიმოტის და კრისტოფერ ნკუნკუს გოლები დაემატა. 

5. ვიეირა სამშობლოში დაბრუნდა

პატრიკ ვიეირას დიდი სამწვრთნელო გამოწვევა

დიდი სამწვრთნელო ცვლილება მოხდა ნიცაში - Les Aiglons-მა გუნდში პატრიკ ვიეირა დანიშნა. არსენალის ლეგენდა, რომელის საფრანგეთს 1998 წლის მუნდიალისა და 2000 წლის ევროს მოგებაში დაეხმარა. ის ნიუ იორკ სიტიში 2016 წლიდან მუშაობდა. ამერიკაში ვიეირა წარმატებული იყო, მაგრამ ლიგა 1 სულ სხვა დონეა და ნიცა მისთვის უდიდესი გამოწვევაა კარიერაში.

კლუბს ამ სეზონში ევროსაგზურის მოპოვება სურს, გასული კი მე-8 ადგილზე დაასრულა. ის ამბობს, რომ როგორც მწვრთნელი, ჟოზე მოურინიოსა და არსენ ვენგერის საუკეთესო თვისებების ნაზავი უნდა იყოს. ვნახოთ...

კომენტარები

ბოლო ამბები