Thumbnail

10 აგვისტოს პრემიერლიგა იწყება! ინგლისელები დიდ ევროპულ ჩემპიონატებს შორის თავის პირველობას ყველაზე ადრე იწყებენ. პრემიერლიგის სტარტი ორი ძირითადი ტენდენციით ხასიათდება:

დიდმა გუნდებმა უარი თქვეს მასშტაბურ და რევოლუციურ ცვლილებებზე - პრემიერლიგის გრანდებიდან ახალი მწვრთნელი მხოლოდ ლონდონურ კლუბებს (არსენალი, ჩელსი) ჰყავთ და არცერთ მათგანს კარდინალურად თავისი შემადგენლობა არ შეუცვლია.

შესაბამისად, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რამდენიმე დღით ადრე (ინგლისში წელს სატრანსფერო ფანჯარა ჩვეულებრივზე ბევრად ადრე, 9 აგვისტოს იხურება) შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელ სეზონში პრემიერლიგურმა გრანდებმა აქცენტი უფრო მეტად შემადგენლობის სტაბილურობაზე გააკეთეს, ვიდრე ახალ შენაძენებზე.

წელს ინგლისურ გრანდებში გადასულ ფეხბურთელთაგან ყველაზე სახელიანი ალბათ ჩელსის ჟორჟინიო და ლივერპულის ალისონი არიან - ორი კარგი ფეხბურთელი, თუმცა, არცერთი მათგანი არ შედის მსოფლიო ფეხბურთის უპირველეს ვარსკვლავთა ჩამონათვალში.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც პრემიერლიგაზე გავლენას მოახდენს, სულ სამიოდე კვირის წინ დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატია. პრემიერლიგიდან მუნდიალზე ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშა. მათი ნაწილი თავის გუნდებში ან ჯერ არ დაბრუნებულა და ისევ ისვენებს, ან გვიან დაბრუნდა და პრემიერლიგის სტარტს მოუმზადებელი ხვდება.

მსოფლიოს ჩემპიონატზე გაშვებული ფეხბურთელების რაოდენობა

მაშინ, როდესაც კლუბებს 10-15 ფეხბურთელი ჰყავდათ მუნდიალზე, ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად განაპირობებს მათ სათამაშო ფორმას. იმ კლუბებს შორის, რომელთაც ყველაზე მეტი ფეხბურთელი მიავლინეს მსოფლიოს ჩემპიონატზე, სწორედ პრემიერლიგის კლუბები ლიდერობენ. 

შარშანდელი ჩემპიონი წლევანდელ სეზონს კვლავ უპირველესი ფავორიტის რანგში ეგებება. სიტიმ უკვე მოიგო სეზონის პირველი ტიტული და სერხიო აგუეროს გოლებით სუპერთასის ფინალში ლონდონური ჩელსი დაამარცხა. 

სიტი იოლად პოულობდა სივრცეებს ჩელსის ნახევარზე

გვარდიოლას გუნდის წინააღმდეგ მეტყველებს სტატისტიკა - პრემიერლიგის ზედიზედ ორჯერ მოგება ურთულესი ამოცანაა. მას შემდეგ, რაც 2006-2009 წლებში ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედმა ზედიზედ სამჯერ მოახერხა პრემიერლიგის მოგება, ვერცერთმა გუნდმა შეძლო ტიტულის დაცვა.

შარშანდელი სეზონი სიტისთვის ისტორიული გამოდგა. სეზონის წინ გვარდიოლა მუდამ იმეორებს, რომ შარშანდელი შედეგების გამეორება წელს არარეალისტურია და თუკი სიტი მოახერხებს და ყველანაირი რეკორდების დამყარების გარეშე, ჩემპიონობას ისევ მოიპოვებს, ეს მათთვის იდეალური იქნება.

სიტის სეზონი 17/18 -გოლების და ქულების რეკორდი

პრემიერლიგური სტატისტიკის წინააღმდეგ, კატალონელ სპეციალისტს თავისი სტატისტიკაც აქვს. გვარდიოლას წინა გუნდები (ბარსელონა, ბაიერნი) ყოველთვის ახერხებდნენ ტიტულის დაცვას, თუმცა, ესპანეთის ან, მით უმეტეს, გერმანიისგან განსხვავებით, პრემიერლიგაში კონკურენციის ხარისხი ბევრად უფრო მაღალია.

სატრანსფერო კამპანია

სიტიმ თავისი სტანდარტით უჩვეულოდ პასიური სატრანსფერო კამპანია ჩაატარა. ერთადერთ მნიშვნელოვან შენაძენად ლესტერ სიტიდან რიად მაჰრეზის ტრანსფერი იქცა. მაჰრეზი ძალიან კარგი შემტევია, რომელიც შეტევის მარჯვენა ფლანგზე თამაშობს. იგი ტექნიკური ფეხბურთელია, რომელსაც თავისი ცაციის წყალობით მარჯვნიდან ცენტრში შესვლა უყვარს. თამაშის სტილით იგი ბერნარდო სილვას ჩამოჰგავს. ამ პოზიციაზე სიტის ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. მაჰრეზისა და ზემოთხსენებული ბერნარდო სილვას გარდა, მარჯვენა შემტევის პოზიციის დაკავება დავიდ სილვას ან რაჰიმ სტერლინგსაც შეუძლიათ. შესაბამისად, მაჰრეზი უფრო როტაციის ფეხბურთელი იქნება და მნიშვნელოვნად არ შეცვლის თამაშის სტილს.

სიტის მთავარი სატრანსფერო იმედგაცრუება ნაპოლიდან ჟორჟინიოს ვერშეძენა იყო. ჟორჟინიოს ტრანსფერი, ფაქტობრივად, შეთანხმებული იყო, თუმცა, ბოლო მომენტში ჩელსიმ ნაპოლის მფლობელს კიდევ უფრო მეტი თანხა შესთავაზა და ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, სიტისთან მიღწეული ზეპირი შეთანხმება დაარღვია და ჟორჟინიო ჩელსში გაუშვა. გვარდიოლას ჟორჟინიო ფერნანდიონიოს შემცვლელად მოეაზრებოდა. ჟორჟინიო უშეცდომოდ თამაშობს პასში და კარგად იწყებს შეტევებს, განსხვავებით ფერნანდინიოსგან, რომელიც უფრო მეტად ჩამშლელია. 

ჟორჟინიო უფრო სუსტ ნაპოლიში თითქმის იგივე სიზუსტით მეტ პასს აკეთებდა 

ჩემპიონთა ლიგაში ლივერპული-სიტის შეხვედრის დროს (3-0), კლოპის გუნდმა თავისი ტაქტიკა სწორედ ფერნანდიონიოს პრესინგზე ააგო და ბრაზილიელის მიერ დაკარგულმა ბურთებმა სიტის ბევრი უსიამოვნება მოუტანა. ფერნანდინიოს შემცვლელის გარეშე სიტის იდეალური სატრანსფერო კამპანია არ გამოუვიდა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი არცერთ მნიშვნელოვან მოთამაშეს არ დაუტოვებია.

შემადგენლობა

გვარდიოლას ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. გუნდის როტაცია თითქმის 20 მოთამაშეს აღწევს და ეს სიტის საშუალებას აძლევს, რომ რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად წარმატებით ითამაშოს. ძირითადი ტაქტიკური სქემა, ალბათ ისევ 4-3-3 იქნება, თუმცა, სავარაუდოა, რომ გვარდიოლა ხშირად შეცვლის ხოლმე ტაქტიკას. მით უმეტეს, ამ სეზონში მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ მეტოქეები განსაკუთრებულად მოემზადებიან და გვარდიოლაც სავარაუდოა, რომ, თავის მხრივ, ტაქტიკურ სიახლეებს შესთავაზებს მათ.

კარებში ძალიან კარგად ჩატარებული სეზონის შემდეგ ედერსონს შემცველელი არ ჰყავს. 

დაცვაში სიტის ახალი მოთამაშეები არ შეუძენია, თუმცა ხანგრძლივი ტრავმები მოირჩინეს ვინსენ კომპანიმ და ბენჯამინ მენდიმ. მენდის გამოჯანმრთელება მნიშვნელოვანი შენაძენია სიტისთვის - ფრანგს შარშან თითქმის მთელი სეზონი გაუცდა და წელს დაცვის მარცხენა ფრანგზე სწორედ იგი იქნება ძირითადი ოპცია. მარჯვნივ ყველაზე ხშირად კაელ ვოლკერი ითამაშებს, დაცვის ცენტში კი სიტის უკვე სტანდარტული ოტამენდი -სტოუნსის დუეტთან ერთად, ახალგაზრდა ემერიკ ლაპორტი და ვეტერანი კომპანი ჰყავს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე პრობლემური სიტიში საყრდენი ნახევარმცველი ფერნანდინიოს პოზიციაა. ფერნანდინიოს სრულფასოვანი შემცვლელი სიტის ამ ეტაპზე არ ჰყავს. შუა ხაზში ორი ძირითადი მოთამაშე კევინ დე ბრუინი და დავიდ სილვა არიან, რომლებიც განაპირობებენ კიდეც სიტის სათამაშო სტილს. მათთან ერთად უნდა მოვიაზროთ ილქაი გიუნდოგანიც, რომელსაც შარშან ტრავმის გამო სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი გაუცდა და წელს იგი გუნდს ძალიან გააძლიერებს.

შემტევ პოზიციებზე კი სიტის ყველაფერი რიგზე აქვს - გვარდიოლას ორი სრულფასოვანი შემადგენლობის გამოყვანა შეუძლია. განაპირა შემტევების პოზიციაზე ლეროი სანე, რაჰიმ სტრელინგი, ბერნარდო სილვა და რიად მაჰრეზი უნდა მოვიაზროთ, ხოლო, ყველაზე დიდი კონკურენცია სიტის გამოკვეთილი თავდამსხმელის პოზიციაზე ექნება - ერთი სათამაშო ადგილისთვის სერხიო აგუერო და გაბრიელ ჟეზუში იბრძოლებენ.

შარშანდელი სეზონი იუნაიტედმა მეორე ადგილზე დაასრულა, თუმცა სიტის 19 ქულით ჩამორჩა და ჩემპიონობისთვის ბრძოლა პრემიერლიგაში არ შემდგარა. წელს იუნაიტედის გულშემატკივარს მხოლოდ უარესის მოლოდინი აქვს. ამის მიზეზი ჩავარდნილი სატრანსფერო კამპანია და გუნდში შიდა პრობლემებია.

ნეგატიური მოლოდინები დასტურდება ბუქმექერთა შორისაც. თითქმის ყველა საბუქმექერო კანტორა მიიჩნევს, რომ პრემიერლიგის მწვრთნელთა შორის ჟოზე მაურინიო თავის გუნდს ყველაზე ადრე დატოვებს. ამაში სტატისტიკაც გვარწმუნებს - ჟოზე თითქმის არასოდეს არ რჩება ხოლმე თავის გუნდებში 3 წელიწადზე მეტი და მესამე სეზონი მისი გუნდებისთვის განსაკუთრებით მძიმე გამოდის. ამასთან ერთად, მას ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს იუნაიტედის მენეჯმენტთან, განსაკუთრებით კი ედ ვუდვორდთან, რომელიც სწორედ ტრანსფერებზე ზრუნავს.

თავად მოურინიოსაც ამ ზაფხულში არ დაუმალავს უკმაყოფილება. იგი გულშემატკივარს აფრთხილებს, რომ იუნაიტედს ძალიან რთული სეზონი ელის და ჩივის, რომ გუნდი ახალი ტრანსფერებით ვერ გაძლიერდა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის გამო მან არსებული შემადგენლობის სეზონისთვის მომზადებაც ვერ მოასწრო. მან პოლ პოგბას, რომელუ ლუკაკუს და სხვა იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც მუნდიალზე გვიან სტადიამდე ითამაშეს და ჯერ ისევ დასასვენებელად არიან, ხმამაღლა მოუწოდა, რომ უარი თქვან დასვენებაზე და დანიშნულზე ადრე დაბრუნდნენ გუნდში. მის ამ თხოვნას თუ მოთხოვნას დადებითად მხოლოდ რამდენიმე მოთამაშე გამოეხმაურა.

სატრანსფერო კამპანია

იუნაიტედის ერთადერთი ხმამაღალი შენაძენი დონეცკის შახტარიდან შუა ხაზში მოთამაშე ფრედის დამატება იყო. ფრედი იუნაიტედს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. იგი ტექნიკური და შემქმნელი ფეხბურთელია, რომელსაც მოედნის სიღრმეშიც შეუძლია ბურთის გათამაშება და ამოტანა და მოწინააღმდეგის კართან ბოლო პასის გაკეთებაც ეხერხება. იუნაიტედს შარშან შემქმნელი მოთამაშეების დეფიციტი ჰქონდა და ამ ფონზე ფრედის დამატება გუნდს გამოაცოცხლებს.

ჯერჯერობით იუნაიტედის შემადგენლობა მის არცერთ ლიდერს არ დაუტოვებია. გუნდმა მხოლოდ დეილი ბლინდი გაასხვისა, რომელსაც მოურინიოსთან სტაბილური სათამაშო პრაქტიკა ისედაც არ ჰქონდა. მთავარი პრობლემა, შესაძლოა, მოურინიოს ცუდი ურთიერთობა იყოს ფეხბურთელებთან, რის გამოც იუნაიტედისთვის ორ მნიშვნელოვან მოთამაშეს: პოლ პოგბას და ენტონი მარსიალს წასვლა სურთ.

იუნაიტედმა ზაფხულის დასაწყისში მარსიალის გაყიდვაზე უარი თქვა. ორიოდე კვირის წინ მარსიალს შვილი შეეძინა, მან გუნდი სულ რამდენიმე დღით დატოვა, თუმცა ორი კვირა არ დაბრუნებულა და ამის შესახებ არც გუნდის ხელმძღვანელობა გაუფრთხილებია. მარსიალი დააჯარიმეს, თუმცა უკან დაბრუნების შემდეგ მისი და კლუბის ურთიერთობა უკეთესობისკენ არ შეიცვლება.

მარსიალის გარდა, კლუბის დატოვება სურს პოლ პოგბასაც, რომელსაც ასევე არ აქვს მოურინიოსთან კარგი ურთიერთობა. პოგბას აგენტმა, მინო როიოლამ, მოსინჯა გზები იუვენტუსსა და ბარსელონასთან, თუ რამდენად  იყო შესაძლებელი ამ გუნდებში პოგბას ტრანსფერი. იუვენტუსი გამოირიცხა, პოგბას ბარსელონაში წასვლა ისევ დღის წესრიგშია და პოგბას კატალონელებთან პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს. ფრანგი საყრდენის სურვილის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრემიერლიგის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე იუნაიტედი თავის ერთ-ერთ ლიდერს შეელიოს.

შემადგენლობა

იუნაიტედის კარს პრემიერლიგის საუკეთესო მეკარე დავიდ დე ხეა იცავს. შარშან იუნაიტედმა მხოლოდ 28 გოლი გაუშვა, რაც ცუდი შედეგი არ არის, თუმცა იუნაიტედის დაცვა გაუვალად არ გამოიყურება. პრობლემატურია, რომ დაცვაში ფლანგებზე - ორი ნომინალური ნახევარმცველი ეშლი იანგი და ანტონიო ვალენსია თამაშობენ. ორივე მათგანი 33 წლის არის და რთულია იმის თქმა, თუ როგორ შეძლებენ ითამაშონ კიდევ ერთი სეზონი ფლანგზე - პოზიციაზე, სადაც მათ ბევრი სირბილი უწევთ, იმ პირობებში, როდესაც კარგი შემცველელი არ ჰყავთ.

იუნაიტედს ძალიან კარგად შეეწყო ახალგაზრდა დანიელი ვიქტორ ლინდელოფი და მისი და კრის სმოლინგის დუეტი სეზონის მეორე ნახევარში საიმედოდ გამოიყურებოდა. მათ გარდა იუნაიტედს დაცვაში ფილ ჯონსი და ერიკ ბაილი ჰყავს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ იუნაიტედის დაცვაში არცერთი მსოფლიო კლასის მოთამაშე არ არის.

მოურინიო ძირითადად 4-5-1 სისტემით თამაშობს. ნახევარდაცვაში მისთვის გადამწყვეტ როლს ნემანია მატიჩი თამაშობს, რომელიც კარგად აზღვევს შემტევებს და ეხმარება მცველებს. მის გარდა იუნაიტედში კიდევ ორი ჩამშლელია - მარუან ფელაინი და ანდრეს ერერა. სავარაუდოა, რომ მატიჩთან ერთად ცენტრში ორი შემქნელი ნახევარმცველის პოზიციას პოლ პოგბა და ახალგადმოსული ფრედი დაიკავებენ.

გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე რომელუ ლუკაკუ შეუცვლელია. ორი სხვა შემტევი პოზიციისთვის კი იუნაიტედს ბევრი მოთამაშე ჰყავს - ალექსის სანჩესი, მარკუს რაშფორდი,  ჯესი ლინგარდი, ხუან მატა და ენტონი მარსიალი.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ ითამაშებს ზამთარში არსენალიდან შეძენილი ალექსის სანჩესი. ალექსისს სეზონის მეორე ნახევარი ჩაუვარდა - მისი ადაპტაცია ახალ გუნდში დიდხანს გაგრძელდა. პოტენციალით ალექსისი პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და მისი ფორმაში ყოფნის შემთხვევაში, იუნაიტედს დიდი ძალა დაემატება.

ტოტენჰემს შემადგენლობაში არაფერი შეუცვლია. მაურისიო პოჩეტინო შეეცდება, რომ წელს მაინც მოახერხოს პრემიერლიგის მოგება. ბოლო წლებში ტოტენჰემი რამდენჯერმე იყო ახლოს ჩემპიონობასთან და სტაბილურად ინგლისის 2-3 გუნდია. პოჩეტინოს ახალგაზრდა გუნდი ჰყავს, ამიტომაც არგენტინელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ახალი შენაძენენი საჭირო არ არის და არსებული შემადგენლობის პროგრესის საფუძველზე, პრემიერლიგის მოგება სრულებით შესაძლებელია.

ტოტენჰემი გასულ წელს შემტევ ფეხბურთს თამაშობდა და გოლების პრობლემა არ ჰქონია, თუ წელს სპურსს ჩემპიონობა უნდა, პირველ რიგში დაცვაში თამაშის ხარისხი უნდა გააუმჯობესოს. ტოტენჰემი თამაშში საშუალოდ თითქმის ერთ გოლს უშვებს და ეს საჩემპიონო გუნდისთვის ძალიან ბევრია.

საშუალოდ თამაშში 1.94 გატანილი და 0.94 გაშვებული გოლი

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი მსოფლიოს ჩემპიონატია. სპურსს მუნდიალზე 12 მოთამაშე ჰყავდა მივლინებული, თუმცა სხვა გუნდებისგან განსხვავებით, მისი მოთამაშეები ტურნირს ყველაზე დიდხანს შემორჩნენ. ნახევარფინალში მოთამაშე ინგლისის ნაკრების ბირთვს სწორედ ტოტენჰემელები წარმოადგენდნენ, 3 ფეხბურთელი ჰყავდათ ლონდონელებს ასევე ნახევარფინალში მოთამაშე ბელგიის ნაკრებში, 1 კი - ჩემპიონ საფრანგეთში.

ეს იმას ნიშნავს, რომ ტოტენჰემის ფეხბურთელებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი ყველაზე გვიან დასრულდა და პოჩეტინოსაც ნორმალური მოსამზადებელი ეტაპის ჩატარება არ გამოუვიდა.
სავარუდოდ, სეზონის სტარტი ტოტენჰემისთვის რთული იქნება და თუ სეზონის დასაწყისში მათ ბევრი ქულა არ დაკარგეს, პოჩეტინოს გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეეძლება.

სატრანსფერო კამპანია

ტოტენჰემს არცერთი ახალი ფეხბურთელი არ დაუმატებია, თუ არ ჩავთვლით იჯარიდან დაბრუნებულ იანსენსს და არც არავინ გაუყიდია.

შემადგენლობა

სპურსი კარს მსოფლიოს ჩემპიონი უგო ლორისი იცავს. დაცვის ცენტრი ტოტენჰემისთვის ყველაზე პრობლემური პოზიციია. აქ ორი ბელგიელი - იან ვერტონგენი და ტობი ალდერვეირელდი, ასევე კოლუმბიელი - დევინსონ სანჩესი თამაშობენ. სამივე მათგანი საკმაოდ ნელია და სივრცეში მოწინააღმდეგეების კონტრშეტევების დროს ბევრ შეცდომას უშვებენ. უკეთესი სიტუაციაა ფლანგებზე, სადაც მარჯვნიდან სერჯ ორიე და კირონ ტრიპიერი თამაშობენ, მარცხნიდან კი - დენი როუზი და ბენ დევისი.

ნახევარდაცვა გუნდის ყველაზე ძლიერი რგოლია და პოჩეტინოს ძალიან დიდი არჩევანი აქვს. საყრდენის პოზიციაზე თამაში ერიკ დაიერსა და ბელგიელ მუსა სისოკოს შეუძლიათ. მათ გარდა ცენტრში ვინსენტ ვანიამა და უფრო  შემტევები - დელი ალი და კრისტიან ერიკსენი თამაშობენ. როტაციაშია ფიზიკურად ძალიან ძლიერი მუსა სისოკოც. განაპირა ნახევარმცველების პოზიციაზე ტოტენჰემს კორეელი სუნი, ლუკაშ მოურა და ერიკ ლამელა ჰყავს.

თუკი ნახევარდაცვაში ძალიან დიდი კონკურენციაა, გამოკვეთილი თავდამსხმელის პოზიციაზე ჰარი კეინი უკონკურენტოა, მისი შემცვლელი კი გამოცდილი ფერნანდო ლორენტე იქნება.

სპეციალისტები წელს ყველაზე მეტს ლივერპულისგან ელიან. ლივერპულში მუშაობის დაწყების წინ იურგენ კლოპმა გამოაცხადა, რომ იგი პრემიერლიგის მოგებას უახლოეს 4 წელიწადში გეგმავდა. წელს, შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის კამპანიისა და შთამბეჭდავი ტრანსფერების შემდეგ, გულშემატკივარს იმედი აქვს, რომ ლივერპული ჩემპიონობას შეძლებს.

მუნდიალის გამო მოთამაშეთა არყოფნამ ლივერპული ყველაზე ნაკლებად დააზარალა. მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფს ლივერპულის სულ რამდენიმე მოთამაშემ მიაღწია, მათი ლიდერების გუნდები კი, უმეტეს შემთხვევაში, ადრევე გავარდნენ (მაგალითად, სალაჰის ეგვიპტე და მანეს სენეგალი).

თუკი კლოპს ჩემპიონობა უნდა აუცილებლად უნდა მიხედოს დაცვას. წინა სეზონში ლივერპულს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა შეტევაში, თუმცა, 38 გოლი გაუშვა, რაც ჩემპიონობის მსურველი გუნდისთვის ძალიან ბევრია.

სატრანსფერო კამპანია

ინგლისურ გრანდებს შორის ტრანსფერებით ყველაზე მეტად ლივერპული გაძლიერდა. გუნდმა 182 მილიონი ევრო დახარჯა. კლოპმა მისთვის ყველაზე პრობლემურ, მეკარის პოზიციაზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ალისონი დაიმატა. ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის მძიმე ტრავმის ფონზე ლივერპულმა შუა ხაზიც გააძლიერა. კლუბმა მონაკოდან ჩამშლელი ფაბინიო დაიმატა, ხოლო ლაიფციგიდან - ნაბი კეიტა. ტრადიციულად იურგენ  კლოპმა აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა და სამივე ეს მოთამაშე 25 წელს არ არის გადაცილებული. 

კლოპმა აქცენტი გუნდის გაახალგაზრდავებაზე გააკეთა

შემტევ ხაზში ლივერპულმა ჯერდან შაჩირი შეიძინა, რომელიც თამაშის სტილით მოჰამედ სალაჰს ჰგავს და მისი შემცველელი იქნება.

შემადგენლობა

კარში ბრაზილიელი ალისონი იდგება, მეორე მეკარის როლს შეითავსებს როლის კარიუსი.
დაცვის ცენტრში ხორვატი დენი ლოვრენი და ჰოლანდიელი ვან დიიკი, ფლანგებზე კი - ახალგაზრდა ალექსანდრე არნოლდი და რობერტსონი. დაცვა ლივერპულის ყველაზე პრობლემური რგოლია. 
თუკი დაცვაში კლოპს არცთუ ისე დიდი და ხარისხოვანი არჩევანი აქვს, ნახევარდაცვის ხაზში ძალიან დიდი კონკურენციაა. კლოპი 4-3-3 სქემით თამაშობს და ნახევარდაცვაში 3 პოზიციაზე პრეტენზია ჰენდერსონს, ფაბინიოს, ნაბი კეიტას, ვიინალდუმს და მილნერს აქვთ. მათ გარდა გუნდში ირიცხება ტრავმირებული ოქსლეი ჩემბერლენიც.

თავდასხმაში ყველაფერი გარკვეულია - ლივერპული ტრადიციული - სალაჰი, მანე, ფირმინიოს ტრიოთ შეუტევს. ამ სამეულს კონტრშეტევებზე და სივრცეში შეტევის დროს კონკურენტი არ ჰყავს, თუმცა, ლივერპულს როტაციაში ალბათ აკლია დიდი შემტევი, რომელიც კარგად თამაშობს თავით. გასულ სეზონში იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც დიდი ძალებით იცავენ თავს და სივრცეებს არ ტოვებენ, ლივერპულს თამაში ხანდახან უჭირდა და კლოპის გუნდმა აუტსაიდერებთან ბევრი ქულა დაკარგა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ლივერპული
  • ვესტ ჰემი

P.S. ანუ ლონდონური გრანდები

პირველი ოთხეულის მიღმა პრემიერლიგაში სხვა გრანდებიც თამაშობენ. უპირველეს ყოვლისა მათ შორის ლონდონური არსენალი და ჩელსი გამოირჩევიან. ორივე მათგანმა შეცვალა მწვრთნელი.
არსენალს ვენგერთან განშორების შემდეგ ესპანელი უნაი ემერი გაწვრთნის.

საინტერესოა, როგორი იქნება არსენალი არსენ ვენგერის შემდეგ. ემერის სტილი ვენგერისგან დიამეტრულად არ განსხვავდება და სავარაუდოა, რომ არსენალი კვლავ ბურთის დაჭერაზე ორიენტირებულ ფეხბურთს ითამაშებს. არსენალს, თუ არ ჩავთვლით საყრდენ ლუკას ტორეირას, მნიშვნელოვანი ახალწვეულები არ ჰყავს, ემერი ისევ ვენგერის ბირთვს დაეყრდნობა. არსენალისთვის საჩემპიონთალიგო ოთხეულში დაბრუნება, ალბათ სეზონის მთავარი ამოცანა იქნება.

არსენალი  ბურთს კვლავ ბევრს დაიჭერს

არსენალისგან განსხვავებით, დიამეტრულად შეიცვლება ლონდონის ჩელსის სათამაშო სტილი. ჩელსის ახალი მწვრთნელი ნაპოლის ყოფილი დამრიგებელი მაურიციო სარია. აბრამოვიჩის ეპოქაში ჩელსის მოურინიოს, გრანტის, ბენიტესის და სკოლარის შემდეგ, პირველად ჰყავს მწვრთნელი, რომელიც შემტევ და ბურთის დაჭერაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობს. მაურიციო სარის სტილი ყველაზე ახლოს დგას გვარდიოლასთან. 

სარისთან ერთად ჩელსი მეტად დაიჭერს ბურთს

სარი ცნობილია თავისი საწვრთნელი მეთოდებით, რომლებიც ძალიან კარგად ავითარებს ფეხბურთელებს. ჩელსიმ შეგნებულად უარი თქვა ახალ შენაძენებსა და გარე რესურსებით შემადგენლობის გაძლიერებაზე და კლუბის განვითარების ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. ლონდონელები აქცენტს ფეხბურთელების განვითარებასა და შემტევ, კომბინაციურ თამაშზე გააკეთებენ. ჩელსიმ სულ რამდენიმე ახალი მოთამაშე შეიძენა - მათ შორის, ჟორჟინიო ნაპოლიდან, რომელიც ძალიან კარგად იცნობს სარის სათამაშო სტილს.

 ტიბო კურტუა დატოვებს ჩელსის და მის შემცვლელად კლუბმა უკვე შეათანხმა ტრანსფერი ბილბაოს ახალგაზრდა მეკარე კეპა არიბასალაგასთან. კეპასთან ერთად ჩელსის  შუა ხაზში მატია კოვაჩიჩიც დაემატება, რომელიც სარისთვის სახასიათო მოძრავ და დინამიურ ფეხბურთს თამაშობს. ამ პოზიციაზე სარიმ სუპერთასის შეხვედრაში ნელი და სტატიკური ფაბრეგასი მოსინჯა, რომელმაც თამაში სრულად ჩააგდო.

სავარაუდოა, რომ სეზონის სტარტზე ჩელსის ძალიან გაუჭირდება, სანამ გუნდი მისთვის სრულიად ახალ სათამაშო სტილს მიეჩვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები