Thumbnail
  • ბარსელონას ექს-ვარსკვლავის შვილმა რეალთან კონტრაქტი გააფორმა
  • 16 წლის ანდრი გუდიონსენი ისლანდიაში უდიდეს ტალანტად მიიჩნევა

რეალიდან ბარსელონაში (ან პირიქით) გადასვლა, ამ კლუბების ისტორიული მტრობის გამო, ყოველთვის უდიდესი სენსაციაა. მართალია, ამჯერად ფეხბურთელის შვილზეა ლაპარაკი, რომელიც დიდ კარიერას მხოლოდ ახლა იწყებს, მაგრამ მაინც: ბარსელონას გულშემატკივრებს ნამდვილად არ მოეწონებათ ის ფაქტი, რომ კატალონიური გრანდის ყოფილი მოთამაშის, ისლანდიელი ეიდურ გუდიონსენის შვილი რეალში ითამაშებს. 

ანდრი გუდიონსენი

16 წლის ანდრი გუდიონსენმა მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი გააფორმა და რეალის აკადემია “ლა ფაბრიკაში” ჩაირიცხა. სწორედ ამ აკადემიიდან სურს გუდიონსენის შვილს ისეთი გზის გავლა, როგორიც თავის დროზე რაულმა, ნაჩომ ან ლუკას ვასკესმა გაიარეს. ანდრი გუდიონსენი, რომელიც ისლანდიაში უდიდეს ტალანტადაა მიჩნეული, თავიდან რეალის 18-წლამდელთა გუნდში ითამაშებს.

“ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ მადრიდის რეალთან კონტრაქტი გავაფორმე. მომავალს დიდი იმედით ვუყურებ,” - დაწერა გუდიონსენის 16 წლის შვილმა ინსტაგრამზე.

როგორც ჩანს, ეიდურ გუდიონსენსაც არ აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა შვილმა თავისი ბედი ბარსელონას მტერს დაუკავშირა. თავად ეიდურ გუდიონსენი ბარსას ღირსებას 2006-დან 2009 წლამდე იცავდა. სხვათა შორის, მისი შვილი აქამდე ესპანიოლში იყო, რომელიც ასევე ბარსას მტერია (გაცილებით სუსტი, ვიდრე რეალი, მაგრამ მაინც).

ეიდურ გუდიონსენი ბარსას ღირსებას 2006-დან 2009 წლამდე იცავდა

შეგახსენებთ, რომ ეიდურ გუდიონსენის მამაც (არნორ გუდიონსენი) პროფესიონალი ფეხბურთელი იყო. მართალია, რეალში ან ბარსელონაში არასდროს უთამაშია, მაგრამ ანდრის ბაბუამ ისლანდიის ნაკრებში 73 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები