Thumbnail

‘ჯერ კიდევ ბევრი შემიძლია!’ - ბუფონს პარიზში დიდი გეგმები აქვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჯანლუჯი ბუფონმა პსჟ-ში გადასვლის მიზეზებსა და მიზნებზე ისაუბრა
  • 40 წლის იტალიელი კილიან მბაპეს ერთ რჩევას აძლევს

ჯანლუიჯი ბუფონის სხვა კლუბის ფორმაში წარმოდგენა შეუძლებელი იყო. ბევრს (განსაკუთრებით იუვენტუსის ქომაგებს) დღესაც უჭირს იმასთან შეგუება, რომ ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ პარი სენ-ჟერმენის ფორმა ჩაიცვა. ფრანგული გრანდის ჟურნალში PSG Magazine 40 წლის ჯიჯიმ პარიზში გადაბარგების მიზეზებსა და დასახულ მიზნებზე ისაუბრა.

“პარი სენ-ჟერმენში გადმოსვლა პირველ რიგში იმის გამო გადავწყვიტე, რომ ვგრძნობ, ჯერ კიდევ შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მივიღე, რაც საკმაოდ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ შემიძლია, ამ გუნდს წარმატებების მიღწევაში დავეხმარო და შემიძლია, თანაგუნდელებს ჩემი ენთუზიაზმი და გამოცდილება გავუზიარო. დიახ, მე შემიძლია პსჟ-ს დახმარება! მჯერა, რომ შეგვიძლია, ძალიან კარგი გუნდი გვყავდეს,” - განაცხადა ბუფონმა.

"ეს იყო უდიდესი ტკივილი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გამყვება"

ჯიჯიმ კიდევ ერთხელ გაიხსენა ის მტკივნეული ფაქტი, რომ იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ იასპარეზა: “ეს იყო უდიდესი ტკივილი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გამყვება. ჩვენ მთელი ქვეყანა, ერი, ხალხი მუნდიალის გარეშე დავტოვეთ. გულშემატკივრებს მოლოდინი გავუცრუეთ, იტალიელებისთვის ეს ტრაგედიაა.”

ჯიჯის რჩევა კილიან მბაპეს

პსჟ-ში ბუფონი პირველ რიგში კილიან მბაპეს თამაშითაა აღფრთოვანებული. მბაპე იუვენტუსს პირველად 2016/2017 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დაუპირისპირდა - მაშინ იუვემ მონაკოს ბარიერი დაძლია და ფინალში გავიდა.

“მბაპეს წინააღმდეგ პირველი თამაშის შემდეგ ჩემმა უახლოესმა მეგობარმა ანდრეა ბარძალიმ მითხრა, 20 წელია ფეხბურთს ვთამაშობ და იშვიათად შემხვედრია ისეთი სწრაფი ფორვარდი, როგორიც კილიან მბაპეაო. ბარძალის ნამდვილად დაეჯერებოდა, რადგან როცა ანდრეა კონცენტრირებულია და ფორმაშია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვერცერთი მცველი ვერ აჯობებს. ახლა მბაპეს თანაგუნდელი ვარ და ამ ბიჭის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. იმედი მაქვს, სწორედ ისეთ თავმდაბალ და მშრომელ ადამიანად დარჩება, როგორიც ახლაა. ასეთ შემთხვევაში ის აუცილებლად ძალიან დიდი ფეხბურთელი გახდება. კილიანს ვურჩევ, რომ ფეხბურთისთვის თავი გადადოს, გაიზარდოს და ფეხბურთის ისტორიაში შევა,” - დასძინა ბუფონმა.

გამოკითხვა

ვინ გახდება საფრანგეთის ჩემპიონატის ბობმარდირი?

  • ედინსონ კავანი
  • ნეიმარი
  • კილიან მბაპე
  • მარიანო დიაზი
  • ფალკაო
  • მემფის დეპაი
  • ნაბილ ფეკირი
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები