Thumbnail
  • 1. ჯანლუიჯი ბუფონი (პსჟ)
  • 2. ალექსანდრ გოლოვინი (მონაკო)
  • 3. ვილემ ჟებერლი (მონაკო)
  • 4. დუიე ჩალეტა-ცარი (მარსელი)
  • 5. სამუელ კალუ (ბორდო)

ოფიციალურად ლიგა 1-ის და საერთოდ ევროსატრანსფერო სეზონის რეკორდული შენაძენი პარი სენ-ჟერმენის მიერ კილიან მბაპეს შეძენაა. საქმე ისაა, რომ შარშან ზაფხულში მონაკომ და პსჟ-მ ასეთი გარიგება დადეს - კამერუნული წარმოშობის თინეიჯერი ფორვარდი "იჯარით" გადავიდოდა პარიზში, ხოლო ტრანსფერი 2018 წლის ზაფხულში გაფორმდებოდა. ასე აარიდა თავი პსჟ-მ უეფას "ფეარ პლეის" წესს. მბაპეს ტრანსფერის ოდენობა 135 მილიონი ევროა. მიუხედავად ამისა, მბაპეს ტრანსფერს ამ სეზონის ტოპ-5-ში ვერ შევიყვანთ. 

როგორც ბოლო წლებშიც, ახლაც ევროპის ტოპ-5 საფეხბურთო ქვეყნების "ნაბოლარა" ლიგა 1 ფეხბურთელებით ამარაგებს სხვა უფრო ძლიერ პირველობებს - თომა ლემარი 70 მილიონ ევროდ ატლეტიკოში წავიდა; ფაბინიო 45 მილიონად - ლივერპულში; მალკომზე ტაციაობა ბარსამ მოიგო და ეს სიამოვნება 41 მილიონი დაუჯდა; ჟან მიშელ სერი ლონდონში, კერძოდ კი ფულემში წავიდა და ნიცას 30 მილიონი ევრო ამჯობინა. საფრანგეთის ჩემპიონატი დატოვეს სხვა ვარსკვლავებმაც: ისა დიოპმა, ხავიერ პასტორემ, ალასან პლეამ, გჟეგოჟ კრიხოვიაკმა, ჟოაო მოუტინიომ და სხვებმა.

ასეთი შენაძენებით ლიგა 1 ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. ლოგიკურად, საფრანგეთის ჩემპიონატი კიდევ უფრო დასუსტდა ინგლისთან და ესპანეთთან მიმართებაში.

1. ჯანლუიჯი ბუფონი

იუვენტუსიდან პსჟ-ში. თავისუფალი აგენტი

ტოპ-ტრანსფერად ჯიჯი ბუფონის პარიზში წასვლა მიგვაჩნია. არადა, 40 წლის მეკარის სანაცვლოდ პარიზულ კლუბს ცენტიც არ გადაუხდია, იუვენტუსმა თავისი ლეგენდა უსასყიდლოდ გაუშვა. ჯიჯიმ სადმე ოკეანისგაღმა დამსახურებულ პენსიას ევროპაში თამაში და ჩემპიონთა თასზე მორიგი შეტევა არჩია. 

6 ივლისს ჯიჯიმ პსჟ-სთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტი აქვს. ბუფონმა პირველივე ოფიციალურ მატჩში ტიტული მოიგო პარი სენ-ჟერმენთან ერთად - სუპერთასზე მონაკოს 4:0 დამარცხებით. 

2. ალექსანდრ გოლოვინი

ცსკა-დან მონაკოში. 30 მილიონი ევრო

რუს შემტევ ნახევარმცველს მუნდიალის დროს ხან იუვენტუსთან აკავშირებდნენ და ხან ბარსელონასთან. საბოლოოდ, იგი მონაკოში რუს მეპატრონესთან აღმოჩნდა. 27 ივლისს გოლოვინი 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოსკოვის ცსკა-დან მონაკოში გადაბარგდა, რომელმაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაკარგა. გოლოვინი ძალიან კარგი ფეხბურთელია და ეს მან მუნდიალზე დაამტკიცა.

3. ვილემ ჟებერლი

ლიონიდან მონაკოში. 20 მილიონი ევრო

არაფერია გასაკვირი თუ მის შესახებ არ გაგიგიათ - ვილემი მხოლოდ 16 წლისაა, მაგრამ ეჭვიც არ შეგეპაროთ - მალე მასზე ბევრი ისაუბრებს. ამბობენ, რომ მონაკომ ახალი მბაპე შეიძინა. თინეიჯერი ფორვარდი საფრანგეთშია დაბადებული, მამით ჰოლანდიელია, ხოლო დედა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან ჰყავს. ვილემის ბიძაშვილები ამ ქვეყნის ნაკრებში თამაშობენ. ვილემის კეპრი ტიერი ანრი იყო, სწორედ მის გზას გაუყვა ახალგაზრდაც, როცა ლიონიდან მონაკოში გადავიდა. მის სანაცვლოდ 20 მილიონი გადაიხადეს, თუმცა ლიონს ჟებერლის მომავალი გაყიდვიდანაც მსუყე ლუკმა შეხვდება. 

4. დუიე ჩალეტა-ცარი

ზალცბურგიდან მარსელში. 19 მილიონი ევრო

მსოფლიოს ვიცე-ჩემპონი უთამაშებლად გახდა, თუმცა მას ხორვატიის ნაკრებში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. 21 წლის ცენტრალური მცველი ამიერიდან მარსელის დაცვას გაამაგრებს. ფრანგულმა კლუბმა ავსტრიულ ზალცბურგს ხორვატში 19 მილიონი ევრო გადაუხადა. მარსელმა სევილიასა და ლაციოს აჯობა და ხორვატი თავისთან დაიბევა. 

5. სამუელ კალუ

გენტიდან ბორდოში. 10 მილიონი ევრო

სამუელ კალუ გასულ სეზონში გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი იყო, ახლა კი 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ 20 წლის ნიგერიელი ბორდოში გადავიდა და ამ კლუბის იმედია.

კომენტარები

ბოლო ამბები