Thumbnail
  • ტიბო კურტუას ჩელსიში თამაში აღარ სურს
  • ბელგიელმა მეკარემ ვარჯიში გააცდინა
  • მისი სურვილია, ჩელსიმ რეალში გაუშვას

როგორც ჩანს, ბელგიის ნაკრების მეკარე ტიბო კურტუას ჩელსიდან რეალში ტრანსფერი მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავია და, დიდი შანსია, დღეს-ხვალ განხორციელდეს. კურტუამ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს, ორშაბათს ჩელსის ვარჯიში არასაპატიო მიზეზით გააცდინა. ინგლისური მედია წერს, რომ ამით მან ფაქტობრივად ბოიკოტი გამოაცხადა.

საქმე ისაა, რომ რამდენიმე კვირაა, რაც კურტუას გადაბირებას რეალი ცდილობს, მაგრამ ჩელსი უარზეა. მისმა მრჩეველმა, კრისტოფ ჰენროტაიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კურტუამ ჩელსის ხელმძღვანელებს წასვლის სურვილი გაუმხილა. მისი თქმით, კურტუამ ლონდონური გრანდის ბოსებს გარკვევით აუხსნა, თავის მომავალს მხოლოდ მადრიდში ხედავს.

“ტიბოსთვის ეს კარიერის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. მას უნდა, რომ ოჯახთან ახლოს იყოს და ეს არის შეთავაზება, რომელზეც ჩელსი აუცილებლად უნდა დათანხმდეს,” - აღნიშნა ბელგიელი კიპერის მრჩეველმა.

შეგახსენებთ, რომ ტიბო კურტუა 2011-დან 2014 წლამდე მადრიდის ატლეტიკოში თამაშობდა და მას მერე არაერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მადრიდში თავს იდეალურად გრძნობდა. ინგლისური პრესის ცნობით, თუკი კურტუა ჩელსის დატოვებს, ლონდონური კლუბი სტოკიდან ჯეკ ბატლენდს გადაიბირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები