Thumbnail
  • ხვიჩა კვარაცხელიას დამატება გერმანიისა და რუსეთის ჩემპიონებს სურთ
  • რუსთავის ვინგერი ბაიერნის მიწვევით ჩემპიონთა ლიგის მატჩსაც დაესწრო
  • კვარაცხელიას შეძენას პირადად ლოკომოტივის თავკაცი იური სიომინი ითხოვს

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და რუსთავის 17 წლის ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით მიუნხენის ბაიერნი და მოსკოვის ლოკომოტივი ინტერესდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას sport-express ავრცელებს, რომლის ცნობით, ნიჭიერი ქართველი თავდამსხმელის დამატება თავად რუსეთის ჩემპიონების მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა კლუბის სატრანსფერო კომიტეტის სხდომაზე მოითხოვა.

კვარაცხელიას ასაკობრივ ნაკრებებში 11 ოფიციალურ მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი
ფოტო: GFF.GE

"რუსთავის 17 წლის თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია, რომლის წაყვანა მოსკოვის ლოკომოტივს სურს, შესაძლოა, მიუნხენის ბაიერნში აღმოჩნდეს.

მიუნხენური კლუბის სკაუტები კარგა ხანია აკვირდებიან ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს. ამ წლის აპრილში ის გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც მიპატიჟებული იყო ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალურ მატჩზე ბაიერნი-სევილია (0:0). ზოგიერთი წყაროს ცნობით, მას მიუნხენურ კლუბთან წინასწარი კონტრაქტიც აქვს გაფორმებული.

ხვიჩა კვარაცხელია ბელარუსთან ამხანაგურ მატჩში (1:2)
ფოტო: GFF.GE

კვარაცხელიას გვარი ლოკომოტივის სატრანსფერო კომიტეტის სხდომაზეც ახსენეს, სადაც თავდამსხმელის შეძენის საკითხი განიხილებოდა. ქართველი ფეხბურთელის კანდიდატურა რკინიგზელთა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა წამოაყენა.

კვარაცხელია თბილისის დინამოს აღზრდილია. 2018 წლის მარტში ის რუსთავში გადავიდა.  მარჯვენაა, ძირითადად კი თამაშობს ვინგერის, თავდამსხმელის, მეორე ფორვარდისა და შემტევი ნახევარმცველის პოზიციებზე. არის საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი. გასულ შემოდგომაზე კი ძალიან ლამაზი გოლი გაუტანა რუსეთის ნაკრებს ყაზახეთის პრეზიდენტის თასის ფინალში (1:1, პენ: 4:5).

პორტალი Transfermarkt  17 წლის ქართველ ფეხურთელს 350 ათას ევროდ აფასებს. ფეხბურთელთან დაკავშირებით მეტწილად დადებითი გამოხმაურებებია, საქართველოში მას სუპერტალანტად მიიჩნევენ", - წერს გამოცემა.

 ხვიჩა კვარაცხელიას მომენტების კრებული 17-წლამდელთა ნაკრებში.

ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნულ ლიგაში რუსთავის მაისურით 3 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული, მანამდე 17-წლამდელებში გამოდიოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები