Thumbnail
  • ვასილ კაკოვინი რასინგში მეორე სეზონს დაიწყებს
  • რასინგის სამომავლო გეგმებზე TOP 14-სა და ჩემპიონთა თასზე
  • ქართველი მორაგბე ნაკრებში დაბრუნების შანსს აფასებს

საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ ზაფხულის სარაგბო თასზე საქართველო XV, არგენტინა XV, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები და ფრანგული სარაგბო კლუბი რასინგი მონაწილეობდნენ. რასინგის რიგებში ორი ქართველი თამაშობდა: ვასილ კაკოვინი და გურამ გოგიჩაიშვილი. ტურნირის გამარჯვებული ფრანგული კლუბი გახდა.

ტრავმის გამო, ვასილ კაკოვინს არგენტინის ნაკრებთან არ უთამაშია. ქართველმა მორაგბემ ჩვენთან რასინგის განვლილი სეზონი შეაჯამა - ასევე კლუბის სამომავლო გეგმებსა და ეროვნულ ნაკრებზეც ისაუბრა.

POPSPORT: რატომ გადაწყვიტა რასინგმა საქართველოში წინასასეზონო ტურნეს ჩატარება და რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ზაფხულის თასზე ასპარეზობა?

ვასილ კაკოვინი: TOP 14-ის დაწყებამდე ყოველთვის გვაქვს დიდი შეკრება. როდესაც გავიგე, რომ საქართველოში შეიძლებოდა ამ ტურნეს ჩატარება, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგანაც მსურდა, რომ ჩემს თანაგუნდელებს ჩემი ქვეყანა ენახათ.

რაც შეეხება მოსამზადებელ პერიოდს, ბრაზილიასთან და არგენტინასთან თამაში ძალიან დაგვეხმარა. ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც დაგეგმილი გვქონდა.

კაკოვინი ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ

POPSPORT: წინა სეზონს როგორ შეაჯამებდი, TOP 14-ში მონპელიეს მთავარი კონკურენტი იყავით და მოულოდნელად კასტრმა გამოგაგდოთ, ჩემპიონთა თასზე კი ფინალში დამარცხდით…

ვასილ კაკოვინი: რაც შეეხება TOP 14-ს, რეგულარულ სეზონში მეორე ადგილზე გავედით, რითიც ნახევარფინალში ადგილი გავინაღდეთ.

ნახევარფინალში კასტრი შეგვხვდა, რომელსაც გასულ სეზონში ოთხჯერ შევხვდით და სამჯერ მოვუგეთ - ორჯერ რეგულარულ სეზონში, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა თასის ჯგუფურ ეტაპზე. სამწუხაროდ, ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში დავმარცხდით. ეს ყველაფერი, ერთი კვირით ადრე, ჩემპიონთა თასის ფინალში წაგებამ განაპირობა.

კაკოვინის ბოლო სანაკრებო შეხვედრა (2016)

POPSPORT: როგორ ფიქრობ, TOP 14-ში სეზონი ევროტურნირის ფინალამდე უნდა დასრულდეს?

ვასილ კაკოვინი: ჩემი აზრით, ჯერ TOP 14-ის ფინალი უნდა იყოს და შემდეგ უნდა ითამაშოს გუნდმა ევროტურნირის ფინალში. ასეთი სისტემა TOP 14-ის გუნდებს ძალიან დაეხმარება გადამწყვეტი მატჩებისთვის მომზადებაში.

POPSPORT: რასინგის სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი? ვინ იქნება კლუბის მთავარი კონკურენტი TOP 14-ში?

ვასილ კაკოვინი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ სეზონში ექვსეულში შევალთ და ფინალურ ეტაპზე ვითამაშებთ. მინიმუმ ათი გუნდი ეცდება ექვსეულში შესვლას. ძალიან ბევრ გუნდს შესწევს ძალა, რომ დიდი კონკურენცია გაგვიწიოს. TOP 14-ში რამდენიმე ქართველი პირველ სეზონს ჩაატარებს. მსურს, რომ მათ დიდი წარმატება და დიდი სათამაშო დრო ვუსურვო.

ვასილ კაკოვინი 2011 წლის მსოფლიოს თასზე

რაც შეეხება ევროტურნირს, ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, რაც საკმაოდ რთულია. ექვსი მატჩიდან ხუთი მაინც უნდა მოიგო.

POPSPORT: ახლოვდება 2019 წლის მსოფლიოს თასი, როგორ ფიქრობ, მოგეცემა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის შანსი?

ვასილ კაკოვინი: ორი წლის წინ ნოემბრის ტესტებზე ვითამაშე. მაშინ ვისაუბრე ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან. შევთანხმდით, რომ სათამაშო დრო უნდა მქონოდა, რის შემდეგაც ჩემს შესაძლებლობებს შეაფასებდნენ.

სამწუხაროდ, დიდი დრო არ მომეცა. სამ თამაშში მხოლოდ 15 წუთი ვითამაშე.

შემდეგი გამოძახება რასინგში გადასვლას დაემთხვა, რის გამოც ჩამოსვლა ვერ მოვახერხე. მსოფლიოს თასზე ასპარეზობაზე უარს არ ვიტყოდი. უბრალოდ წელიწადზე მეტია, რაც ნაკრებში არ მითამაშია და ვერ ვიტყვი, რომ ნაკრებში გამომიძახებენ.

გიორგი ჩხაიძე, მამუკა გორგოძე და ვასილ კაკოვინი (2011)

რასინგის მეტოქეები ჩემპიონთა თასზე: სკარლეტსი (უელსი), ლესტერ ტაიგერსი(ინგლისი), ალსტერი (ირლანდია).

კომენტარები

ბოლო ამბები