Thumbnail
  • ოფიციალურად: პაოლო მალდინი მილანში დაბრუნდა
  • 50 წლის ლეგენდა როსონერის დირექტორი იქნება

ცხადი იყო, რომ ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდებოდა: პაოლო მალდინი მილანში დაბრუნდა! “როსონერის” დაუბრუნდა ლეგენდა, რომელიც ევროსარბიელზე ყველაზე წარმატებული იტალიური კლუბისთვის (7 ჩემპიონთა თასი) ლეგენდაზე მეტია.

ყოფილი კაპიტანი “როსონერის” სტრატეგიული განვითარების დირექტორად დაინიშნა და ახალ სპორტულ დირექტორთან, ლეონარდოსთან ერთად იმუშავებს. 50 წლის მალდინის (დიახ, პაოლო უკვე 50 წლისაა!) მილანში დიდი მისია აკისრია: მან “როსონერი” უნდა დააბრუნოს იქ, სადაც ამ გუნდის ადგილია - ჯერ იტალიის, მერე კი ევროპის ტოპ-კლუბების სიაში.

“პაოლო მილანისთვის შეუფასებელია. ჩვენ დიდი მიზნები გვაქვს და მისი კლუბში დაბრუნება უდიდესი ნაბიჯია იმისათვის, რომ დიდი მილანი დაბრუნდეს!” - ეს “როსონერის” პრეზიდენტ პაოლო სკარონის სიტყვებია.

მალდინი, რომელიც 26 ივნისს 50 წლის გახდა, ყოფილი მილანელებიდან ყველაზე ხშირად და ყველაზე მძაფრად აკრიტიკებდა ჩინელ ინვესტორს, რომელიც “როსონერის” ქომაგებს ასევე დიდი მილანის დაბრუნებას შეპირდა, მაგრამ დაპირება ვერ (თუ არ) შეასრულა. პაოლომ მილანის ფორმით 1985-დან 2009 წლამდე ითამაშა და ლომბარდიულ კუბთან ერთად უდიდესი წარმატებები იზეიმა. სხვა ტიტულებთან ერთად, პაოლომ მილანში 5-ჯერ მოიგო ევროპის უმთავრესი საკლუბო ჯილდო - ორჯერ ჩემპიონთა თასი, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა.

“პაოლო თავისი ტალანტის, ლოიალურობისა და ლიდერობის უნარების გამო ჩვენი კლუბის უდიდეს ისტორიაში ცოცხალი ლეგენდაა,” - ამბობს სკარონი.

“როდესაც აქტიური სპორტული კარიერა დავასრულე, სამომავლოდ მხოლოდ ორ ადგილზე წარმომედგინა მუშაობა - ან იტალიის ნაკრებში, ანაც მილანში. მიყვარს ეს კლუბი. სხვათა შორის, ლეონარდოს როლმა ჩემს გადაწყვეტილებაზე სერიოზული გავლენა იქონია. მას ძალიან ვაფასებ, ვფიქრობ, მილანს უდიდეს სამსახურს გაუწევს. მოკლედ, ყველაფერი იდეალურად დაემთხვა და მეც, ჩემს საყვარელ კლუბს თანხმობა ვუთხარი,” - ეს თვითონ პაოლოს სიტყვებია.

კახა კალაძე, პაოლო მალდინი და იააპ სტამი

მართალია, მალდინის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, ზუსტად იცის, რა სჭირდება მილანს, როგორ ძგერს “როსონერის” ქომაგების გულები და იცის ისიც, რომ მილანი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საფეხბურთო ელიტაში. პაოლო პირდაპირ ამბობს, რომ მისი მისია სწორედ ნამდვილი, ღირსეული მილანის დაბრუნებაა.

“ვფიქრობ, სპორტული თვალსაზრისით კარგი ფუნდამენტი გვაქვს. ჯენარო გატუზოს სახით გვყავს მწვრთნელი, რომელსაც ასევე არ ჰქონდა დიდი გამოცდილება, მაგრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დავიმატეთ გონსალო იგუაინი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია და მატია კალდარა, რომელიც ხვალ-ზეგ იტალიის ნაკრების დაცვის ბურჯი უნდა გახდეს. თუმცა ამას არ დავჯერდებით, ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი. წინა სეზონში მილანმა იტალიის ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა. ეს ნამდვილად ცუდი შედეგია. ცხადია, ჩვენ უფრო მეტი გვინდა,” - განაცხადა მალდინიმ წარდგენისას.

პაოლო მალდინისთვის ეს უჩვეულო მომენტია, მაგრამ მილანის გულშემატკივრებს ეს კადრიც კარგად ახსოვთ...

იტალიური მედია წერს, რომ პაოლო მალდინის უშუალო შეხება ექნება გუნდთან და მწვრთნელთან. მას მუდმივად ექნება კონტაქტი ფეხბურთელებთან.

მილანის ლეგენდა - პაოლო მალდინი

პაოლო მალდინი 1968 წლის 26 ივნისს, მილანში დაიბადა. საფეხბურთო კლუბ მილანში ის 10 წლის ასაკში მივიდა და მას მერე "როსონერის" 31 წელი ემსახურა. აქედან, 25 წლის მანძილზე პირველი გუნდის წევრი იყო.  

მილანის ლეგენდა - პაოლო მალდინი

პაოლოს მამა, ჩეზარე მალდინი (ფოტოზე მარცხნივ, 1984 წელს) ასევე "როსონერის" ერთგული ფეხბურთელი იყო 50-იან და 60-იან წლებში. ჩეზარე მილანთან ერთად 4-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და ერთხელ მოიგო ჩემპიონთა თასი (1963). ჩეზარე მალდინი 2016 წლის 3 აპრილს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

მილანის ლეგენდა - პაოლო მალდინი

სხვა უამრავ ტიტულთან ერთად, პაოლო მალდინიმ მილანის ფორმით 7 სკუდეტო მოიგო და 5-ჯერ დაეუფლა ჩემპიონთა თასს.  

მილანის ლეგენდა - პაოლო მალდინი

პაოლოს სერია A-ში 647 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც რეკორდია. სხვათა შორის, მეორე ადგილზე ჯანლუიჯი ბუფონია 640 მატჩით, რომელიც მალდინის რეკორდს ვეღარ დაამხობს. პაოლომ "როსონერის" ფორმით ჯამში 1028 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.  

მილანის ლეგენდა - პაოლო მალდინი

პაოლო წლების მანძილზე იტალიის ნაკრების კაპიტანი იყო.  

მილანის ლეგენდა - პაოლო მალდინი

"სკუადრა აძურას" ფორმა მას 125 მატჩში ეცვა, მაგრამ ტიტული ვერ მოიგო - 1990 წელს იტალიამ მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა, 1994 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, 2000 წელს კი - ევროპის ვიცე-ჩემპიონი. 2006 წელს, როდესაც იტალიამ მუნდიალი მოიგო, მალდინის სანაკრებო კარიერა უკვე დასრულებული ჰქონდა.  

მილანის ლეგენდა - პაოლო მალდინი

პაოლომ მილანში ისეთი დიდი მცველების გვერდით ითამაშა, როგორებიც იყვნენ ფრანკო ბარეზი, ფრანკ რიიკაარდი, ალესანდრო კოსტაკურტა და ალესანდრო ნესტა. წლების მანძილზე მალდინის თანაგუნდელი კახა კალაძეც იყო. პაოლომ კარიერა 2009 წლის 17 აპრილს დაასრულა.  

მილანის ლეგენდა - პაოლო მალდინი

კარიერის დასრულების შემდეგ პაოლო სპორტის სახეობებიდან ყველაზე ხშირად ჩოგბურთის თამაშითაა დაკავებული.  

კომენტარები

ბოლო ამბები