Thumbnail

როგორ არის მიხაელ შუმახერი? ტოდტი: თავი დაანებეთ შუმის!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • FIA-ს პრეზიდენტმა მიხაელ შუმახერის შესახებ ისაუბრა
  • ჟან ტოდტი ყველას მოუწოდებს, შეწყვიტონ შუმის შესახებ ჭორების გავრცელება

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა, ჟან ტოდტმა, რომელიც წლების მანძილზე ფერარის გუნდის შეფი იყო, ფორმულა 1-ის შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ორ წელიწადზე მეტია, შუმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

'შუმახერის ჯანმრთელობა პირადული თემაა და ვფიქრობ, დროა, რომ ჩვენ ყველამ მიხაელს თავი დავანებოთ!'

კითხვაზე, როგორ არის მიხაელ შუმახერი, ტოდტმა გაზეთ La Nacion-ს ასე უპასუხა: “მიხაელი თავისი ოჯახის წევრების, საყვარელი ადამიანების გარემოცვაშია. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რომ მისი მონახულება ხშირად შემიძლია, მაგრამ შუმახერის ჯანმრთელობა პირადული თემაა და ვფიქრობ, დროა, რომ ჩვენ ყველამ მიხაელს თავი დავანებოთ. შევეშვათ მის ცხოვრებას და მივცეთ მშვიდად ყოფნის საშუალება.”

ჟურნალისტმა ტოდტს სთხოვა, შუმახერის ჯანმრთელობის შესახებ უფრო დეტალური განმარტება გაეკეთებინა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: “ვიმეორებ: დროა, რომ მიხაელის ცხოვრებას თავი დავანებოთ.”

მიხაელ შუმახერი და ჟან ტოდტი

ბოლო დროს შუმახერის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არაერთი სპეკულაცია გავრცელდა, რომელთა ჩამოთვლას აზრი არ აქვს, რადგან არცერთი ინფორმაცია არ არის ოფიციალური. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც შუმახერი თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და თავის ტვინის უმძიმესი დაზიანებები მიიღო, თითქმის 5 წელია გასული. ჟან ტოდტი შუმახერის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია. FIA-ს ბოსმა 1996 წლის სეზონისთვის შუმი სკუდერია ფერარიში მიიყვანა და სწორედ მან შექმნა სუპერ-გუნდი, რომელმაც 2000-2004 წლებში ზედიზედ ხუთი ტიტული მოიგო. ტოდტი FIA-ს 2009 წლიდან ხელმძღვანელობს.

კომენტარები

ბოლო ამბები