Thumbnail

ახალი ცხოვრება ახალი ფილტვით - ნიკი ლაუდას მდგომარეობა გაუმჯობესდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კლინიკა ადასტურებს, რომ ნიკი ლაუდა თავს უკეთ გრძნობს
  • ოპერაციიდან 24 საათში ლეგენდარული მრბოლელი უკვე თავისუფლად სუნთქავდა

მსოფლიო ავტოსპორტის სამყარომ შვებით ამოისუნთქა! ფილტვის ტრანსპლანტაციის შემდეგ, ფორმულა 1-ის ლეგენდის, ნიკი ლაუდას მდგომარეობა გაუმჯობესდა. 69 წლის ავსტრიელი ოპერაციიდან 24 საათის შემდეგ უკვე სრულად კონტაქტური იყო. ეს ინფორმაცია კლინიკამ ოფიციალურად დაადასტურა.

“ოპერაციიდან 24 საათის შემდეგ ნიკი ლაუდა უკვე თავისუფლად სუნთქავდა. ოპერაციის შემდგომი პერიოდი სტაბილურია, ყველა ორგანო კარგად ფუნქციონირებს,” - ნათქვამია კლინიკის ოფიციალურ განცხადებაში. ექიმები ლაუდას ჯანმრთელობის მდგომარეობით ამ ეტაპზე კმაყოფილები არიან.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ფორმულა 1-ში ფილტვის ტრანსპლანტაცია გასულ ხუთშაბათს გაიკეთა. მანამდე, ლეგენდარული მრბოლელის მდგომარეობა ე.წ. ზაფხულის გრიპის გამო გაუარესდა და უკიდურესად კრიტიკული გახდა.

1976 წლის 1 აგვისტო: ნიკი ლაუდას დრამატული ავარია ნიურბურგრინგზე. იმხანად 30 წლის ლაუდა ავარიას ძლივს გადაურჩა, მაგრამ უმძიმესი ტრავმები და დამწვრობა მიიღო

შეგახსენებთ, რომ 1976 წლის ცნობილი ავარიის დროს ლაუდამ არა მარტო სახე, არამედ ფილტვებიც დაიზიანა. მიუხედავად უმძიმესი ტრავმებისა და დამწვრობებისა, ავარიიდან 42 დღის შემდეგ ტრეკზე დაბრუნდა და ტიტულის შენარჩუნების შანსიც ჰქონდა. წლების შემდეგ, ნიკი ლაუდას ორჯერ გაუკეთეს თირკმელების ტრანსპლანტაცია, ახლა კი ახალი ფილტვიც დასჭირდა.

კომენტარები

ბოლო ამბები