Thumbnail
  • პრემიერლიგის დაწყებამდე, 10 ამბავი ინგლისიდან!
  • გადახალისებული ლივერპული, ბანკირი სარი და უნაის მემკვიდრეობა...

პრემიერლიგის 2018-19 წლების სეზონი, 10 აგვისტოს, მანჩესტერ იუნაიტედის და ლესტერის მატჩით დაიწყება. საინტერესოა, ვის მხარეს ითამაშებს პარსკევს ლესტერის მცველი ჰარი მაგუაირი, რომლის დამატებაც ჟოზეს ძალიან უნდა. სანამ პარასკევი მოვა და მაგუაირზე ოლდ ტრაფორდიდან რაიმეს გავიგებთ, ქვემოთ გადავხედოთ 10 ამბავს მომავალი სეზონის შესახებ.

1. წითელი ამერიკული ფული

მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში თუ ვინმე გაძლიერდა, ეს პირველ რიგში ალბათ ლივერპულია! კლოპმა წელს ალისონი (£67), ფაბინიო (£43.7), შაჩირი (£13) და ნაბი კეიტა (£52) შეიძინა, ასევე £75 მილიონად ზამთრის სატრანსფეროზე ვირჯილ ვან დაიკი დაიმატა.

კლუბს ბრიუს გრობელაარის შემდეგ სტაბილურად კარგი მეკარე არ ჰყოლია და ალისონი ბოლო 30 წლის მანძილზე ერთადერთია, ვისაც შეუძლია კლუბში ეს უსიამოვნო "ტრადიცია" შეცვალოს. როგორც ამერიკის ტურნეს დროს ჟოზე მოურინიომ განაცხადა, ლივერპული ასეთი გაძლიერების შემდეგ ‘ვალდებულია’ წელს რაიმე ტიტული მოიგოს.

2. ჟოზეს ზაფხულის ნეგატივი

სეზონი არ დაწყებულა და მთელი ზაფხულია, ჟოზეს წუწუნს ვისმენთ. პორტუგალიელმა თავიდან მსოფლიოს ჩემპიონატი ამოიღო მიზანში, შემდეგ ის ფეხბურთელები, ვინც მუნდიალის დასრულების შემდეგ კუთვნილ შვებულებას იყენებდნენ, შემდეგ ანტონი მარსიალი, რომელსაც შვილი შეეძინა და მშობიარობას დაესწრო, შემდეგ იუნაიტედის თავჯდომარე ედ ვუდვარდი...

სია კიდევ გრძელდება... მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს კონტრაქტით მოურინიოსთვის ბოლო სეზონია და თუ კლუბმა ისევ ვერაფერი მოიგო, ძნელი სათქმელია, ისურვებენ თუ არა იუნაიტედში ჟოზესთან ურთიერთობის გაგრძელებას. როგორც ჟოზემ განაცხადა, ვუდვარდს 5 ფეხბურთელი თხოვა, აქედან არავინ მოუყვანეს და სეზონს ლესტერის წინააღმდეგ თითქმის მეორე შემადგენლობით დაიწყებს.

3. მაინც უფულო ტოტენჰემი...

ერთადერთი ზაფხული, როდესაც ტოტენჰემმა ბევრი ფული დახარჯა, ეს გარეტ ბეილის რეალში გადასვლის პერიოდი იყო. ლონდონელებმა უელსელში აღებული ფული, სატრანსფერო ბაზარზე ჩააბრუნეს, თუმცა არცთუ წარმატებულად  - 7 მოთამაშიდან, ერთადერთი კრისტიან ერიქსენი გამოადგათ, რომელიც დღემდე კლუბის ლიდერია.

წელს სპურსი პასიურობს, რაცზეც მაურისიო პოჩეტინოც წუხს. კლუბის თავჯდომარეს - დენიელ ლევის, როგორც ამბობენ, ტრანსფერების გაკეთება ბოლო დღეს, იაფად უყვარს, მაგრამ არის ახლა ამის დრო? პოჩეტინოს გუნდმა შარშან ჩემპიონთა ლიგაზე კარგი ფეხბურთი ითამაშა, ჩემპიონატიც ოთხეულში დაასრულა და მეტის გაკეთებისთვის რესურსი დააკლდა... თითქოს ახალი სპურსის კონტურები გამოიკვეთა, მაგრამ ფული ისევ არ არის...

4. კოტეჯერები დაბრუნდნენ!

მას შემდეგ, რაც კრეივენ კოტეჯიდან მაიკლ ჯექსონის ძეგლი აიღეს, ფულემში პრემიერლიგა არ უნახავთ, მაგრამ წელს დაბრუნდნენ... ბოლოს მარტინ იოლი და ფელიქს მაგათი ჰყავდათ, შემდეგ სერბი სლავიშა იკაოვიჩი მიიყვანეს, რომელიც უკვე 3 წელია კლუბშია და საქმეს სწორად აკეთებს.

ბოლოს პრემიერლიგაში ყოფნისას, კლუბის საუკეთესო ბობარდირი 7 გოლით თითქმის საყრდენი ნახევარმცველი - სტივ სიდველი გახდა, რაც მაშინდელი თავდასხმის ხაზზე ნათელ წარმოადგენას გვიქმნის.

წელს მიტროვიჩი დაიმატეს, შურლე დორტმუნდიდან ინათხოვრეს და გუნდში რაიან სესენიონი ჰყავთ - ინგლისის ახალგაზრდულების მთავარი ვარსკვლავი და ნაკრების მომავალი წევრი. ფულემის მატჩების ყურება მხოლოდ ამ ბიჭის გამო ღირს, წელს მშობელ კლუბს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში მიეხმარება, ცოტა გამოცდილებასაც მიიღებს, ხოლო გაისად, როგორც ვარაუდობენ, რომელიმე გრანდი დაიმატებს.

5. მაჰრეზი... მეტი არავინ?

კონტრაქტის თანახმად, 2018-19 წლების სეზონი გვარდიოლასთვის ბოლო მანჩესტერული წელიწადია. პეპს მომავალ სეზონში ტიტულის დაცვა მოუწევს, გუნდიდან არავინ წასულა, მაგრამ მოსვლითაც, რიად მაჰრეზის გარდა, თითქმის არავინ დაუმატებიათ - თუ არ ჩავთვლით 18 წლის კლაუდიო გომესს, რომელიც პარი სენ ჟერმენიდან უფასოდ დაიმატეს.

სიტის შარშანაც ჰქონდა საკადრო პრობლემები, რომელსაც გვარდიოლა ძირითადად ფაბიან დელფის პოზიციიდან-პოზიციაზე გადართვით ავსებდა. ამბობენ, რომ ბარსელონელს ტიაგო ალკანტარა სურს, რომელსაც ბევრი მთხოვნელი არ ჰყავს და მისი პერსპექტივა კოვაჩის ბაიერნში კარგი ნამდვილად არ ჩანს.

თუ არავინ დაიმატეს, ესე იგი, გვარდიოლას ბავშვების იმედი აქვს, რომლებსაც შარშან თასებსა და ჩემპიონთა ლიგის ნაკლებად მნიშვნელოვან მატჩებში ათამაშებდა. მაგრამ იქნება ეს რესურსი იმისთვის საკმარისი, რომ კლოპის გადახალისებულ და გაძლიერებულ ლივერპულს ჩემპიონატში აჯობოს? 

6. ვულვზის პორტუგალიელები

ფულემთან ერთად, წელს ჩემპიონშიფიდან ვულვერჰემპტონი, თავისი პორტუგალიური ბატალიონით დაწინაურდა. მწვრთნელი და გუნდის 8 მოთამაშე პირენეიდანაა, მათ შორის ახლად დამატებული პორტუგალიის ნაკრების წევრები - ჟოაო მოუტინიო და რუი პატრისიო.

ვულვზის მთავარი პორტუგალიელი ვარსკვლავები - რუბენ ნევეში და დიოგო ჟოტა არიან,  ფეხბურთელები, რომლებმაც გუნდი წელს პრემიერლიგაში ამოიყვანეს.

მწვრთნელთან და მოთამაშეებთან ერთად, რობერტ პლანტის საყვარელ გუნდს, კულისებიდან მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო აგენტი - პორტუგალიელი ჟორჟე მენდეში მფარველობს, რომელიც ჩინურ კონგლომერატთან ერთად, ვულვზის წარმატებით არის დაინტერესებული. სწორედ მის სახელს უკავშირდება ამდენი ლისაბონელის და პორტოელის ინდუსტრიულ ინგლისში გამოჩენა.

7. უნაი, ვინ?

‘არსენ, ვინ?’ ასე შეხვდნენ არსენ ვენგერს არსენალის ფანები 1996-ში, როდესაც დევიდ დინმა ფრანგი იაპონიიდან ჩამოიყვანა. უნაი ემერი ცნობილი კაცია, არც იაპონიიდან ჩამოუყვანია ვინმეს და მას არც მთვრალი რეი პარლოს გამოფხიზლებაზე მოუწევს ზრუნვა.

ემერის წინაშე სხვა ამოცანები დგას. ემერის ჯორჯ გრემის ‘მოსაწყენი, მოსაწყენი არსენალი’ არ ჩაუბარებია, უნაის ვენგერის მემკვიდრეობა ხვდა წილად, ვენგერის მიერვე დარგული 1200 ხით ბაზაზე, მაგრამ ამ ქონების განკარგვა ესპანელს ივან გაზიდისის ხედვით მოუწევს.

არსენალში ‘ბოსი’ აღარ ჰყავთ, პასუხისმგებლობა მკვეთრად გადანაწილებულია, დღეს ყველას თავისი როლი აქვს. გუნდის მართვის ასეთი მოდელი, ალექს ფერგიუსონის მეფობის ხანაში ბრიტანეთში არ ამართლებდა, მაგრამ ფერგის ეპოქა დიდი ხანია უკვე დასრულდა, წარმატების ფორმულა შეიცვლა. უბრალოდ, ამას დიდი გუნდებიდან არსენალი ბოლოს მიხვდა. წელს სხვანაირ ემირატებს ვნახავთ - მწვრთნელით, რომელსაც ჰაიბერი არ ახსოვს და ისლინგტონში ალბათ გავლითაც არასდროს ყოფილა...

8. არის მარკო სილვა ის კაცი, ვინც გუდისონზე უნდათ?

ევერტონმა შარშან ბევრი ფული და დრო დახარჯა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ახალი ინვესტორების მცდელობამ, კლუბი უფრო მაღალ სიმაღლეზე აეყვანათ, კრახი განიცადა. ჯერ საქმე კუმანს ჩააბარეს, შემდეგ რადიკალურად განსხვავებულ, პრაგმატ და ძველი ყაიდის კაცს - სემ ელერდაისსს, რომელიც მაისში მოხსნეს და გუნდისთვის ახალი ერაც მარკო სილვას დანიშვნით დაიწყო.

მიზანი მარტივია - ევერტონს ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა. მაგრამ არის მარკო სილვა ის კაცი, ვინც ამას შეძლებს? მისი უოტფორდი კარგი გუნდი იყო, ლამაზი ფეხბურთით, მაგრამ სიმძიმე და სტაბილურობა აკლდა. შარშან სარეკორდო თანხად - 45 მილიონად სიგურდსონი დაიმატეს, წელს რიჩარლისონი, რომელმაც ისლანდიელის რეკორდი მოხსნა. 

მაგრამ არის პოზიციები, მაგალითად ცენტრალური მცველი, სადაც ლივერპულელებს უჭირთ და თუ არაფერი მოიმოქმედეს, ამ დაცვის ხაზით ოთხეულის მიღწევა წარმოუდგენელი ამოცანაა.

9. ბანკირი სარი, ბანკების ქალაქში!

მაურიციო სარი, როგორც ბანკირი სიენადან, ხშირად სტუმრობდა ლონდონს - მსოფლიოს ფინანსურ ცენტრს. მაგრამ წელს ნეაპოლელი სხვა საქმეზეა ჩამოსული - წელს ჩელსი ჩააბარეს, სადაც დიდი იტალიელი მწვრთნელების ტრადიცია უნდა განაგრძოს.

სარი, ლონდონის მდიდრულ უბანში, მე-6 იტალიელი მწვრთნელია. 1998 წელს ჯანლუკა ვიალით დაწყებული ტრადიცია, ქალაქის ცენტრში დღემდე გრძელდება. სარის ზაფხულში ჩელსი დიდად არ შეუცვლია, გუნდში მხოლოდ ჟორჟინიო და რობერტ გრინი მოვიდნენ, წასვლითაც არავინ წასულა და ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, ლურჯებისგან რას უნდა ველოდეთ.

რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, რომან აბრამოვიჩს მგონი დახარჯვა არ უნდა. უმსხვილესი ინვესტორი წელს ბრიტანეთის მთავრობამ ვიზის პრობლემების გამო გაანაწყენა - ჯერ ახალი სტადიონის პროექტი შეაჩერა, შემდეგ კონტე-სარის ცვლილებაზე კლუბი საკომპენსაციო თანხის დავებში იყო გაჭედილი, ახლა კი ვხედავთ, რომ 38 წლის მეკარის და ჟორჟინიოს გარდა, გუნდში არავინ მოსულა...

10. გახსოვთ ნილ უორნოკი?

პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მეამბოხე მწვრთნელმა, წელს ინგლისურ ფეხბურთში სარეკორდო მე-8 დაწინაურება, ამჯერად კარდიფ სიტისთან ერთად მოიპოვა.

უორნოკი გუნდების პრემიერლიგაში ამოყვანის სპეციალისტია, მაგრამ შემდეგ საქმე ავიწყდება და მთელი სეზონი მსაჯებს და მოწინააღმდგეებს ლანძღავს, რის შემდეგაც ხშირად ისევ ჩემპონშიფში ბრუნდება ხოლმე.

ქარიზმატული იორკშირელი, რომლის ოცნებაც ინგლისის ნაკრების მწვრთნელობაა, წელს შეეცდება კარდიფი პრემიერლიგაში დატოვოს და ის უელსური ადგილი შეავსოს, რომელიც შარშან სუონსიმ დაკარგა...

კომენტარები

ბოლო ამბები