Thumbnail

ზაფხულის თასი | საქართველო ბრაზილიასთან დამარცხდა, რასინგი ჩემპიონია!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო XV 18:20 ბრაზილია
  • ბორჯღალოსნებმა ზაფხულის თასი მეორე ადგილზე დაასრულეს

საქართველო XV-მა ზაფხულის თასზე ბოლო შეხვედრა გამართა. ქართველი მორაგბეები ბრაზილიელებთან დამარცხდნენ. სტუმრებმა მე-7 წუთზე ჯარიმით გახსნეს ანგარიში, თავი ჯოშ რივზმა გამოიჩინა. ბრაზილიელებს 3 წუთში თედო აბჟანდაძემ უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. მატჩის პირველი ლელო მე-14 წუთზე დაიდო, ქართველებმა მოლი ააგორეს, ბურთი კი ბრაზილიელთა ჩათვლის მოედანში ნაკრების კაპიტანმა, გიორგი ჭყოიძემ დაამიწა.

ბრაზილიელები გაშვებული ლელოს შემდეგ გააქტიურდნენ, დანიეუ სანსერმა საპასუხო ლელო დადო, რომელიც ჯოშ რივზმა გარდასახა - სტუმრები ხუთი ქულით დაწინაურდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩის დროს წვიმამ გადაიღო, მინდორი ცუდ მდგომარეობაში იყო, რაც მოთამაშეებს ხელს უშლიდა საუკეთესო თამაშის ჩვენებაში.

37-ე წუთზე ბორჯღალოსნებმა მორიგი ლელო გაიტანეს. გორის ჯიქის მორაგბემ, გუგა შენგელიამ მოლის შემდეგ ლელო დადო, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა, რითიც საქართველომ პირველი ტაიმი 15:13 მოიგო.

მეორე ტაიმი ბორჯღალოსანთა უპირატესობით განახლდა. საქართველომ მეტოქე დააჯარიმა, თედო აბჟანდაძემ დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და საქართველოს ხუთქულიანი უპირატესობა მოუპოვა. ბრაზილიელებმა 58-ე წუთზე სანსერის ლელოთი ანგარიში გაათანაბრეს, ჯოშ რივზმა გარდასახვა გაიტანა და ბრაზილია დააწინაურა - 20:18. საქართველოს რამდენჯერმე ჰქონდა თამაშის მოგების შანსი, მაგრამ ბორჯღალოსნები ხშირად უშვებდნენ შეცდომებს. ტაიმის ბოლოს თედო აბჟანდაძემ ჯარიმა დაარტყა, ახალგაზრდა მორაგბეს ცოტა დააკლდა გამარჯვების სამქულიანამდე.

ბრაზილიამ ბოლომდე იბრძოლა და მათთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ზაფხულის თასის გამარჯვებული რასინგი გახდა, რომელმაც 9 ქულა დააგროვა. საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა ხუთი ქულით. მესამეზე ბრაზილია გავიდა, ხოლო ბოლო ადგილი არგენტინამ დაიკავა.

რასინგი - 9 ქულა
საქართველო - 5 ქულა
ბრაზილია - 4 ქულა
არგენტინა - 2 ქულა

კომენტარები

ბოლო ამბები