Thumbnail

მეგა-ტრანსფერი ფორმულა 1-ში - დანიელ რიკარდო რედ ბულიდან მიდის!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მოულოდნელი ამბავი ფორმულა 1-ში
  • დანიელ რიკარდოს რედ ბულიდან წასვლა გადაწყვეტილია
  • ავსტრალიელი კარიერას რენოში გააგრძელებს

ფორმულა 1-ში მეგა-ტრანსფერი გადაწყდა: ავსტრალიელი დანიელ რიკარდო 5-წლიანი წარმატებული ეპოქის შემდეგ რედ ბულს ტოვებს. ეს ინფორმაცია ყოფილ ჩემპიონ გუნდში ოფიციალურად დაადასტურეს. რედ ბულის განცხადებაში ნათქვამია, რომ 29 წლის რიკარდომ გუნდის ხელმძღვანელებს თავისი გადაწყვეტილება ახლახან ამცნო. ფორმულა 1-ის ერთ-ერთი საუკეთესო პილოტის გზა რენოსკენ მიდის, სადაც ის ნიკო ჰიულკენბერგის თანაგუნდელი გახდება.

“დანიელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ და მომავალში ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ,” - განაცხადა რედ ბულის გუნდის შეფმა კრისტიან ჰორნერმა.

დანიელ რიკარდო რედ ბულის აკადემიაში 2008 წელს მივიდა. 2014 წელს ის სებასტიან ფეტელის თანაგუნდელი გახდა. რედ ბულისთვის რიკარდოს 7 გრანპრი აქვს მოგებული - მათ შორის, ბოლოს მაისში, მონაკოს გრანპრი მოიგო. საერთო ჯამში რიკარდო 29-ჯერ იყო პოდიუმზე.

ამრიგად, რედ ბულმა ახალი პილოტი უნდა ეძებოს, რომელიც მაქს ფერსტაპენის (კონტრაქტი 2020 წლამდე) მეწყვილე იქნება. ლოგიკური კანდიდატი კარლოს საინსია, რომელიც ახლა რენოს ბოლიდით ასპარეზობს, მაგრამ კონტრაქტით რედ ბულს ეკუთვნის.

რენოს დიდი მიზნები აქვს - ფრანგებს სურთ, რომ 2020 წელს მსოფლიოს ჩემპიონობისთვის იბრძოლონ. სეზონის 21 რბოლიდან 8-ის შემდეგ, რენო 82 ქულით მეოთხე ადგილზეა და მესამეადგილოსან რედ ბულს 141 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები