Thumbnail

მუქარა ბორჯღალოსნებს - რუსეთის ნაკრების უელსელი მწვრთნელის ამბიციური მიზნები

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსეთის მორაგბეთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს - უელსელი ლინ ჯონსი
  • ჯონსი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს და რუმინეთის ჰეგემონიის დამხობას აპირებს
  • 54 წლის სპეციალისტს ამბიციური მიზნები აქვს

რუსეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - უელსელი ლინ ჯონსი, რომელთანაც ქვეყნის რაგბის ფედერაციამ ხელშეკრულება 2019 წლის ნოემბრის ბოლომდე, მისი კიდევ 2 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით გააფორმა.

54 წლის სპეციალისტს უმუშავია კლუბებში: ლონდონ უელშსა და დრეგონსში, 2017 წელს კი ნამიბიის მეორე ნაკრებს წვრთნიდა.

რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ვაკანტური თებერვალში, მას შემდეგ გახდა, რაც პოსტი ალეკსანდრ პერვუხინმა დატოვა. მოგვიანებით, გუნდში მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ირლანდიელი მარკ მაკდერმოტი ასრულებდა. 

რუსებმა ლინ ჯონსი  ნაკრების მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად წარადგინეს

რუსეთის მორაგბეთა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიოს თასზე გამოსვლის უფლება პირდაპირი გზით მას შემდეგ მოიპოვა, რაც World rugby-მ რუმინეთისა და ესპანეთის ეროვნულ გუნდებს მოთამაშეთა ნატურალიზაციის წესების დარღვევის გამო, შესარჩევ ტურნირში ქულები ჩამოაკლო.

"რუსეთის ნაკრებს გადავაქცევთ კონკურენტუნარიან გუნდად ევროპის ერთა თასზე, რომელიც პირველად მრავალი წლის შემდეგ, დაამარცხებს რუმინელებსაც და ქართველებსაც"

თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ლინ ჯონსმა ომახიანი განცხადებები გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მისი მიზანი არამხოლოდ 2019 წლის მსოფლიოს თასზე წარმატებული გამოსვლა, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება და 2023 წლის მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვებაც იქნება. 

ლინ ჯონსს ეს ფოტო სავარაუდოდ ნანახი ჯერ არ აქვს

"ამაყი ვარ იმით, რომ რუსეთის ნაკრები ჩავიბარე. მაგრამ თანამდებობა უდიდეს პასუხისმგებლობასაც მაკისრებს. სამუშაო რთულია. ჩვენი ამოცანა არამხოლოდ მსოფლიოს თასისთვის მომზადება, რუსეთში რაგბის სწრაფად განვითარებაცაა. ნაკრები კი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ იაპონიაში გასამართ მსოფლიოს თასზე რუსეთი საუკეთესოდ წარმოაჩინოს.

გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს და დარწმუნებული ვარ, რუსეთის ნაკრებს ერთად გადავაქცევთ კონკურენტუნარიან გუნდად ევროპის ერთა თასზე, რომელიც პირველად მრავალი წლის შემდეგ, დაამარცხებს რუმინელებსაც და ქართველებსაც.
 
სამუშაო ძალიან ბევრია და რაც უფრო ადრე შევუდგები საქმეს, მით უკეთესი. ჩვენ 2023 წლის მსოფლიოს თასზეც უნდა გავიდეთ", - აქვეყნებს ჯონსის ნათქვამს Р-Спорт.

ბორჯღალოსნებმა რუს დათვებს ბოლოს ამ გაზაფხულზე სტუმრად მოუგეს - 29:9

საქართველოს და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ ისტორიაში 22-ჯერ უთამაშიათ. ბორჯღალოსნების ანგარიშზე 20 მოგებაა, რომლებმაც ერთადერთი მარცხი სულ პირველ დაპირისპირებაში, 1993 წელს იწვნიეს. საქართველო-რუსეთის კიდევ ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. 

2019 წლის მსოფლიოს თასი იაპონიაში 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. რუსები ერთ ჯგუფში ითამაშებენ ირლანდიასთან, შოტლანდიასთან, იაპონიასა და სამოასთან.

რუსეთის ნაკრები თავის ისტორიაში მეორედ ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე. გუნდს ტურნირზე დებიუტი 2011 წელს ჰქონდა. ახალ ზელანდიაში რუსებმა ოთხივე მატჩი წააგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები