Thumbnail

გენიალური სავარჯიშო მეკარისთვის - ასე ზრდიან იტალიაში ბუფონებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბოლონიაში მეკარეთა კლასის ასამაღლებლად უნიკალური სისტემა გამოიგონეს
  • მარტივი სავარჯიშო მეკარეებს რეაქციის გაუმჯობესებაში ეხმარება

იტალიური საფეხბურთო კლუბის ბოლონიის სამწვრთნელო შტაბმა, მეკარეთა კლასის ასამაღლებლად, უნიკალური სავარჯიშო სისტემა გამოიგონა. 

პირველი სავარჯიშო ასეთია: კედელთან დგას მეკარე, მის უკან კი - მწვრთნელი. ეს უკანასკნელი ბურთს კედელს ესვრის ისე, რომ გოლკიპერი სროლის მომენტს ვერ ხედავს. კედელი რელიეფურია, რის გამოც რთულია წინასწარ განსაზღვრა, რომელი მიმართულებით წავა ბურთი. ეს სავარჯიშო მეკარის რეაქციას აუმჯობესებს.

გამკლავება ბურთთან, რომელიც მოულოდნელად იცვლის ტრაექტორიას, გაცილებით რთულია, თამაშის დროს კი მსგავსი დარტყმის მოგერიებაზე ზრუნვა მეკარეებს მუდმივად უხდებათ. სწორედ ამ კომპონენტის დახვეწისთვის, ბოლონიელები მეკარეებს ბურთის მიმართულების ცვლილებაზე რეაგირებაში თავისებურად ავარჯიშებენ - კარის სიახლოვეს დადგმულია სპეციალური წინაღობა, რომელიც დარტყმის შემდეგ ხელოვნურ რიკოშეტს ქმნის.

ტრადიციულად, მეკარეთა იტალიური სკოლა ევროპაში ერთ-ერთ უძლიერესადაა აღიარებული.

ამჟამად ბოლონიის ჭაბუკთა გუნდში წარსულში ცნობილი იტალიელი მეკარე, მსოფლიოს 1994 წლის ვიცე-ჩემპიონი ჯანლუკა პალიუკა მუშაობს, რომელიც სწორედ ამ კლუბის აღზრდილია.

იტალიის გასულ ჩემპიონატში ბოლონიამ მე-15 ადგილი დაიკავა. სერია A-ს ახალი სეზონი კი სტარტს 18 აგვისტოს აიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები