Thumbnail
  • არგენტინის ნაკრებს მთავარი მწვრთნელი ჯერ კიდევ არ ჰყავს
  • “ალბისელესტეს” დამრიგებელი დროებით ისევ ლიონელ სკალონია
  • სიმეონესთან და პოჩეტინოსთან პირველი მოლაპარაკებები შედგა
  • ვინ შეცვლის ხორხე სამპაოლის? არგენტინელები არ ჩქარობენ

არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია (AFA) ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხის გადაწყვეტას არ ჩქარობს. AFA-ს ხელმძღვანელებმა ხუთშაბათს დაადასტურეს, რომ “ალბისელესტეს” დამრიგებლად კვლავ ლიონელ სკალონი რჩება, რომელსაც გუნდი ხორხე სამპაოლის წასვლის შემდეგ დროებით ჩააბარეს. როგორც ირკვევა, ეს უკანასკნელი არგენტინის ნაკრების დამრიგებლად წლის ბოლომდე იმუშავებს.

“საჩქარო არაფერია, საკმარისზე მეტი დრო გვაქვს იმისათვის, რომ სწორი და არგენტინული ფეხბურთისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ,” - ნათქვამია AFA-ს ბოსის, კლაუდიო ტაპიას განცხადებაში.

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ნაკრების შედეგებს და ზოგადად შექმნილ სიტუაციას აანალიზებს და ხორხე სამპაოლის შემცვლელზე ფიქრობს. არგენტინული მედიის ინფორმაციით, “ალბისელესტეს” დამრიგებლის თანამდებობაზე მაურიციო პოჩეტინო (ტოტენჰემი), დიეგო სიმეონე (ატლეტიკო), მარსელო გალიარდო (რივერ პლეიტი) და ხორხე ალმირონი (ატლეტიკო ნასიონალი, კოლუმბია) განიხილებიან.

თუმცა, ყველა კანდიდატი დასაქმებულია და კლუბებთან ყველას კარგი კონტრაქტი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ მათი ხელშეკრულებები უნდა გამოისყიდოს. გავრცელებული ცნობების თანახმად, სიმეონესთან და პოჩეტინოსთან პირველი მოლაპარაკებები უკვე შედგა.

არგენტინის ნაკრები 7 სექტემბერს ლოს ანჯელესში გვატემალას შეხვდება, 4 დღის შემდეგ კი, ნიუ იორკში კოლუმბიას დაუპირისპირდება. ამ შეხვედრებში “ალბისელესტეს” დამრიგებელი სწორედ სკალონი იქნება, რომლის ასისტენტიც ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პაბლო აიმარია. 40 წლის სკალონი 1997 წელს არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2006 წლის მუნდიალზე კი, მერვედფინალში, მექსიკასთან (2:1) ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები