Thumbnail

ახალი ფილტვი ძველი ავარიის გამო - ნიკი ლაუდას მდგომარეობა კრიტიკულია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფორმულა 1-ის ლეგენდა კრიტიკულ მდგომარეობაშია
  • ნიკი ლაუდას ფილტვის ტრანსპლანტაცია დასჭირდა

ფორმულა 1-ის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ლეგენდარულ ავსტრიელ ავტომრბოლ ნიკი ლაუდას ფილტვის ტრანსპლანტაცია დასჭირდა. 69 წლის ლაუდას ოპერაცია ვენის კლინიკაში, მთავარმა ქირურგმა ვალტერ კლეპეტკომ და ერთ-ერთმა საუკეთესო ექიმმა, კონრად ჰიოტცენეკერმა გაუკეთეს. კლინიკის ოფიციალური განცხადებით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ლაუდა საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ავსტრიული პრესის ინფორმაციით, ნიკი ლაუდას იბიცაზე შვებულებაში ყოფნის დროს ე.წ. “ზაფხულის გრიპი” შეეყარა, რის შედეგადაც კლინიკაში მოხვდა. ლეგენდარული მრბოლელი თავიდან რეანიმაციაში იყო, თუმცა შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და რეანიმაციიდან გამოიყვანეს, მაგრამ ხუთშაბათს მდგომარეობა ისევ დამძიმდა და ოპერაცია გახდა საჭირო. შეგახსენებთ, რომ ნიკი ლაუდამ ფორმულა 1-ის ბოლო ორივე რბოლა (ჰოკენჰაიმრინგსა და ბუდაპეშტში) გამოტოვა (69 წლის ლაუდა მერსედესის გუნდის ერთ-ერთი შეფია).

აღსანიშნავია, რომ ნიკი ლაუდას ფილტვი 1976 წლის პირველ აგვისტოს მომხდარი ცნობილი ცეცხლიანი ავარიის შემდეგ ჰქონდა დაზიანებული. მაშინ ლაუდამ ნიურბურგინგის ნორდშლაიფეზე საკუთარ ფერარიზე კონტროლი დაკარგა და ბარიერს შეეჯახა, რის შემდეგაც ბოლიდიდან 55 წამის განმავლობაში ვერ ამოიყვანეს. ლაუდამ, რომელსაც იუმორი არასდროს ღალატობს, ამ ავარიას “ჩემი ბარბექიუ” შეარქვა. სწორედ ამ ავარიის შემდეგ აქვს მას სახე დამწვარი.

ნიკი ლაუდა 1976 წელს, იაპონიის გრანპრის წინ

ლაუდა, რომელიც დღეს მერსედესის გუნდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და Laudamotion-ის გენერალური დირექტორია, ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონი 1975, 1977 და 1984 წლებში გახდა - ორჯერ ფერარის, ერთხელ კი მაკლარენის გუნდში. მესამე ტრიუმფიდან ერთ წელიწადში ვენელმა კარიერა დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ნიურბურგრინგზე მომხდარი ავარიის გამო მას თირკმელის ორი ტრანსპლანტაცია აქვს გაკეთებული. ნიკოლაუს ანდრეას ლაუდა, რომელიც 2009 წელს კიდევ ერთხელ გახდა ტყუპების მამა, დიდი მებრძოლია და იმედია, ამ ბრძოლასაც მოიგებს!

ვიდეო: ნიკი ლაუდას ავარია 1976 წელს

კომენტარები

ბოლო ამბები