Thumbnail
  • არსენალმა და ჩელსიმ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ითამაშეს
  • დუბლინურ მატჩში გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა
  • პეტრ ჩეხმა ლონდონელებს 11-მეტრიანიდან ორჯერ არ გაატანინა  

არსენალმა ლონდონურ დერბიში ჩელსის აჯობა, რომელიც ამხანაგური ტურნირის International Champions Cup-ის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრა დუბლინში, ‘ავივაზე’ ჩატარდა და საბოლოოდ პენალტების სერიაში ‘მეთოფეების’ გამარჯვებით დასრულდა - 1:1 (6:5).

ჩელსიმ ანგარიში თამაშის დასაწყისში, კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ გახსნა. სესკ ფაბრეგასის მოწოდების შემდეგ, გოლი მე-5 წუთზე ანტონიო რიუდიგერმა თავით გაიტანა.

მაურიცო სარის გუნდი ფლობდა სათამაშო უპირატესობას და მოგვიანებით ალვარო მორატას კარგი შანსი ჰქონდა, ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაეზარდა, მაგრამ კალუმ ჰადსონ-ოდოის მოპოვებული 11-მეტრიანის გატანა ვერ შეძლო - პეტრ ჩეხმა დარტყმის მიმართულება გამოუცნო. 

არსენალმა გათანაბრება კომპენსირებულ დროში, ასევე კუთხურის გათამაშების შემდეგ მოახერხა. კომბინაცია შეცვლაზე შემოსულმა ალექსანდრ ლაკაზეტმა დაასრულა.

მატჩის შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა. გუნდებმა 5-5 ჯერ გაიტანეს, რის შემდეგაც ჩელსი რუბენ ლოფტუს-ჩიკმა დააღალატა - ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის დარტყმული ჩეხმა მოიგერია. ალეკს ივობიმ კი საპასუხო დარტყმა ზუსტად შეასრულა.

'მეთოფეების' ზეიმი პენალტების სერიის შემდეგ

აღსანიშნავია, რომ თამაშის განმავლობაში ჩელსის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ 11 ცვლილება განახორციელა, მისმა ვიზავიმ უნაი ემერიმ კი - ხუთი.

ჩელსი სეზონისწინა ტურნირის ლიონთან 8 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრით დაასრულებს. ამ უკანასკნელმა მანამდე ანგარიშით 3:2 პორტუგალიურ ბენფიკას სძლია.

5 აგვისტოს სარის გუნდი ინგლისის სუპერთასზე ითამაშებს, სადაც მეტოქედ მანჩესტერ სიტი ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები