Thumbnail
  • პოლ პოგბა მანჩესტერ იუნაიტედში ბედნიერი არ არის
  • ახალი ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონს ბარსელონაში ეპატიჟებიან

ზუსტად ორი წლის წინ, მანჩესტერ იუნაიტედმა ტურინის იუვენტუსს პოლ პოგბას სანაცვლოდ 105 მილიონი ევრო გადაუხადა, რაც იმ დროს რეკორდი გახლდათ. თუმცა, ფრანგმა ნახევარმცველმა “ოლდ ტრაფორდზე” ისევე ვერ გაამართლა იმედები, როგორც მანამდე - სანამ იუნაიტედიდან იუვენტუსში გადავიდოდა. ფაქტია, რომ მანჩესტერის პუბლიკა, ხელმძღვანელები და მწვრთნელი ჟოზე მოურინიოც მისგან მეტს ელოდნენ. საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კლუბის გამოცვლა თვითონ ფეხბურთელსაც სურს.

პოგბას გადაბირებით აქამდე ყველაზე მეტად ისევ იუვენტუსი იყო დაინტერესებული, ახლა კი, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მსოფლიოს ჩემპიონი საყრდენი ნახევარმცველისთვის ბრძოლაში ბარსელონაც ჩაერთო, სადაც ანდრეს ინიესტას შემცვლელს ეძებენ. მართალია, პოგბა ინიესტა არ არის, მაგრამ ცენტრალური ნახევარმცველია, რომელსაც მეტოქე გუნდის იერიშების ჩაშლაც ეხერხება და შეტევაშიც ეფექტიანია.

იტალიური “ტუტოსპორტის” ინფორმაციით, ბარსას ერთ-ერთი დირექტორი ერიკ აბიდალი, რომელიც ასევე ფრანგია, პოგბას უკვე შეხვდა და “ნოუ კამპზე” გადასვლის პერსპექტივაზე ესაუბრა. ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ აბიდალი და პოგბა ერთმანეთს ლოს ანჯელესში შეხვდნენ, სადაც საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი შვებულებას ატარებს.

პოგბას და მოურინიოს გზები ალბათ გაიყოფა

ტუტოსპორტი იმასაც იუწყება, რომ ბარსელონას შეფებმა აბიდალი ახალ თანამდებობაზე პირველ რიგში იმიტომ დანიშნეს, რომ ფრანგ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებები აწარმოოს. საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ესეც რომ არ იყოს, ფრანგებს ყოველთვის ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის პოგბას მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. პოლს ჟოზე მოურინიოსთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და მასთან დარჩენა არ სურს. ფრანგის სავარაუდო ფასი 150 მილიონი ევროა.

კომენტარები

ბოლო ამბები