Thumbnail

მაიკლ ფელპსის მემკვიდრე | 10 წლის მოცურავემ ლეგენდის რეკორდი დაამხო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კლარკ კენტმა ბატერფლაით ცურვაში 100 მეტრი დისტანცია 1:09:38 წამში დაფარა
  • 10 წლის ამერიკელს, რომელიც სულ 4 წელიწადია ცურავს, "სუპერმენი" უკვე შეარქვეს  

აშშ-ში, 10 წლის მოცურავე ბიჭუნამ კლარკ კენტმა 100 მეტრ დისტანციაზე ბატერფლაით ცურვაში, 23-გზის ოლიმპიური ჩემპიონის მაიკლ ფელპსის მიერ წლების წინ დამყარებული რეკორდი დაამხო. ამის შესახებ CNN იუწყება.

კალიფორნიაში გამართულ Far West International Championship-ში კენტმა აღნიშნული დისტანცია წუთში, 9 წამსა და 38 მილიწამში დაფარა, რაც ფელპსის შედეგზე უკეთესი მაჩვენებელია, რომელიც ლეგენდარულმა მოცურავემ ჩემპიონატში 1995 წელს აჩვენა - 1:10:48. 

მეხუთკლასელ კლარკს მიზნად ფელპსის რეკორდის დამხობა იმ დღიდან დაუსახავს, როდესაც ცურვა დაიწყო:

"უდიდესი მოტივაცია მქონდა და ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ამ რეკორდის დამხობა", - ამბობს ბიჭუნა.

მაიკლ ფელპსი ამჟამად შვიდი მოქმედი მსოფლიო რეკორდის ავტორია

საინტერესოა, რომ კენტი სულ ოთხი წელიწადია ცურავს. მისი მწვრთნელი აღნიშნავს, რომ ბიჭუნა ყველასგან გამორჩეულია, ვისთანაც კი ოდესმე უმუშავია. პატარა რეკორდსმენს თანატოლებმა უკვე შეარქვეს "სუპერმენი", მამამისი კი დასძენს, რომ კლარკი ასევე უკრავს ფორტეპიანოზე, გატაცებულია საბრძოლო ხელოვნებითა და პროგრამირებით.

მაიკლ ფელპსი ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ჯილდოების რაოდენობით აბსოლუტური რეკოდსმენია - 28 ჯილდო.

33 წლის ამერიკელმა მოცურავემ სპორტული კარიერა 2016 წელს, რიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები