Thumbnail
  • მოსკოვის ლოკომოტივმა მსოფლიოს ექს-ჩემპიონი გერმანელი შეიძინა
  • რუსულ კლუბს ბენედიქტ ჰიოვედესი 5 მილიონი ევრო დაუჯდა

ტურინის იუვენტუსიდან შალკეში დაბრუნებული ბენედიქტ ჰიოვედესის მომავალი გაირკვა - 30 წლის ცენტრალური მცველი, რომელმაც 2014 წელს გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, მოსკოვის ლოკომოტივში ითამაშებს. “კიკერის” ინფორმაციით, რუსულმა კლუბმა შალკეს 5 მილიონი ევრო გადაუხადა.

ჰიოვედესი ლოკომოტივში 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

ამრიგად, შალკემ დაზოგა ხელფასი, რომელიც ჰიოვედესისთვის 2020 წლამდე უნდა ეხადა (8 მილიონი ევრო). ცენტრალურ მცველს ლოკომოტივში ჯეფერსონ ფარფანის სახით ყოფილი თანაგუნდელი დახვდება, რომელთან ერთადაც შალკეში 2008-დან 2015 წლამდე თამაშობდა. ჰიოვედესი ლოკომოტივში საქართველის ნაკრების მცველის, საბა კვერკველიას ახალი მეწყვილე იქნება - გერმანელმა მოსკოველებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ბენედიქტ ჰიოვედესი გასულ სეზონში იუვენტუსში იყო განათხოვრებული, შალკეში დაბრუნების შემდეგ კი, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ ყოფილ კაპიტანს აცნობა, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ვერ მისცემდა. ჰიოვედესს ბუნდესლიგაში ჯამში 240 მატჩი აქვს ჩატარებული (12 გოლი).

კომენტარები

ბოლო ამბები