Thumbnail
  • ბაიერნის გენერალური დირექტორის თქმით, რობერტ ლევანდოვსკი არ იყიდება
  • იმავეს ამტკიცებს რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი
  • არადა, პოლონელ ბომბარდირს მადრიდის რეალთან აკავშირებდნენ

მიუნხენის ბაიერნის გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ გავრცელებული ხმების მიუხედავად, კლუბი რობერტ ლევანდოვსკის მაინც არ გაყიდის, ძალიან სარფიანი წინადადება ტოპ-კლასის კლუბისგანაც რომ მიიღოს.

"რობერტ ლევანდოვსკისთან დაკავშირებთ, გვსურს, ადამიანებს კლუბის შიგნითაც და მის გარეთაც ვითარება ნათლად ავუხსნათ. ეს კარი დახურულია. არ ვაპირებთ ჩვენი დამოკიდებულების შეცვლას იმ შემთხვევაშიც კი, თუ საუბარი ძალიან დიდ თანხაზე იქნება.

კლუბში კმაყოფილი ვართ რობერტის თამაშით და მასთან განშორების სურვილი არ გვაქვს, თუნდაც 100 ან 150 მილიონი ევრო შემოგვთავაზონ. ის რჩება ბაიერნში", - აქვეყნებს რუმენიგეს ნათქვამს TZ.

ბაიერნის შეფს პოლონელში 150 მილიონი ევროც ეცოტავება

მანამდე პოლონელ ფეხბურთელს მადრიდის რეალს, ლონდონის ჩელსის, მანჩესტერ იუნაიტედსა და პარი სენ-ჟერმენს უკავშირებდნენ. იწერებოდა, რომ თავად ლევანდოვსკის "სამეფო კლუბში" გადაბარგების პერსპექტივა ხიბლავდა.

მაგრამ კლუბიდან პოლონელი თავდამსხმელის წასვლის შესახებ გავრცელებული ხმები გუნდის თავკაცმა ნიკო კოვაჩმაც უარყო:.

"ლევანდოვსკი უმაღლესი დონის თავდამსხმელია და მისი გაყიდვა არ გვინდა. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ სეზონში მისი შედეგიანობა კვლავაც მაღალი იქნება. რობერტს გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს, ამიტომ ის გააგრძელებს მისი ღირსების დაცვას", - აქვეყნებს მწვრთნელის ნათქვამს abendzeitung-muenchen.de.

ნიკო კოვაჩი ბაიერნს ახალი სეზონისთვის ამზადებს

ლევანდოვსკი ბაიერნის ღირსებას 2014 წლიდან იცავს, სადაც დორტმუნდიდან გადავიდა. პოლონელს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

29 წლის ფორვარდმა გერმანიის ბუნდესლიგის გასულ სეზონში 30 მატჩში 29 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები