Thumbnail
  • რეალმა კრიშტიანო რონალდოს წასვლის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა
  • მადრიდელები მანჩესტერ იუნაიტედთან დამარცხდნენ
  • ალექსის სანჩესი მანკუნიანელთა იმედების გამართლებას იწყებს?
  • ტოტენჰემმა მილანი დაამარცხა, რომამ - ბარსელონა

მადრიდის რეალმა ახალი ერა კრიშტიანო რონალდოს გარეშე წაგებით დაიწყო. საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფარგლებში, რომელი აშშ-ში მიმდინარეობს, “სამეფო კლუბმა” პირველი მატჩი მაიამიში, 64 000 მაყურებლის თვალწინ, მანჩესტერ იუნაიტედთან გამართა და 1:2 დამარცხდა. ეს იყო რეალის პირველი თამაში ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, პირველი შეხვედრა რონალდოს გარეშე და ახალ მწვრთნელ ხულიენ ლოპეტეგისთან ერთად.

ალექსის სანჩესი საუკეთესო იყო

რა თქმა უნდა, ორივე გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა. რეალის რიგებში ვარსკვლავებიდან მხოლოდ ბეილი და ბენზემა ვიხილეთ, ისკომ, ასენსიომ და კროოსმა კი შეცვლაზე ითამაშეს. იუნაიტედის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ალექსის სანჩესი, მატა, ერერა, დარმიანი და დე ხეა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ ალექსის სანჩესი გახლდათ, რომელსაც მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის შემდეგ ბევრს აკრიტიკებდნენ. ჩილელმა ჯერ თვითონ გახსნა ანგარიში, მერე კი ერერას გაატანინა და ზოგადადაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებ ადატოვა, რაც მანჩესტერელ ქომაგებს აფიქრებინებს, რომ ის იმედების გამართლებას იწყებას. რეალმა პირველი ტაიმის მიწურულს ერთი ბურთი გაქვითა (ბენზემას გოლი), მაგრამ მეორე ტაიმში მადრიდელებმა ვეღარაფერი გააწყვეს.

რომამ ბარსელონას ისევ მოუგო

გამთეენისას საერთაშორისო ჩეპიონთა თასის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ტოტენჰემმა ჟორჟ-კევინ ნ’კუდუს (ბოლოს ბარნლიში გახლდათ განათხოვრებული) გოლით მილანის დამარცხება შეძლო (1:0), რომამ და ბარსელონამ კი უხვგოლიანი მატჩი გამართეს, რომელიც იტალიური კლუბის გამარჯვებით (4:2) დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ბარსამ ისევ მთავარი სუპერვარსკვლავების გარეშე ითამაშა. სამაგიეროდ, კატალონიელთა რიგებში კვლავ გამოიჩინა თავი ახალწვეულმა მალკომმა, რომელიც, თუ ტესტ-მატჩებით ვიმსჯელებთ, ბარსასთვის საკმაოდ კარგი შენაძენი ჩანს. რომამ თითქმის პირველი შემადგენლობით ითამაშა, ძირითადში იყო ახალწვეული ჯასტინ კლუივერტი, გოლები კი ელ შაარავიმ, ფლორენციმ, კრისტანტემ და პეროტიმ (პენალტით) გაიტანეს.

კომენტარები

ბოლო ამბები