Thumbnail
  • ალისონი ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა
  • ვინ არიან ყველაზე ძვირფასი მოთამაშეები სხვა პოზიციებზე?
  • უძვირფასესი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები

ალისონის ტრანსფერით ლივერპულმა რეკორდი დაამყარა - ბრაზილიელი კიპერი ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა. მან ლეგენდარული იტალიელის, ჯანლუიჯი ბუფონის ძველი რეკორდი მოხსნა.

ყველამ იცის, რომ ფეხბურთელი, რომელშიც ყველაზე დიდი თანხა გადაიხადეს, ნეიმარია. შარშან პარი სენ-ჟერმენმა ბარსელონას ბრაზილიელის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო გადაურიცხა. მაგრამ ვინ არიან ყველაზე ძვირფასები სხვა პოზიციებზე? წარმოგიდგენთ სიმბოლურ ნაკრებს, რომლის საერთო ღირებულება 1,53 მილიარდი ევროა.

1. ალისონი - 62,5 მილიონი

ბრაზილიელი მეკარე, რომელიც რომადან ლივერპულში გადავიდა და რომლის შეძენაც მერსისაიდელებს უკვე 62,5 მილიონი ევრო დაუჯდათ, უდავოდ ბრწყინვალე კიპერია. იტალიური და ინგლისური კლუბების შეთანხმებაში ჩადებულია პუნქტები, რომელთა მიხედვითაც, ალისონის ფასი, შესაძლოა, 75 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.

2. კაილ უოკერი - 52,7 მილიონი

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მარჯვენა მცველი კაილ უოკერია, რომელიც 2017 წელს, მანჩესტერ სიტიმ ტოტენჰემიდან 52,7 მილიონ ევროდ შეიძინა. 28 წლის ინგლისელი იმედებს ნამდვილად ამართლებს და ინგლისის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელიცაა, მაგრამ ბევრს მასში გადახდილი თანხა მაინც დღემდე ებევრება.

კაილ უოკერი

3. ბენჟამენ მენდი - 57,5 მილიონი

ისევ მანჩესტერ სიტი… ეს არის გუნდი, რომელსაც ბევრი ფული აქვს და არც ენანება. ფრანგი ბენჟამენ მენდი სწორედ სიტის დამსახურებით გახდა პლანეტის ყველაზე ძვირფასი მარცხენა მცველი. მანჩესტერელებმა მონაკოს 57,5 მილიონი ევრო გადაუხადეს. მენდი არც რობერტო კარლოსია, არც მარსელო და არც პაოლო მალდინი, მაგრამ…

4. ვირჯილ ვან დაიკი - 84.5 მილიონი

მსოფლიოს უძვირფასესი ცენტრალური მცველიც ინგლისში თამაშობს. ეს გახლავთ 27 წლის ჰოლანდიელი ვირჯილ ვან დაიკი, რომლის სანაცვლოდ ლივერპულმა საუთჰემპტონს, ყველასათვის მოულოდნელად, 84,5 მილიონი გადაუხადა. ამ ფაქტმა ბევრი გააკვირვა, რადგან ვან დაიკს მსოფლიოში საუკეთესო მცველად ცოტა თუ მიიჩნევდა.

ვირჯილ ვან დაიკი

5. ემერიკ ლაპორტი - 65 მილიონი

რა თქმა უნდა, ისევ მანჩესტერ სიტი… ემერიკ ლაპორტი ცენტრალური მცველია, რომელშიც მანჩესტერელებმა ბილბაოს ატლეტიკს 65 მილიონი ევრო გადაუხადეს. ის 24 წლისაა და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

6. პოლ პოგბა - 105 მილიონი

ტურინის იუვენტუსმა პოლ პოგბა თავის დროზე (2012), მანჩესტერ იუნაიტედიდან “კაპიკეპში” იყიდა, 4 წლის შემდეგ კი, იმავე იუნაიტედს 105 მილიონ ევროდ დაუბრუნა. ფრანგმა ტურინულ გრანდში 124 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. იუნაიტედში დაბრუნების შემდეგ მისი კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც მანკუნიანელები ისურვებდნენ, თუმცა ფრანგი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ ნახევარმცველად რჩება, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზეც დაამტკიცა. ამბობენ, დიდი შანსია, 25 წლის პოგბა ტურინში დაბრუნდესო…

7. კრიშტიანო რონალდო - 117 მილიონი

ძალიან რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ კრიშტიანო რონალდო მადრიდის რეალს დატოვებდა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ყველასათვის მოულოდნელად, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ტურინის იუვენტუსში გადავიდა და ეს ამ ზაფხულის უმთავრესი ტრანსფერია. იტალიურმა გრანდმა 33 წლის სუპერვარსკვლავში 117 მილიონი ევრო გადაიხადა.

გამოკითხვა

ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?

  • კრიშტიანო რონალდო
  • მაურო იკარდი
  • ჩირო იმობილე
  • ედინ ჯეკო
  • დრის მერტენსი
  • ანდრეა ბელოტი
  • პაულო დიბალა
  • სხვა ფეხბურთელი

8. ფილიპე კოუტინიო - 125 მილიონი

ეს კი ბარსელონას სარეკორდო ტრანსფერია, რომელიც ზამთარში განხორციელდა. კატალონიელებმა ლივერპულს ბრაზილიელში 125 მილიონი ევრო გადაუხადეს. კოუტინიო 26 წლისაა და მუნდიალზეც შესანიშნავად, ყოველ შემთხვევაში, ბევრის აზრით, ნეიმარზე უკეთ ითამაშა. ვნახოთ, როგორ დაიწყებს სეზონს ბარსაში.

9. კილიან მბაპე - 135 მილიონი

მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს - კილიან მბაპე ლოგიკურად რონალდოს და მესის დონის სუპერვარსკვლავი უნდა გახდეს. პარი სენ-ჟერმენს მისი ტრანსფერი მონაკოდან 135 მილიონი ევრო დაუჯდა.

კილიან მბაპე მსოფლიო თასით

10. ნეიმარი - 222 მილიონი

ნეიმარი ყველა დროის ყველაზე ძვირფასი მოთამაშეა. მისი ტრანსფერი შარშან განხორციელდა და ალბათ ყველაზე ხმაურიანიც იყო. არ წყდებოდა სპეკულაციები იმის შესახებ, რომ ნეიმარი პსჟ-ს მალევე დატოვებდა და რეალში გადავიდოდა, მაგრამ წელს ეს უკვე გამორიცხულია. ბრაზილიელმა თვითონვე დაადასტურა, რომ პარიზში რჩება.

11. გარეთ ბეილი - 101 მილიონი

ეს ამ სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე ძველი ტრანსფერია - 2013 წელს რეალმა ტოტენჰემს უელსელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 101 მილიონი ევრო გადაუხადა.

მსოფლიოში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელების სიმბილური ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები