Thumbnail

‘აი, რატომ გადავედი ლეიკერსში’ - ლებრონ ჯეიმსმა ტრანსფერის მიზეზებზე ისაუბრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლებრონ ჯეიმსის კლივლენდიდან წასვლა მოსალოდნელი იყო
  • “მეფემ” პირველად ახსნა, რატომ შეაჩერა არჩევანი ლეიკერსზე

NBA-ს სეზონის დასრულების შემდეგ მთელი საკალათბურთო სამყარო ლებრონ ჯეიმსის კლივლენდ წასვლაზე ლაპარაკობდა - ცხადი იყო, რომ “მეფე” კავალიერსს დატოვებდა. ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ, ლებრონმა არჩევანი ლოს ანჯელეს ლეიკერსზე შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ ლეიკერსი მიიჩნეოდა ისეთ კლუბად, სადაც 33 წლის სუპერვარსკვლავი შეიძლებოდა გადასულიყო, მისი ნაბიჯი ბოლოს მაინც საკმაოდ ბევრს გაუკვირდა. პირველ რიგში იმის გამო, რომ ლიუკ უოლტონის გუნდი NBA-ს ფავორიტად არ მიიჩნევა.

ლებრონმა ახალი სკოლა გახსნა, რის შემდეგაც ESPN-თან დეტალურად ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ შეაჩერა არჩევანი ლეიკერსზე. ჯეიმსმა ისიც აღნიშნა, რომ სხვა კლუბებზეც ფიქრობდა.

რეალური იყო ფილადელფიაში გადასვლის ვარიანტიც, რადგან ბენ სიმონსთან და ჯოელ ემბიიდთან ერთად თამაშის პერსპექტივაც ძალიან მხიბლავდა!

“ძალიან დიდხანს ვიფიქრე. სიმართლე გითხრათ, რეალური იყო ფილადელფიაში გადასვლის ვარიანტიც, რადგან ბენ სიმონსთან და ჯოელ ემბიიდთან ერთად თამაშის პერსპექტივაც ძალიან მხიბლავდა. ასევე სერიოზულად ვფიქრობდი ჰიუსტონ როკეტსში გადასვლაზე, სადაც ჯეიმს ჰარდენი და კრის პოლი დამხვდებოდნენ,” - განაცხადა 33 წლის ლებრონმა, - “თუმცა სუპერგუნდში გადასვლა ზედმეტად მარტივი ნაბიჯი იქნებოდა. მე მიყვარს გამოწვევები, მომწონს, როცა გუნდს პროგრესში ვეხმარები. მიყვარს, როცა გადავდივარ გუნდში, რომელმაც ტიტული ბოლოს დიდი ხნის წინ მოიგო.”

ლეიკერსში ლებრონი ერთადერთი ოლ სტარი იქნება. იყო საუბრები იმის შესახებაც, რომ ლეიკერსში კავაი ლეონარდიც უნდა გადასულიყო. “ვფიქრობ, ლეიკერსის გენერალურმა მენეჯერმა რობ პელინკამ და მეჯიქ ჯონსონმა ძალიან მაგრად იმუშავეს. ვგრძნობ, რომ მათ იციან, რა არის საუკეთესო ამ გუნდისთვის,” - დასძინა ჯეიმსმა.

სპეკულაციების თანახმად, ლეიკერსს ოკლაჰომას ვარსკვლავ პოლ ჯორჯსაც უკავშირებდნენ. ლებრონს მასთან არ უსაუბრია: “პოლმა გააკეთა ის, რაც მისთვის საუკეთესოა. საერთოდ, ყოველთვის ისე უნდა მოიქცე, როგორც საჭიროდ მიიჩნევ და როგორც შენთვის და შენი ოჯახისთვის იქნება კარგი. ისიც სწორედ ასე მოიქცა,” - ამბობს ლებრონი.

ლეიკერსში ლებრონს რთულ შემადგენლობასთან ერთად მოუწევს თამაში. ლენს სტივენსონი მის მტრად მიიჩნევა. ადვილი ხასიათი არც ჯავეილ მაკგის, მაიკლ ბიზლისა და რაჟონ რონდოს აქვთ, მაგრამ ლებრონისთვის ეს ფაქტი პრობლემას არ წარმოადგენს: “ეს ბიჭები დღე და ღამე მხოლოდ კალათბურთზე ფიქრობენ. მათ უყვართ კალათბურთის თამაში და სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია,” - აცხადებს “მეფე”.

კომენტარები

ბოლო ამბები