Thumbnail

'მთავარია, ჩვენ რა გვინდა!' - ნიკო კოვაჩმა ლევანდოვსკის განაჩენი გამოუტანა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რობერტ ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლა სურს
  • პოლონელი ბაიერნის მწვრთნელთან შეხვედრას აპირებს
  • ნიკო კოვაჩმა ამ თემაზე უკვე ისაუბრა

ყველამ იცის, რომ რობერტ ლევანდოვსკის მიუნხენის ბაიერნიდან წასვლა სურს. პოლონელმა თავდამსხმელმა ამის შესახებ თვითონვე არაერთხელ ისაუბრა. ორიოდე დღის წინ, გერმანული პრესა წერდა, რომ ლევანდოვსკი ბაიერნის ახალ მწვრთნელ ნიკო კოვაჩთან შეხვედრას აპირებს და უნდა, სთხოვოს, კლუბის ხელმძღვანელები დაარწმუნოს, რომ წასვლის სურვილის მქონე ფეხბურთელის კლუბში ძალით დატოვებას აზრი არ აქვს. თუმცა, როგორც მოსალოდნელიც იყო, კოვაჩი ბავარიული გრანდის შეფების წინააღმდეგ წასვლას არ აპირებს.

“ყველაფერი ცხადი და ნათელია - ის ჩვენს გუნდს არ დატოვებს!” - განაცხადა კოვაჩმა Sky Sport-თან ინტერვიუში. გერმანული პრესა ლევანდოვსკის ბედს მადრიდის რეალსა და მანჩესტერ იუნაიტედს უკავშირებს.

“ყველას აქვს უფლება, რომ თავისი სურვილები გააჟღეროს. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ რობერტი შეიძლება სხვა კლუბში გადასვლაზე ფიქრობდეს, მაგრამ ერთია, რა უნდა მას და  მეორე - რა გვსურს ჩვენ,” - დასძინა რეკორდმაისტერის 46 წლის დამრიგებელმა.

29 წლის რობერტ ლევანდოვსკის ბაიერნთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული და კოვაჩი ამბობს, რომ პოლონელი თავდამსხმელი ამ კონტრაქტს შეასრულებს.

კომენტარები

ბოლო ამბები