Thumbnail
  • ქართველმა ძიუდოისტმა ზაგრების გრან პრიზე გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა
  • თუშიშვილი ბაქოში ამ შემოდგომით გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას გეგმავს

გურამ თუშიშვილმა ზაგრების გრან პრიზე გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც განაცხადა, რომ ახლა მისი მთავარი მიზანი მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებაა.

ზაგრების გრან პრის ბოლო საშეჯიბრო დღის გმირი ქართველი მძიმეწონოსანი გახდა, რომელმაც მეტოქეებს შანსი არ მისცა და ყველა შეხვედრა, ერთის გარდა, იპონით მოიგო. ფინალში გურამმა ისრაელის წარმომადგენელი ორ სასონი დააიპონა.
 
"დიდი მადლობა. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ამ გრან პრიზე ოქროს მედალი მოვიპოვე. ამ გამარჯვებისთვის ძალიან ბევრი ვივარჯიშე და განსაკუთრებულად მოვემზადე. ყველაფერი ბრწყინვალედ გამოვიდა, ვაჯობე ყველას და გახარებული ვარ ზაგრებში ჩემპიონობით.

ბაქოში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ოქროს მედალი მოვიპოვო", - თქვა ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში გამარჯვების შემდეგ.

ექსპერტთა ვარაუდით, დიდი შანსია, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშიც თუთიშვილი-სასონის წყვილი ვიხილოთ

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა ზაგრებში ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი გახდა, 100 კგ-ში კი ბრინჯაო ლაშა ტაველურმა მოიპოვა.

გურამ თუშიშვილი 2017 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. წელს მან ასევე გაიმარჯვა თბილისის გრან პრიზე, შარშან კი სანკტ პეტერბურგის მასტერსსა და ბაქოს გრან სლემზე.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი ძიუდოში ბაქოში 20-27 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები