Thumbnail

ნეიმარის გულახდილი აღიარება: ‘ქვები აღარ მესროლოთ, წამოდგომაში დამეხმარეთ!’

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მსოფლიოს ჩემპიონატზე ნეიმარის იმიჯი აშკარად შეილახა
  • ბრაზილიელს სიმულაციების გამო მთელმა მსოფლიომ დასცინა
  • სელესაოს და პსჟ-ს ვარსკვლავმა ამ თემაზე პირველად ისაუბრა

მსოფლიოს ჩემპიონატი ნეიმარს აშკარად სხვანაირად წარმოედგინა. რუსეთში გამართული მუნდიალი მისთვის არა მარტო სპორტული თვალსაზრისით გამოდგა წარუმატებელი, არამედ იმიჯის თვალსაზრისითაც. არაერთი სიმულაციის გამო მას მთელმა საფეხბურთო მსოფლიომ დასცინა, რაზეც ადრე დეტალურად ვწერდით. ახლა ბრაზილიელმა პირველად ისაუბრა ამ თემაზე და აღიარა, რომ ხანდახან (ხანდახან?) მართლაც აჭარბებს ხოლმე.

“დიახ, ხანდახან მართლაც ვაჭარბებ ხოლმე, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ მოედანზე ხშირად ვიტანჯები,” - განაცხადა ნეიმარმა ერთ-ერთი სპონსორის ვიდეოში, რომელიც ბრაზილიურ ტელეარხებზე კვირას გავრცელდა.

ნეიმარი: 'უკვე შევიცვალე. ახალი ადამიანი გავხდი. მსოფლიოს ჩემპიონატზე აშკარად დავეცი!'

“საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა იმისათვის, რომ კრიტიკა მიმეღო. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ვიღებ და ვიზიარებ კრიტიკას. თამამად ვიტყვი იმასაც, რომ უკვე შევიცვალე. ახალი ადამიანი გავხდი. მსოფლიოს ჩემპიონატზე აშკარად დავეცი, მაგრამ ადამიანი ხანდახან უნდა დაეცეს იმისათვის, რომ მერე წამოდგეს, შეცდომებზე ისწავლოს და მომავალში აღარ დაეცეს. გულშემატკივრებს ვთხოვ, ისევ მხარი დამიჭირონ. თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, რომ ისევ ქვები მესროლოთ, მაგრამ ისიც შეგიძლიათ, რომ ქვები გადაყაროთ და წამოდგომაში დამეხმაროთ,” - დასძინა ბრაზილიის ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის სუპერვარსკვლავმა.

ნეიმარი შეეცადა, აეხსნა, რატომ სიმულანტობდა ხშირად: “წაგება ძალიან არ მიყვარს. ამით ახალს არაფერს ვამბობ, რადგან წაგება არავის უყვარს, მაგრამ მე მართლაც ძალიან არ მიყვარს. პირველად ვიყავი ფრუსტრირებული და პირველად გავუცრუე იმედები პუბლიკას. ახლა ვიბრძვი იმისათვის, რომ ეს გამოცდილება კარგად გამოვიყენო,” - თქვა მან.

შეგახსენებთ, ნეიმარმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ პსჟ-დან წასვლას არ აპირებს. ევროპული მედია მას მადრიდის რეალში გადასვლას უწინასწარმეტყველებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები