Thumbnail

ბასილაშვილის რეკორდები - პირველი ტიტული, რეიტინგი, ჰონორარი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
ბასილაშვილის ისტორიული ტრიუმფი ჰამბურგში

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 29 ივლისს ჰამბურგში გერმანიის ღია პირველობაზე გამარჯვებით ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ახალი გვერდი დაწერა - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 26 წლის ჩოგბურთელი პირველია, ვინც ATP ტურის ტურნირი მოიგო. ამის გაკეთება ვერ შეძლო ვერც ირაკლი ლაბაძემ, რომელმაც კარიერაში სამჯერ ითამაშა ATP ტურის შეჯიბრების ფინალში, მაგრამ სამჯერვე დამარცხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილისთვისაც ეს მესამე ფინალი იყო (2016 - კიცბიუჰელი, 2017 მემფისი), მაგრამ ამჯერად, ნავსი გატყდა, თანაც საკმაოდ პრესტიჟულ "500-იან" ტურნირში.

ბედნიერი და ძალიან დაღლილი ვარ

"დღეს თანაბარი, ძალზე დაძაბული შეხვედრა იყო. ვფიქრობ, ჭკვიანურად ვითამაშე და ის მცირე შანსი, რაც მქონდა 100%-ით გამოვიყენე. საბედნიეროდ, შევძელი ემოციების გაკონტროლება და გამარჯვება ბოლომდე მივიყვანე. ახლა კი ბედნიერი და დაღლილი ვარ, ცოტა დასვენება მჭირდება, რომ ავსტრიული ტურნირისთვის მზად ვიყო. ორი თვეა, რაც ახალი მწვრთნელი მყავს და უკვე ვატყობ პროგრესს, რამდენიმე თამაში ძალიან კარგად ვითამაშე.

აქ მოგება არ იყო იოლი, ეს გამარჯვება კი დამეხმარება, რომ უფრო თავდაჯერებული ვიყო კორტზე. იმედია, ჩემი გამარჯვება საქართველოში ჩოგბურთის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის ღია პირველობის პირველი ქართველი გამარჯვებული ვარ", - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაჯილდოვების ცერემონიალზე. 

500 ქულა და ნახტომი რეიტინგში

ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერის პირველი დიდი ტიტულით

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგში გამარჯვებისთვის 500 სარეიტინგო ქულა მიიღო. ეს 500 ქულა მას რეიტინგში დაახლოებით 46-ადგილიანი ნახტომის საშუალებას მისცემს და დღეს მსოფლიოს 35-ე ჩოგანი გახდება 1215 ქულით. ეს კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვაჟთა შორის უდიდესი მიღწევაა. აქამდე რეკორდი ირაკლი ლაბაძის 42-ე ადგილი იყო. ეს იყო 2004 წლის ივლისში და აი, 14 წლის შემდეგ ბასილაშვილმა რეკორდი გააუმჯობესა. 

სხვათა შორის, ბასილაშვილი ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი ჩოგბურთელია, ვინც 500-იანი ტურნირი საკვალიფიკაციო ბადიდან მოიგო. ბოლოს ასეთი გმირობა გერმანელმა ფილიპ პეცშნერმა შეძლო ვენაში. 

კლავ რეკორდები

500 ქულასთან ერთად ნიკოლოზ ბასილაშვილმა 352 ათასი ევრო (საკვალიფიკაციოს ჩათვლით) მიიღო. ბუნებრივია, ეს ყველაზე დიდი ჰონორარია, რაც ქართველ ჩოგბურთელს (ვაჟებში და ქალებშიც) ერთი ტურნირისთვის მიუღია. 2008 წლიდან მოყოლებული, რაც იგი პროფესიონალი გახდა, ბასილაშვილმა ჯამში $ 1 911 975 მოიგო. აქ არ არის გათვალისწინებული ჰამბურგის ჰონორარი. ასე რომ, ნიკა პირველი ქართველია, ვინც საპრიზო თანხებით 2 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 

კომენტარები

ბოლო ამბები