Thumbnail

ბასილაშვილის ისტორიული ტრიუმფი ჰამბურგში - ნიკამ გერმანიის ღია პირველობა მოიგო!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილის ისტორიული ტრიუმფი ჰამბურგში
  • ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანიის ღია პირველობა მოიგო
  • ნიკამ ATP ტურნირზე კარიერაში პირველად გაიმარჯვა
  • ბასილაშვილმა 350 000 ევრო გამოიმუშავა და სავარაუდოდ 35-ე ჩოგანი გახდება

ისტორიული დღე ქართული ჩოგბურთისთვის - ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ღია პირველობის სახით, კარიერაში პირველი ATP ტიტული მოიპოვა! 26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ჰამბურგის ფინალში არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა - 6:4, 0:6, 7:5! მაიერს ეს ტურნირი ორჯერ აქვს მოგებული და ბასილაშვილის ტრიუმფამდე მოქმედი გამარჯვებული იყო.

"უბრალოდ დაუჯერებელია! ეს გამარჯვება სამომავლოდ დიდი მოტივაციას მაძლევს და თავდაჯერებას შემმატებს," - განაცხადა ბასილაშვილმა ფინალის შემდეგ.

ჯერ 6:4, მერე 0:6

პირველი სეტი ნიკას უპირატესობით წარიმართა. ჩოგბურთელებმა თითო გეიმი გაცვალეს, რის შემდეგაც ბასილაშვილმა იარის მოწოდების მოგება შეძლო! ამ მნიშვნელოვანი გეიმის მოგების შემდეგ, ქართველმა სეტი უპრობლემოდ მიიყვანა გამარჯვებამდე - 6:4.

მეორე სეტი არგენტინელმა უკეთესად დაიწყო. ლეონარდო მაიერმა ბასილაშვილის პირველივე მოწოდება მოიგო და 2:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ, გერმანიის ღია პირველობის შარშანდელი გამარჯვებულის უპირატესობა აშკარა გახდა: მაიერმა თავისი მოწოდებაც მოიგო, მერე კი ბასილაშვილს მეორე ბრეიკი აუღო და ანგარიში 4:0 გახდა. შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ნიკა იმავე ტაქტიკით თამაშობდა, როგორც ნახევარფინალში შეძლო გამარჯვება. ფაქტია, რომ არგენტინელმა მეორე სეტი აბსოლუტურად უპრობლემოდ მოიგო - 6:0.

უმძაფრესი მესამე სეტი

როგორც მოსალოდნელი იყო, მესამე და გადამწყვეტი სეტი ბასილაშვილმა გაცილებით უკეთესად, მაქსიმალური კონცენტრაციით დაიწყო. ნიკამ განსაკუთრებით კარგად მესამე გეიმში ითამაშა, რომლითაც ანგარიში 2:2 გახდა. ამის შემდეგ მაიერმა თავისი მოწოდება მოიგო, მაგრამ ბასილაშვილმა თავის მოწოდებაზე უფრო თავდაჯერებულად ითამაშა და 40:0 მოიგო - ანგარიში 3:3 გახდა. ქართველი ჩოგბურთელი ფსიქოლოგიურად უკეთეს მდგომარეობაში იყო, მაგრამ მაიერმა მაინც შეძლო თავისი მოწოდების მოგება (4:3), მაგრამ ბასილაშვილმა ზედიზედ მეორე გეიმი მოიგო მშრალი ანგარიშით (40:0) და გადამწყვეტ სეტშო ანგარიში ისევ გაათანაბრა (4:4).

მე-9 გეიმის მოგება არგენტინელს გაუჭირდა, მაგრამ მაინც მოიგო და ანგარიში 5:4 გახდა. თავის მოწოდებაზე, ნიკამ 30:0-ის დროს მე-7 ორმაგი შეცდომა დაუშვა, თუმცა მომდევნო მოწოდებაზე პრობლემა აღარ ჰქონია და ორმაგი გეიმ-ბოლი მიიღო, პირველივე გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა - 5:5.

მე-11 გეიმში ბასილაშვილს ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მეორე გამოიყენა და უმნიშვნელოვანესი გეიმი მოიგო! ამის შემდეგ, თავისი მოწოდება, ფაქტობრივად, უპრობლემოდ მიიყვანა გამარჯვებამდე, პირველივე მატჩ-პოინტი გამოიყენა და გერმანიის ღია პირველობა მოიგო!

ნიკოლოზ ბასილაშვილის ჩემპიონშიპ-პოინტი

350 000 ევრო და 35-ე ჩოგანი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს ტურნირების ფინალში აქამდე ორჯერ იყო და ორივე წაგებული ჰქონდა (2016 კიცბიუჰელი, 2017 მემფისი). ამ ისტორიული გამარჯვებით, ბასილაშვილი სავარაუდოდ 35-ე ჩოგანი გახდება, რითაც ირაკლი ლაბაძის რეკორდს ამხობს (საუკეთესო შედეგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, კაცებში). ნიკამ ჰამბურგის ტურნირზე 350 000 ევრო გამოიმუშავა!

ვიდეო: ფინალის საუკეთესო მომენტები

კომენტარები

ბოლო ამბები